330310014490324
ბს-743-739(3კ-17) 22 მარტი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ლ-ეს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ლ-ამ, რ. ს-ამ, ლ. თ-ამ და ი. გ-ემ 01.05.2014წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 10.03.2014წ. N452 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.09.2014წ. ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.03.2015წ. N184 განკარგულების ბათილად ცნობა, მოპასუხედ დამატებით დასახელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია მიჩნეულ იქნა მესამე პირად (სასკ-ის 16.1 მუხ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 10.03.2014წ. N452 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ლ-ეს, ო. ლ-ას, ლ.თ-ას და სხვათა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ლ-ეს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა მიერ.
კასატორი მ. ლ-ე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაადგინა რა პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგებათ მოსარჩელეებს სადავო აქტებით. გასათვალისწინებელია, რომ საპროექტო ტერიტორია განთავსებულია საცხოვრებელ ზონა 6-ში, რაც ავტომატურად გულისხმობს მაღალი განაშენიანების ტერიტორიას, ამასთანავე საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. კასატორი თვლის, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმება გაიცა ნორმატიულად გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, ორგანოში წარდგენილ იქნა კოეფიციენტების გაზრდის შესაძლებლობის დამადასტურებელი ყველა საჭირო მტკიცებულება. კოეფიციენტების გაზრდით არ ხდება მიწის ნაკვეთის შეუსაბამოდ განვითარება.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ კოეფიციენტების გაზრდა მოხდა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შედეგად. კოეფიციენტების გაზრდა არ წარმოშობს მიმდებარედ არსებული განაშენიანების შეუსაბამო ობიექტს. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია დავის გადაწყვეტა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რადგან საქმის მასალების საფუძველზე სასამართლო არ იყო მოკლებული დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ სადავო აქტების მიმართ მ. ლ-ეს აქვს კანონიერი ნდობა, ამის საპირისპიროდ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეთათვის რაიმე ზიანის მიყენება. სასამართლოს არ დაუსაბუთებია სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არსებობა.
კასატორებმა ო. ლ-ამ, ლ. თ-ამ და სხვებმა აღნიშნეს, რომ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან უკეთუ დაუსაბუთებელია კოეფიციენტების გაზრდა, დაუსაბუთებელია აგრეთვე გაზრდილი კოეფიციენტების გათვალისწინებით შეთანხმებული პროექტი და გაცემული ნებართვა. ორგანო ვერ გასცემს ახალ ნებართვას თავდაპირველი ნებართვის გაუქმების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ეს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე კოეფიციენტების გაზრდის შესახებ. ორგანო ვალდებულია კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის გადაჭარბების საჭიროება, კოეფიციენტების გაზრდის ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ დაასაბუთოს. საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, ქ. თბილისის მერიის 10.03.2014წ. განკარგულება არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას.
კასატორების - ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა მითითება გასაჩივრებული ნებართვის გაუქმების აუცილებლობის შესახებ არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ 03.09.2014წ. ნებართვა გაცემულ იქნა 2016 წლის 03 სექტემბრამდე ვადით, ამდენად, დღეის მდგომარეობით, მოქმედების ვადის გასვლის გამო 03.09.2014წ. ნებართვა ძალადაკარგულია, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს ახალი პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ლ-ეს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ-ეს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ო. ლ-ას, ლ. თ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინება;
3. თ. მ-ანს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.07.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. გ. ბ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.07.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი