Facebook Twitter

საქმე # 010332116700019060

ბს-1096-1090(2კ-17) 29 მარტი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 13.07.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. თ-მა 09.12.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ მოპასუხის 25.10.2013წ. N2429 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.08.2013წ. N000273 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის 26.12.2013წ. განხადებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიეთითა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2014წ. გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2014წ. განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2014წ. გადაწყვეტილება, რაც თ. თ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2016წ. განჩინებით თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2014წ. განჩინება და საქმე ხალახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. გადაწყვეტილებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2014წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.07.2013წ. N000273 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 25.10.2013წ. N2429 განკარგულება, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, კერძოდ, ამავე საქმეზე მიღებული 05.05.2016წ. Nბს-785-771(კ-14) განჩინებისაგან, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფართის თ. თ-ის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი თავისთავად არ წამოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. სააპელაციო პალატამ სადავო გადაწყევტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სამართალდარღვევისთვის სანქციის დაკისრების დროს უნდა ემსჯელა ხომ არ არსებობდა პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულ მსჯელობას არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი, რადგან დადგენილი გარემოებაა და თავად თ. თ-იც აღიარებს უნებართვო მშენებლობის ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 17.06.2011წ. ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო ფართი წარმოდგენდა სახელმწიფო საკუთრებას. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ვინაიდან უძრავი ქონება ამ ეტაპზე პრივატიზებულია და გადაცემულია საკუთრებაში, სახეზეა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთრებში გადაცემული უძრავი ქონება მოიცავს იმ უკანონო ნაგებობას, რომლის მშენებლობის გამოც მხარეს სანქცია დაეკისრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სამშნებლო სამართალდარვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა უფლებას. სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისინებს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოქალაქის ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის მითითება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები არ ამკვიდრებს თავიდანვე დამსჯელობითი ღონისძიებების გატარების პრინციპს, არამედ სამართალდამრღვევს მითითებით განუმარტავს სამართალდარღვევის არსს, მისი გამოსწორების გზებს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევათა გამოსასწორებლად.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასება არსებითად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ვინაიდან ყველა თანასწორია კანონის წინაშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყველა სუბიექტის ქმედება შეაფასოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ყველა პირის მიმართ მიიღოს თანასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მსჯელობიდან გამომდინარე, თუ ადამიანი მოქმედებდა შინაგანი რწმენით, რომ არ დარჩენილიყო თავშესაფრის გარეშე და ამის გამო ააშენა რაიმე ნებართვის გარეშე, ზედამხედველობის სამსახურმა მის მიმართ არ უნდა დაიწყოს წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.05.2014წ. დასკვნის თანახმად, თ. თ-ს საცხოვრებლად გადაეცა 25.96 კვ.მ. ფართი. ამასთანავე, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და არც კასატორები უარყოფენ, რომ საქართველოს მთავრობის 13.02.2014წ. N278 განკარგულების დანართით თ. თ-ს გადაეცა 121.73 კვ.მ. ფართი. აღნიშულიდან გამომდინარე, პრივატიზებულ ფართში შედიოდა ის ნაგებობა, რომლის აშენების გამოც დაეკისრა მხარეს ჯარიმა. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ემსჯელათ შეცვლილი გარემოებების, პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამომრიცხავი გარემოებების არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი