საქმე # 330310016001230314
ბს-806-802(კ-17) 15 მარტი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. უ-მა 29.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 10.11.2015წ. N2499945 და 11.11.2015წ. N2512342 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ზ. უ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... დაცვის სამმართველოს ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და ზ. უ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის - 2015 წლის 10 ნოემბრიდან ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2016 გადაწყვეტილებით ზ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2017წ. განჩინებით ზ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც ზ. უ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმე, აგრეთვე ის გარეოება, თუ რა მექანიზმების გამოყენება შეეძლო ზ. უ-ს შემოწმების დღეს და არ გამოიყენა. კასატორის მოსაზრებით, ზ. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის გადაწყვეტილება იყო უკიდურესად მძიმე და არაპროპორციული სანქცია, რაც ეწინააღმდეგება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუტს. ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუკვლევია ზ. უ-ის გათავისუფლების ძირითად საფუძველში - მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პოზიციის ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (საქმე Nბს-463-451(კ-13)), რომლის თანახმადაც, მოხელის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა მოხელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე Nბს-161-158(კ-13)), სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდეგნილი მასალებით დასტურდება და არც კასატორი უარყოფს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... დაცვის სამმართველოს ... განყოფილების დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დისციპლინური გადაცდომები. კერძოდ, თანამშრომელთა ნაწილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ნაწილს მიტოვებული ჰქონდა სამსახური, დაფიქსირდა ფორმის ტარების წესის დარღვევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... დაცვის სამმართველოს 27.04.2015წ. ბრძანებით დამტკიცებული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის რეგლამენტის თანახმად ზ. უ-ის სამსახურებრივი მოვალეობა იყო განყოფილების საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება, დასაცავ ობიექტებზე სამსახურის ყოველდღიური შემოწმება და დარღვევების გამოსასწორებლად საჭირო ზომების მიღება, მასზე დაქვემდებარებული ოფიცრებისა და უმცროს ინსპექტორთა შემადგენლობის მუშაობის ხარისხის განსაკუთრებული კონტროლი. საქმეში წარმოდგენილი ზ. უ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომების ფაქტებს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რაზეც მისი მხრიდან არ ხდებოდა სათანადო რეაგირება. აღსანიშნავია, რომ კასატორს ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების მიცემისას მისი ნების ნამდვილობის გამომრიცხავი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ზ. უ-ის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციულია. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, რადგან კასატორის მიერ დასახელებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხება მოცემული საქმისაგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი