საქმე Nბს-919-915(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც. მ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტი დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. მ-მა 2015 წლის 11 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1 აპრილის N563 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ც. მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, №3/3501-15 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 01.04.2015 წლის N563 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 03 მაისის N 3ბ/442-16 განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რომელშიც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია გამეორებული და არ არის გაცემული არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მოსაზრებებზე.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა საქმეში არსებული ყველა გარემოება, რომლებიც დაადასტურებდა ც. მ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების შესწავლის და საბოლოოდ, შეფასების შედეგად იქნა მიღებული. სასამართლოს მიერ საერთოდ არ ყოფილა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ საქმე ეხება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საკითხს, რომლის განხილვის დროს სამინისტროს მიერ მოძიებულ იქნა ყველა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულში მუდმივად მცხოვრებ პირს-დევნილს. ადმინისტრაციული წარმოების დროს სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძვლიანი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სასამართლო საერთოდ ვერ უთითებს დამატებით, კონკრეტულად, რა მტკიცებულება შეიძლებოდა მოეპოვებინა სამინისტროს, ან კიდევ რა გარემოების გამოკვლევა იყო საჭირო, რაც სამინისტროს არ განუხორცილებია.
კასატორი განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებაა და ამ უფლების განსახორციელებლად სამინისტრო ხელმძღვანელობს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება) ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ, 2013 წლის ოქტომბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ც. მ-მა პ/ნ 01017044022, რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 2009 წლის 27 მაისიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი, ... ქ. N4 ვინაიდან, სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ც. მ-ისთვის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლის 4 ოქტომბერს გაიგზავნა N05/01-14/47069 წერილი. 2013 წლის 25 ოქტომბერს მიღებულ N2-0955 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ც. მ-ი (პ/ნ ...) 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორში, ... ქ. N4-ში. ამასთანავე, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, 04.12.2013 წელს ც. მ-ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 16 მაისის N 826 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი.
ადმინისტრაციული საქმისწარმოების დასრულების შემდეგ მოსარჩელეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N 853 ბრძანებით ჩამოერთვა დევნილის სტატუსი, რაც მის მიერ არ გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადებში.
ც. მ-მა 2015 წლის 29 იანვარს სამინისტროს მიმართა N426/01 განცხადებით, რომლითაც იგი ითხოვდა დევნილის სტატუსის აღდგენას. მან წარადგინა ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის N780 დასკვნა, რომელიც უთითებს, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ცხოვრობდა დაბა ახალგორში.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ც. მ-ს საცხოვრებელ მისამართად ( სამოქალაქო რეესტრის ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით ) 2008 წლის ნოემბრის თვემდე უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, ... ქ. N 1. 2008 წლის 04 აპრილს აღებული აქვს პირადობის მოწმობა მითითებული მისამართით. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 25 ნოემბერს აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით: ახალგორი ... ქ. N4. შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, ც. მ-ისთვის 2008 წლის ომამდე საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. პირისათვის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. იმისათვის, რომ დადგინდეს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, გარდა დევნილის სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა, სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების ურთიერთშეჯერების შედეგად წყვეტს საკითხს. სწორედ ამ მიზნით მიმართა სამინისტრომ ახალგორის მუნიციპალიტეტს, რათა დაედგინა ც. მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სასამართლოს მითითება თითქოს სამინისტრომ გადაწყვეტილება საქმეზე შესაბამისი მოკვლევის გარეშე მიიღო, აბსურდული და არასწორია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხოლოდ და მხოლოდ კომისიის დასკვნა და მოწმის ახსნა-განმარტება, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული გარემოება სავსებით ბათილდება საქმეში არსებული სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებებით. კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის N 75976/01 წერილით, სადაც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ადასტურებს ც. მ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ახალგორში 2008 წლის აგვისტომდე.
კასატორი განმარტავს, რომ სამინისტრომ სწორად შეაფასა საქმის რეალური ვითარება და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღნიშნულ საქმეზე და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს 05.11.2014 წლის N219 ცნობის თანახმად, მოქალაქე ც. მ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ოქტომბრის N2-0955 წერილი, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ც. მ-ს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორში, ... ქ. N4-ში არ უცხოვრია.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა-შეფასების გზით უნდა დაედგინა და დამატებით გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, უნდა დადგინდეს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რისი განსაზღვრაც უნდა მოხდეს გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ც. მ-ის ცხოვრებას ქ. ახალგორში, ... ქუჩა N4-ში 2008 წლის აგვისტოს თვემდე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის სამინისტროს მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, რაც გამორიცხავს სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ც. მ-ი მუდმივი საცხოვრებლის დადგენის მიზნით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე