Facebook Twitter

საქმე №330310016001244990

№ბს-765-761(კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ე-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 11 თებერვალს ზ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წელს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა სსიპ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახური. სამსახურის კომპეტენციად კანონმა განსაზღვრა პერსონალური მონაცემების ხელყოფის პრევენცია, ხელყოფის აღკვეთა და ხელმყოფის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის სანქციის შეფარდება.

მოსარჩელის მოსაზრებით, მისი, როგორც ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება უნებართვოდ ხორციელდებოდა 2 ათეული წლის მანძილზე, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არ არსებობის გამო, ვერ შეძლო ამ ფაქტის აღკვეთა. მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნით იმედი მიეცა, რომ შეძლებდა აღნიშნული მოქმედების აღკვეთას და ამ სფეროში საკუთარი უფლებების დაცვას. სამსახურის წარმომადგენელმა 2015 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელეს შეავსებინა განცხადების ფორმა, რომელშიც მისი რეალური მოთხოვნისაგან განსხვავებული მოთხოვნა დააფიქსირებინა. მან ზ. ე-ე, როგორც სპეციალური ცოდნის არმქონე პირი შეიყვანა შეცდომაში და მიათითებინა, რომ თითქოს ის ითხოვდა მოქალაქეობრივი სტატუსის აღდგენას, რაც სრული აბსურდი იყო, რადგან მოქალაქე ისედაც იყო და არავითარი ამგვარი მოთხოვნა არც ერთი უწყების მიმართ მას არ ჰქონია. ბუნებრივი იყო, რომ მოსარჩელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ამგვარი მოთხოვნის შემცველი განცხადების განხილვაზე უთხრა უარი. ამ ფაქტის შემდეგ, განცხადების შედგენა აღარ უთხოვნია აღნიშნული სამსახურისათვის, რადგან მისი ნდობა დაკარგა. ახალი დასაბუთებული განცხადება შეადგინა დამოუკიდებლად და სამსახურს ჩააბარა 2015 წლის 8 იანვარს. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მან განცხადება შეადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა გათვალისწინებული იყო კანონით, განხილვაზე მაინც უარი ეთქვა სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ. შემდეგ მსგავსი შინაარსის პასუხი - „განხილვაზე უარი“ ეცნობა აგრეთვე თვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ.

ამდენად, მოსარჩელემ მისი განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 იანვრის #53/01 გადაწყვეტილების და მისი განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის მიერ 2016 წლის 8 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისა და მისი განხილვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა მოქალაქე ზ. ე-ემ და მოითხოვა: 1. „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და 35-ე მუხლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმის შესწავლა, თუ რომელი მონაცემები მუშავდება/დამუშავებულია განმცხადებლის მიმართ შსს-ს მიერ, შესწავლილ იქნეს მონაცემთა დამუშავების მიზანი, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია, რა გზით შეგროვდა მონაცემები. ასევე ის, თუ ვისზე გაიცა მონაცემი, რა საფუძვლითა და რა მიზნით. მოკვლევის შედეგები ეცნობებინათ მისთვის წერილობით; 2. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობონ კონკრეტულად კანონდარღვევის ფაქტის თაობაზე, ასევე მიუთითონ იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნა; 3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანხმად, არაზუსტი, არასწორი, მოძველებული მონაცემების გასწორება, განახლება, საჭიროების შემთხვევაში დამატება და დაბლოკვა იმ მიზნით, რომ ასეთი მონაცემები აღარ იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილების თანახმად, ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება დარჩა განუხილველად. განმცხადებელს ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი სახის. კერძოდ, განმცხადებელი ვერ უთითებდა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებასა და განცხადებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. ამასთანავე, მოთხოვნას წარმოადგენდა განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კანონდარღვევის ფაქტის დადგენა. შესაბამისად, წარდგენილი განცხადებით არ ირკვეოდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის 14 იანვრის #53/01 წერილის თანახმად, განმცხადებელ ზ. ე-ეს განემარტა, რომ მის მიერ 2015 წლის 8 იანვარს წარმოდგენილ #01/13 განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი სახის. კერძოდ, არ იყო მითითებული მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან/და განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს (პირი ვის შესახებაც მონაცემები მუშავდება) უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ამდენად, განმცხადებლის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების მოცულობის, კანონიერი საფუძვლისა და კანონიერი მიზნის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, განმცხადებელს უნდა მიემართა მონაცემთა დამმუშავებლისათვის, რომელსაც განმცხადებლის განმარტებით, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სასამართლომ განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, „ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 7.2. „ლ“ მუხლის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია: კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ამ დებულების 5.1. მუხლის თანახმად, ინსპექტორი თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს ინსპექტორის აპარატის მეშვეობით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, აპარატს ხელმძღვანელობს უშუალოდ ინსპექტორი ან მისი დავალებით ინსპექტორის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი. მითითებული დებულების 10.1. მუხლის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, აპარატი ამოწმებს წარდგენილი განცხადების შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებთან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. „დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამ კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობაზე. ამრიგად, ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს მოცემული დავის ფარგლებში.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ გამხდარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის 14 იანვრის #53/01 წერილობითი პასუხი წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის ცნობას, რომლითაც განმცხადებელ ზ. ე-ეს განემარტა, რომ მისივე 2016 წლის 8 იანვრის განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი სახის. კერძოდ, არ იყო მითითებული მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან/და განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1. მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები; ე) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. ამ ნორმის მე-2 პუნქტით, მონაცემთა სუბიექტისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა. ამ ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი. ხოლო მე-5 პუნქტის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასურის გადახდა, ხოლო მითითებული მუხლის მე-5 პუნქტით, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1. მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამ კანონის 27.1. „გ“ მუხლის შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ამავე კანონის 35.1. მუხლის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ინსპექტორის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა დაცვისათვის მიღებული პროცედურებისა და ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგის, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრისა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვის შესახებ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესების დაცვის შემოწმებას. ამ კანონის 39.6. მუხლის შესაბამისად, ინსპექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოსარჩელე ზ. ე-ის მიერ 2016 წლის 8 იანვარის წარდგენილი განცხადება (#01/12) არ შეიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის კონკრეტულ გარემოებებსა და მონაცემთა სუბიექტის განსაზღვრულ მოთხოვნას. ამასთანავე, სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულზე მოპასუხე მხარის მოსაზრება და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითება და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი სახის. განმცხადებელი ვერ უთითებდა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას და განცხადებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. აგრეთვე, არ დგინდებოდა განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კანონდარღვევის ფაქტი, არ ირკვეოდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე. ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილებით ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება დარჩა განუხილველად.

სასამართლოს მოსაზრებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობაზე, ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მითითებას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მის მიერ წარდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლები.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ზ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნა - დავალებოდა მოპასუხეს მოსარჩელის 2016 წლის 8 იანვრის განცხადებაზე განეხორციელებინა ადმინისტრაციული წარმოება და განეხილა იგი, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით ზ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 იანვრის #53/01 აქტი, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში ზ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე დავის ძირითად საგანს წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის Nგ-1/004/2016 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩა ზ. ე-ის განცხადება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. პალატის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა (ინფორმაციის თავისუფლება), არ ვრცელდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, იმდენად, რამდენადაც ეს კოდექსი (გარდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ თავისა) არ ვრცელდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხს ვერ ცვლიდა ის გარემოება, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორს ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, რადგან აღნიშნულ უფლებამოსილებაში იგულისხმებოდა არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სპეციალური კანონით გათვალისწინებული ინსპექტორის ძირითადი, ორგანული ფუნქციები, არამედ მისი, როგორც უწყების ხელმძღვანელის ადმინისტრაციული ფუნქციები, რომლის განხორციელებისას, ინსპექტორზე ჩვეულებრივ ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, თანახმად ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა (ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან). ამდენად, გასაჩივრებული აქტი არ წარმოადგენდა სზაკ-ით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა, პალატის მოსაზრებით, იგი იყო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა მომხდარიყო აქტის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ (გამოცემულ), შესასრულებლად სავალდებულო აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეები იყო: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის მე-4 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღებოდა (გამოიცემოდა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. ამდენად, პალატამ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება წარმოადგენდა სწორედ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მსჯელობა უნდა წარმართულიყო ამ აქტის სხვა ნორმატიულ აქტებთან, უპირატესად კი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებასთან შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იყო, რომ მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება ჰქონდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიემართა ინსპექტორისათვის განცხადებით, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დებულების მე-10 მუხლზე, სადაც ცალსახად იყო მითითებული განცხადების განხილვის წესი. კერძოდ, განმარტებული იყო, რომ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, აპარატი ამოწმებდა წარდგენილი განცხადების შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებთან. საჭიროების შემთხვევაში, აპარატი მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ან/და განცხადებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განუსაზღვრავდა გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 3 დღეზე ნაკლები. ამავე მუხლის მ-3 პუნქტის თანახმად, თუ მონაცემთა სუბიექტი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრიდა ხარვეზს ან/და არ წარადგენდა ამ მუხლის მე-‑2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ინსპექტორს უფლება ჰქონდა, განცხადება დაეტოვებინა განუხილველად, რის შესახებაც ეცნობებოდა მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ამდენად, ზემოაღნიშნული პროცედურის თანახმად, განცხადებაზე ხარვეზის დადგენა ინსპექტორის/აპარატის დისკრეციული უფლებამოსილება იყო, რასაც მოწმობდა სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში...“, თუმცა, ამავე პროცედურის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვება შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ აღმოფხვრა. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, ხარვეზის დადგენის გარეშე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. განსახილველ შემთხვევაში კი, უდავო იყო, რომ ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის #01/12 განცხადებაზე, რომლითაც მან მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ხარვეზი არა დადგენილა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილებით, ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება პირდაპირ დარჩა განუხილველად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დებულების გათვალისწინებით, მხოლოდ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შეეძლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ დებულების თანახმად, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, განცხადების განხილვისას მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი განცხადება იყო ზოგადი ხასიათის ან არ შეესაბამებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მას უნდა ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ განმცხადებლისთვის და მიეცა დამატებით ვადა ხარვეზის შესავსებად, რაც მოცემულ შემთხვევაში ინსპექტორს არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ- 1/004/2016 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იგი ემყარება მხოლოდ ერთი სამართლებრივი ნორმის არასწორ განმარტებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით, არამედ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. კასატორი მიუთითებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს ინსპექტორი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვას. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 და მე-10 მუხლებს, აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ სავალდებულო რეკვიზიტებს/ინფორმაციას, რასაც უნდა შეიცავდეს ინსპექტორისადმი წარდგენილი განცხადება. განცხადების განსახილველად მიღებისა და შესაბამისი ინფორმაციის/რეკვიზიტის არ არსებობისას განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წესს. ხარვეზის დადგენა ემსახურება იმ მიზანს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიკვლიოს განცხადებაში მითითებული კონკრეტული გარემოებები და აღნიშნულის საფუძველზე დაადგინოს სამართალდარღვევის არსებობის ან არ არსებობის საკითხი. თუ სახეზე არ არის მონაცემთა სუბიექტისათვის „პერსონალურ მონაცემთა დავის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებების დარღვევის ფაქტი და განცხადების განხილვა სცილდება ინსპექტორის კომპეტენციას, ამ შემთხვევაში არ არსებობს ხარვეზის დადგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

კასატორი აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დავის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის თანახმად, ინსპექტორის მიერ უფლებამოსილი პირი საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. მითითებული კოდექსის 232-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება არ შეიძლება დაიწყოს თუ სახეზე არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამდენად, ინსპექტორი უფლებამოსილია ხარვეზის დადგენის გარეშე უარი თქვას წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

კასატორის მითითებით, ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება არ შეიცავდა მონაცემთა დამმუშავებლის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა მის შესახებ დამუშავებული მონაცემის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ წარმოადგენს შუამავალ ორგანოს, რომელიც მონაცემთა დამმუშავებლისაგან გამოითხოვს მონაცემთა სუბიექტისათვის სასურველ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ინსპექტორი უფლებამოსილი იყო ხარვეზის დადგენის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება ზ. ე-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

ასევე, კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე იმ ნაწილში, სადაც განიმარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ზემოაღნიშნული აქტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ე-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოქალაქე ზ. ე-ემ 2016 წლის 8 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა და „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 35-ე მუხლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის შესწავლა მოითხოვა. კერძოდ: 1. თუ რომელი მონაცემები მუშავდება/დამუშავებულია განმცხადებლის, ზ. ერაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ; აგრეთვე, შესწავლილ იქნეს მონაცემთა დამუშავების მიზანი, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ასევე ის, თუ ვისზე გაიცა მონაცემი, რა საფუძვლითა და რა მიზნით. მოკვლევის შედეგები ეცნობებინათ მისთვის წერილობით; 2. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობონ კონკრეტულად კანონდარღვევის ფაქტის თაობაზე, ასევე მიუთითონ იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნა; 3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანხმად, არაზუსტი, არასწორი, მოძველებული მონაცემების გასწორება, განახლება, საჭიროების შემთხვევაში დამატება და დაბლოკვა იმ მიზნით, რომ ასეთი მონაცემები აღარ იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილებით ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება დარჩა განუხილველად. განმცხადებელს ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ასევე, განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი სახის. კერძოდ, განმცხადებელი ვერ უთითებდა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებასა და განცხადებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კანონდარღვევის ფაქტის დადგენა. შესაბამისად, წარდგენილი განცხადებით არ ირკვეოდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, „ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ინსპექტორის საქმიანობა განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით. აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განმარტავს, რომ მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი: „ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობაზე“, გულისხმობს არა იმას, რომ ინსპექტორი არ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არამედ იმას, რომ ეს აქტები არ მიიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობის იმ ნაწილში, სადაც სააპელაციო სასამართლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლზე მითითებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე უკანონოდ მიიჩნევს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. ე-ის მიერ 2016 წლის 8 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე არ იყო დადგენილი ხარვეზი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შეეძლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, აპარატი ამოწმებს წარდგენილი განცხადების შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებთან. საჭიროების შემთხვევაში, აპარატი მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ან/და განცხადებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მონაცემთა სუბიექტი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს ან/და არ წარადგენს ამ მუხლის მე‑-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ინსპექტორს უფლება აქვს, განცხადება დატოვოს განუხილველად, რის შესახებაც ეცნობება მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვას, ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას (ინსპექტირებას). ამდენად, მითითებული ნორმების შესაბამისად, განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლები და დადგენილია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებებს, რომლებიც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის ფაქტს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებს, აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ სავალდებულო რეკვიზიტებს, რასაც უნდა შეიცავდეს ინსპექტორისადმი წარდგენილი განცხადება, ასევე განცხადების განსახილველად მიღებისა და შესაბამისი რეკვიზიტის/ინფორმაციის არ არსებობისას განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წესს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს და განმარტავს, რომ განცხადებაში კონკრეტული ინფორმაციის/რეკვიზიტის არ არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის დადგენა ემსახურება იმ მიზანს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს განცხადებაში მითითებული კონკრეტული გარემოებები და ამის შემდეგ დაადგინოს სამართალდარღვევის არსებობის ან არ არსებობის ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოსარჩელე ზ. ე-ის მიერ 2016 წლის 8 იანვარს წარდგენილი #01/12 განცხადება არ შეიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის კონკრეტულ გარემოებებს, მონაცემთა დამმუშავებლის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას და მონაცემთა სუბიექტის განსაზღვრულ მოთხოვნას. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებას იმის თაობაზე, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო ზოგადი ხასიათის. განმცხადებელი ვერ უთითებდა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას და განცხადებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. ამასთანავე, არ დგინდებოდა განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კანონდარღვევის ფაქტი, აგრეთვე არ ირკვეოდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები და ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ზ. ე-ის 2016 წლის 8 იანვრის განცხადება არ წარმოადგენდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას, არ შეიცავდა ინფორმაციას მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევისა და მონაცემთა დამუშავების წესების შესაძლო დარღვევაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უფლებამოსილი იყო ხარვეზის დადგენის გარეშე განუხილველად დაეტოვებინა ზ. ე-ის განცხადება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის 14 იანვრის #53/01 წერილით განმცხადებელს - ზ. ე-ეს, ერთი მხრივ, განემარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება მის მოთხოვნაზე, ხოლო, მეორე მხრივ, განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს (პირი ვის შესახებაც მონაცემები მუშავდება) უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ამდენად, განმცხადებლის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების მოცულობის, კანონიერი საფუძვლისა და კანონიერი მიზნის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, განმცხადებელს უნდა მიემართა მონაცემთა დამმუშავებლისათვის, რომელსაც განმცხადებლის განმარტებით, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 12 იანვრის #გ-1/004/2016 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ე-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი