Facebook Twitter

საქმე #120310014619551

#ბს-1106-1100(კ-17) 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 15 ოქტომბერს ი. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ „ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია“.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება საქართველოს საპატრიარქო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ - 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევას არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ თითქოსდა ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის დაცვით გამოსცა გასაჩვრებული განკარგულება, ვინაიდან არასდროს არ ყოფილა ტაძრის მფლობელობაში მისთვის 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულებით დამაგრებული მიწის ნაკვეთი და არც სამინისტროსთან შეთანხმებით გადაცემია მას უსასყიდლოდ. ამავე დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმა არ არის სწორად განმარტებული და ასევე არ შეესაბამება მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არასწორად მიუთითა სამართლებრივი საფუძვლები, დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის #113 განკარგულებით მიმაგრებულ მიწის ნაკვეთზე მას არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, ასევე ეს განკარგულება არ აყენებდა მას პირდაპირ და უშუალო ზიანს, ვინაიდან 4532 კვ.მ მიწის ნაკვეთში არ შედიოდა ი. თ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად აღნიშნულ აქტს ვერ გახდიდა სადავოდ; ხოლო რაც შეეხება 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულებას, აღნიშნულით შეიცვალა მიწის ნაკვეთის ფართობი, გაიზარდა 4532 კვ.მ-დან 4880 კვ.მ-მდე, სადაც უკვე მოჰყვა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება ლეგალიზაციას, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღნიშნული მიწა 2003 წლიდან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს ი. თ-ს და იყენებს როგორც საკუთარს დღემდე. ამდენად, კასატორის მითითებით, მხოლოდ 2014 წლის #53 განკარგულება აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს, რის გამოც სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი დადებითად იქნა დაკმაყოფილებული მათ სასარგებლოდ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ იყო თუ არა მონასტრის მფლობელობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულებით მიმაგრებული 4880 კვ.მ ნაკვეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 დეკემბრის #113 განკარგულებით ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მდებარე ეკლესია მონასტრებს, მათ შორის, დაბა ... ... ტაძარს დაუმაგრდა 4532 კვ.მ მიწის ნაკვეთი. განკარგულების მიხედვით, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილების საფუძველზე.

მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულებას, რომლითაც ცვლილება შევიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 დეკემბრის #113 განკარგულებაში და დაბა ... ... ტაძარს ნაცვლად 4532 კვ.მ მიწის ნაკვეთისა დაუმაგრდა 4880 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ცვლილების შეტანის საფუძვლად მითითებულია საკადასტრო ნახაზის დაზუსტება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს როგორც ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმას, ისე მისი მომზადებისა და გამოცემის წესებს. კანონმდებელმა ასევე გაითვალისწინა უკვე მიღებულ, გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში როგორც შეცდომების გასწორების, ისე ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი, რითაც მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრისა თუ შეცვლილი გარემოების გამო, უკვე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებისა და დამატების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ამდენად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე დაყრდნობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 დეკემბრის #113 განკარგულებაში 2014 წლის 23 მაისის #53 განკარგულებით შეიტანა ცვლილება.

ამასთან, დადგენილია, რომ სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის განკარგული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ი. თ-ის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის ინტერესს წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება საკუთრების უფლების აღიარების გზით, გარდა იმისა, რომ ამის თაობაზე შეუძლებელია სცოდნოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ შეიცავს დაინტერესებული მხარის დეფინიციის მატერიალურ შინაარსს და ი. თ-ის მხოლოდ სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, ვერ აქცევს მას ადმინისტრაციული წარმოების დაინტერესებულ მხარედ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო განკარგულების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება კასატორის - ი. თ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა ვერ შეცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მორიგების თაობაზე ი. თ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაბა ... ... ტაძარს კანონით დადგენილი წესით გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემული დავის ფარგლებში აწარმოოს მორიგება ი. თ-სა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს კასატორის უფლებას განსახილველი დავის დასრულების შემდგომ აწარმოოს მოლაპარაკება სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ნაკვეთის დათმობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე ს. თ-ს 30.12.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. თ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება;

3. ი. თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. თ-ის მიერ 30.12.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი