Facebook Twitter

საქმე №ბს-564-561(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „…“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს.ს „…“ 2015 წლის 15 ივნისს სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხაზობრივ ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე მოპასუხისათვის თანხმობის გაცემის დავალება მოითოხვა.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება სს „…“ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანხმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, ასევე ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის აგრეთვე ხაზოვანი ნაგებობა, ხოლო, ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგამბულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების მე-3 მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა - საკომუნიკაციო ნაგებობა არის საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი. კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სამსახური.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „…“ №... ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებული ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების თანხმობის გაცემა. ქ. თბილისი საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერს №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობების განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურეობის/დაჩქარებული მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი; დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. კასატორი მიუთითებს, რომ სს „...“ №... ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და დაინტერესებაში არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა.

კასატორი მიუთითებს, რომ განიხილა სს „…“ ელექტრონული განცხადება თანდართული დოკუმენტებით და 2015 წლის 16 ივნისს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ელექტრონული ვერსიისა და სხვა დოკუმენტაციის მიხედვით დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს დაპროექტებული გაზსადენის საწყის აღებულ, ქსელის მოწყობამდე არსებულ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის გაზშემყვან ტრასას. ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, ქ. თბილისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს №19-75 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რადგან განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობა კვეთდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ასევე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ №… საკადასტრო კოდს, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა გაზსადენის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით აღნიშნული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების პოზიციის წარდგენა.

კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ თანახმად, ახალი ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში კი ხაზობრივი ნაგებობა უკვე განთავსებულია, ექსპლუატაციაშია შესული და ხდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. შესაბამისად, არც ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაა სადავო და არც მისი სს „…“ კუთვნილების ფაქტს ხდის სადავოდ მოპასუხე მხარე.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ თანხმობა უნდა განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაციაზე და ის პასუხს არ აგებს კერძო სამართლის სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაციაზე. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება;

3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 31.05.2017წ. №01495 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე