Facebook Twitter

საქმე # 330310014427438

# ბს-70-70 (კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

10.02.2014წ. ამხანაგობამ ... სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 31.12.2013წ. #1848 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის იძულებითი აუქციონის ჩატარების დავალება და აუქციონის საწყისი ფასის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.12.2013წ. N005607413 დასკვნის შესაბამისად განსაზღვრა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობამ ....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა ...-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 31.12.2013წ. #1848 ბრძანება და აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 18.7 მუხლისა და 47-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციური როლი და უფლებამოსილებათა ფარგლები აღსრულების პროცესში. სააღსრულებო ფურცლით დადგენილია საზიარო ქონების - 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყოფა აუქციონზე რეალიზაციის გზით. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომლის ბედი სასამართლოს გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით არ არის გადაწყვეტილი. სააღსრულებო ბიუროში მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ დასკვნა არ ასახავდა რეალობას, ვინაიდან დასკვნით შეფასებული იყო მიწის ნაკვეთის ღირებულება ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა. წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან შესაძლოა დადგეს უამრავი ფაქტობრივი გარემოება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუშლის საკითხის მოწესრიგებას. კერძოდ, მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად ახალი მესაკუთრე ავტომატურად გახდება საცხოვრებელი კორპუსის იმ ნაწილის მესაკუთრეც, რომელიც განთავსებულია სადავო მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეუძლებლობაზე და ამ მიმართებით აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არ დაუვალებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის იძულებითი აუქციონის ჩატარება. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ შეასრულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.2 მუხლით დადგენილი ვალდებულება, რომლის თანახმად ქონების შეფასებას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან მისი დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე არ ისარგებლა მისთვის ამავე კანონის 35.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით - სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების თაობაზე, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი, ხოლო მოთხოვნა მოპასუხისათვის იძულებითი აუქციონის ჩატარების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობა და აღნიშნულის გამო არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.01.2018წ. N00279 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი