საქმე # 330310015001448087
საქმე Nბს-1025-1020(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე); თ. თ-ი, ი. თ-ი, ი. ა-ი (მესამე პირები)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ვ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 18 მაისს ი. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების (ოქმი №425, საკითხი N55) ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა ქ. თბილისში, ... დასახლება ...-ე კილომეტრ N2–ში არსებულ 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარება, ასევე მოითხოვა 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2015 წლის 02 აპრილის N10368 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. თ-ი, ხოლო 2015 წლის 9 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ასევე ჩაბმულ იქნენ ი. ა-ი და ი. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
(ოქმი №425, საკითხი N55) ქ. თბილისში, ... დასახლება ...-ე კილომეტრ N2–ში არსებულ 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული 2015 წლის 02 აპრილის N10368 საკუთრების მოწმობა და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, თ. თ-მა, ი. თ-მა და ი. ა-მა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორები - თ. თ-ი, ი. თ-ი და ი. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება არის უკანონო, სასამართლომ მიკერძოებულად გამოიტანა გადაწყვეტილება და არ გაითვალისწინა ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხები, რაც საქმის მსვლელობისას იქნა გამოკვეთილი, ასევე არ გაითვალისწინა ის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 09 დეკემბრის №425 ოქმის N29–ე საკითხის თანახმად, თ. თ-ის წარმომადგენელმა - თ. ა-მა 2014 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... დასახლება ...-ე კმ. №2-ში 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ოქმში დაფიქსირებული კომისიის წევრების მოსაზრებების მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ასევე ითხოვდა ი. ვ-ი (ოქმი N342). თ. თ-ის წარმომადგენლის – თ. ა-ის მიერ კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული განმარტების თანახმად, მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობას 1964 წლიდან ფლობდა თ. თ-ი, შენობა იყო თ. თ-ის მამის აშენებული, მიწის ნაკვეთი, სამოქალაქო რეესტრით აღრიცხული იყო თ. თ-ის სახელზე და ,,...“ ქვითრებიც მოდიოდა მის სახელზე. ი. ვ-ი იყო თ. თ-ის შვილის – ი. თ-ის მეუღლე და ცდილობდა მიწის ნაკვეთის დაკანონებას, ვინაიდან, ფაქტობრივი და იურიდიული მესაკუთრეები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ამდენად, კომისიის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა გადაიდო მისი უკეთ შესწავლის მიზნით. დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთს ადგილზე დაათვალიერებდა კომისიის მომსახურების აპარატი - შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აპარატის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ადგილზე დათვალიერდა ობიექტი, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე დგას შენობა–ნაგებობა, რომელიც მოქცეულია ერთიან ღობეში (მავთულბადე), ცხოვრობს ოჯახი, ასევე დგას დაუმთავრებელი შენობა–ნაგებობა. - გამომდინარე აქედან: კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით (№425 ოქმი, საკითხი 55) თ. თ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (... დასახლება ...-ე კმ, N2) 800 კვ.მ. მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი; საკუთრების უფლება ეღიარა თ. თ-ს; დადგინდა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
კასატორების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ სწორად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად, კერძოდ: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და თ. თ-ი 1964 წლის 12 ივნისიდან რესგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისში, ... დასახლება ... კმ. N2-ში; აღნიშნულ მისამართზე კომუნალური გადასახადები მიდის თ. თ-ის სახელზე, რითაც დგინდება მისი ამ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი, რაც ასევე დასტურდება სს თელასის 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თ. თ-ი არის ი. ვ-ის ყოფილი მეუღლის დედა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. მოგვიანებით საბერძნეთში წავიდა ჯერ თ. თ-ი, შემდეგ ი. ვ-ის მეუღლე - ი. თ-ი, თუმცა თ. თ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მფლობელობა არ შეწყვეტილა, მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი აღნიშნული გარემოების არსებობა უნდა დადგინდეს ზემოთ დასახელებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის. კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს უძრავი ქონების მართვას არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი შენარჩუნების გზით.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელე - ი. ვ-ი თავის უფლებას, როგორც მესაკუთრისა ასაბუთებდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნა დადასტურებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო რაც მისი გაუქმების საფუძველია.
კასატორებისათვის ასევე მიუღებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება სადავოდ გამხდარი ქონების თანასაკუთრებად ცნობაზე, ვინაიდან ი. ვ-ს საერთოდ არ გააჩნია არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მას მისცემდა უფლებას ყოფილიყო თ. თ-ის საკუთრებაში არსებული ბინის თანამესაკუთრე.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა როგორც მატერიალური ისე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, სააპელაციო პალატა თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს გასაჩივრებული აქტების სახეზე, როგოც აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებზე და მათ საფუძველზე განხორციელებულ იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებებზე, რომლებიც განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 აპრილს, თ. თ-მა გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 399.00 კვ.მ. ფართით და მასზედ არსებული შენობა–ნაგებობით N1, N2, მდებარე ქ. თბილისში, ... დასახლება ...–ე კმ. (საკადასტრო კოდით: ...). ხსენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ი. ა-ის საკუთრების უფლება. ამასთან, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2015 წლის 12 ივნისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება – 401.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული შენობა–ნაგებობა N1, მდებარე ქ. თბილისში, ... დასახლება ...–ე კმ. (საკადასტრო კოდით: ...), 2015 წლის 12 ივნისს დარეგისტრირდა ი. თ-ის სახელზე. ამდენად, სააპელაციო პალატას მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული საკითხი და შეეფასებინა ი. ვ-ის უფლების შესაძლო დარღვევისა და სადავო აქტის ბათილად ცნობით გამოწვეული ზიანის ურთიერთშეპირისპირება მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლებასთან მიმართებით და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია ზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. რაც შეეხება, საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევას კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმეN3ბ/1185-13), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. თ-ის სარჩელი (სადაც მესამე პირად ჩართული იყო ი. ვ-ი). ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 266-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: „გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი".
კასატორი - საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის N3ბ/1185-13 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და თ. თ-ი 1964 წლის 12 ივნისიდან რესგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისში, ... დასახლება, ... კმ. N2-ში; აღნიშნულ მისამართზე კომუნალური გადასახადები მიდის თ. თ-ის სახელზე, რითაც დგინდება მისი ამ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი, რაც ასევე დასტურდება სს „..." 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თ. თ-ი არის ი. ვ-ის ყოფილი მეუღლის დედა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. მოგვიანებით საბერძნეთში წავიდა ჯერ თ. თ-ი, შემდეგ ი. ვ-ის მეუღლე - ი. თ-ი.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, სადავო ქონების თავდაპირველად უშუალოდ თ. თ-ის მიერ მფლობელობა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად ი. ვ-მა და მიუთითა, რომ ქვეყნიდან წასვლით თ. თ-მა დაკარგა ყოველგვარი უფლება სადავო ქონებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატა სადავო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ი. ვ-ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რაც ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ თ. თ-მა სადავო ქონება მიატოვა და უარი თქვა მასთან დაკავშირებით არსებულ ყველა უფლება-მოვალეობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს უძრავი ქონების მართვას არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი შენარჩუნების გზით.
გარდა ამისა, კასატორი საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი მე-5 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად განიხილავს მოწმეთა ჩვენებას. ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, თუმცა კომისიას მიაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის განმარტებები, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, სააპელაციო პალატა ასაბუთებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული ვერ გამოდგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად, ის უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. თ-ის, ი. თ-ისა და ი. ა-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. თ-ის, ი. თ-ის და ი. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების ისანი - სამგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, თ. თ-ი დაიბადა 1948 წლის 4 სექტემბერს და 1964 წლის 12 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისში, ... დასახლება ... კმ. №2-ში; ი. თ-ი არის მისი ქალიშვილი, რომელიც რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე. ი. ვ-ი არის ი. თ-ის მეუღლე და ჰყავთ ორი საერთო შვილი - გ. ვ-ი, დაბადებული 1994 წლის 02 მაისს ქ. თბილისში, და დ. ვ-ი - დაბადებული 1999 წლის 05 ივნისს ქ. თბილისში. თ. თ-ი, ი. თ-ი და მისი ორი შვილი მუდმივად ცხოვრობენ საბერძნეთში. საქმეში წარმოდგენილია სს „...“ და ე. შ-ას შორის 2008 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, დაკვირვებაზე აყვანისა და ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, რომელშიც ი. ვ-ის დედის - ე. შ-ას ფაქტიურ მისამართად მითითებულია ... ქუჩის ...-ე კილომეტრი. ასევე დადგენილია, რომ ... ...-ე კილომეტრზე 19.05.2008 წლისათვის სს ,,...“ მიმართ ელექტროენერგიის დავალინება შეადგენს 2067 ლარსა და 48 თეთრს, ხოლო წყლის დავალიანება 50 ლარსა და 40 თეთრს. აბონენტად აღიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია თ. თ-ი, თუმცა კომუნალური გადასახადები აღნიშნულ მისამართზე გადახდილია ე. შ-ას მიერ.
საკასაციო პალატას მიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მითითებით და მათზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ქ. თბილისში, ... ქუჩის მიმდებარედ ... დასახლება ...–ე კმ. N2–ში ი. ვ-ისა და თ. თ-ის შესაძლო თანაცხოვრების ფაქტზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილი და გამოკვლეული არ ყოფილა, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის იმ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რომლებიც მიუთითებდნენ ი. ვ-ის მითითებულ მისამართზე ... ქუჩის მიმდებარედ ... დასახლება ...–ე კმ. N2–ში თანაცხოვრების ფაქტზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. განცხადების განხილვის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაადგინოს, მიეკუთვნება თუ არა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭიროა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინოს: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არის თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე არის თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იგი ემიჯნება თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში (ან მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, განცხადების განხილვის დროს ასევე უნდა გამოიკვლიოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე პირის დაინტერესება და ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სრულყოფილად გამოიკვლიოს თითოეული დაინტერესებული პირის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი გარემოება, თვითნებურად დაკავების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას და აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა გამოიკვლიოს თ. თ-ის საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეფასება მისცეს რამდენად დასტურდება მის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესით მოთხოვნილი ქონების უწყვეტად ფლობის ფაქტი და აღნიშნული გარემოებების შემოწმების შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს საკითხი საკუთრების უფლების აღიარების წესით მოთხოვნილი ქონების თ. თ-ისა და ი. ვ-ის თანასაკუთრებად აღიარების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. თ-ის, ი. თ-ისა და ი. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორებს - თ. თ-ს (პ/ნ ...), ი. თ-ს (პ/ნ ...) და ი. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 28.06.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით თ. ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე