საქმე # 330310015001046324
საქმეNბს-1131-1125(კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ემ 2015 წლის 24 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მაისის N131 დასკვნისა და მ. ჯ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N219-კ ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის დავალება მ. ჯ-ე აღადგინოს ამავე სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... ცენტრის (განყოფილების) ... თანამდებობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის მ. ჯ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად - 1250 ლარის ოდენობით 2015 წლის 23 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მაისის №131 დასკვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №219-კ ბრძანება მ. ჯ-ის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. კასატორმა მის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მ. ჯ-ის უშუალო უფროსის - ი. ლ-ის დახასიათებას, რომლის თანახმად მ. ჯ-ე, მუშაობის პროცესში საჭიროებს დამატებით მითითებს და შესრულების კონტროლს, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას მყარი არგუმენტისთვის, რიგ შემთხვევებში საჭიროებს ხელმძღვანელის მითითებას მის მიერ შესრულებული ტექსტის შინაარსობრივ მხარეზე. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო ასევე ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ჯ-ე გასაუბრების ეტაპზე კომისიის წევრთა მიერ შეფასებული იქნა ინდივიდუალურად, რაც აისახა ინდივიდუალური შეფასების ფორმაში. შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმებით: განათლება/კვალიფიკაცია; სამუშაო გამოცდილება; პროფესიული ცოდნა; საატესტაციო პერიოდში გაწეული სამუშაო; ზეპირი კომუნიკაციის უნარი; პრეზენტაციის უნარი; სწავლის უნარი; კარიერული მიზნები. ატესტაციის გასაუბრების შეფასების ფორმით მკაფიოდ განსაზღვრულია, რომ 1 ქულა მიუღებელს ნიშნავს, 2 ქულა საშუალოზე დაბალს, 3 ქულა კარგს, 4 ქულა ძალიან კარგს, 5 საუკეთესოს.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ გასაუბრებას არ აქვს გაცნობითი ხასიათის სახე, როდესაც სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღება ხდება, ამ შემთხვევაში არის 6 თვეზე მეტი ვადით მოსამსახურე პირზე, რომლის კვალიფიკაციის, ცოდნისა და კეთილსინდისიერების გადამოწმება ხორციელდება მასთან გასაუბრებასთან ერთად ასევე მის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ გარემოებების არსებობის პირობებში, მ. ჯ-ის თაობაზე არსებული ზოგადი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცნობის და მისთვის დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად კომისიის თითოეულ წევრს შეექმნა შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ თუ რა დოზით აკმაყოფილებდა ის ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს კონკრეტულ თანამდებობასთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ მე-9 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლის თანახმად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავჯდომარის ხმა. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. ატესტაციის დროს კონკრეტული თანამშრომელის შეფასება და ატესტაციის შედეგად გათავისუფლება არ არის სამსახურიდან თანამშრომლის გათავისუფლების სტანდარტული შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ფაქტისა და გარემოების არსებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაში, კოლეგიალურად ხდება თანამშრომლის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობის დადგენა, როდესაც შესაძლოა კონკრეტული მიზეზი არ არსებობდეს, თუმცა თანამშრომლები მისი ატესტაციამდე მუშაობის დროს სამუშაოს შესრულების ზოგადი შეფასებით, მისი პროფესიული, საქმიანი და პერსონალური თვისებების შეფასების შედეგად შესაძლოა აღმოჩნდეს დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამო. კასატორს მიაჩნია, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ მ. ჯ-ე სამინისტროში მუშაობდა 2013 წლის იანვრიდან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში. მინისტრის 2014 წლის 30 მაისის №632-კ ბრძანებით მ. ჯ-ე დანიშნული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... ცნტრის ... თანამდებობზე. მინისტრის 2015 წლის 2 აპრილის №128-კ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოთ ხსენებული ბრძანება მ. ჯ-ის დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად დანიშვნის შესახებ და მოსარჩელემ განაგრძო მის მიერ დაკავებული თანამდებობით გათვალისიწინებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. იმისთვის, რომ პირი დაექვემდებაროს ატესტაციას მას დაკავებულ თანამდებობაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მინიმუმ 6 თვე. მ. ჯ-ეს ნამდვილად ატესტაციამდე ჰქონდა შესრულებული სამსახურეობრივი მოვალეობა 6 თვეზე მეტი ხნით, მოცემულ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო ბრძანებაში და მისი გამოცემის საფუძვლად მითითებული კომისიის დასკვნაში არ არის მსჯელობა იმ გარემოებებზე, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს მ. ჯ-ე კანდიდატთა შეფასებისას წინასწარ დადგენილ ამა თუ იმ კრიტერიუმს, ვინაიდან მხოლოდ ატესტაციის გასაუბრების შეფასების ფორმებში ქულების მითითება არ განაპირობებს აქტის დასაბუთებულობას. მოთხოვნილი კრიტერიუმებისადმი შეუსაბამობა მოითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონკრეტულ კრიტერიუმთან მიმართებით დასაბუთებულობას, ვინაიდან უფლების შემზღუდავი ღონისძების გატარების დროს, იმ პირმა, რომლის მიმართაც განხორციელდა შემზღუდველი ღონისძიება, საჯარო სამსახურის ნორმატიულად დადგენილ ფუნდამენტურ პირნციპებზე დაყრდნობით, ობიექტურად უნდა შეძლოს დამდგარი შედეგის ანალიზი. ხოლო, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებენ კონკურსანტის კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასების დასაბუთებულობას და არ იძლევა დაკავებული თანამდებობის მიმართ შეუსაბამობის დადგენის საშულებას, რის გამოც საკასაციო პალატის მოსაზრებით დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა უფლების შეზღუდვას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე