საქმე #330310016001249819
#ბს-1187-1181(კ-17) 15 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 თებერვალს სს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის 2015 წლის 7 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #37997 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #1754 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებიდან #094150309761 საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოჭრილი 87167 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის ძალადაკარგულად გამოცხადება 2015 წლის 7 სექტემბრიდან; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #37997 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #1754 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებიდან #094150309761 საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოჭრილი 87167 ლარის დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ #094150309761 საინკასო დავალების საფუძველზე მისთვის საბანკო ანგარიშებიდან 87167 ლარის ჩამოჭრას.
დადგენილია, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა სს „...“, როგორც მესამე პირის მიმართ შპს „...“ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისთვის. სს „...“ განემარტა, რომ შპს „...“ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ვალდებული იყო, საგადასახადო ორგანოსთვის გადაეხადა 87332 ლარი, ან გადაეცა მფლობელობაში რაიმე სახით არსებული გადასახადის გადამხდელის ქონება.
მართალია სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ან მესამე პირის მიერ აღიარებულია, რომ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, გადასახადის გადამხდელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ და მესამე პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“, თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სს „...“ საბანკო ანგარიშებიდან #094150309761 საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოჭრილ 87167 ლართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად სს „...“ ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ნაწილი გადარიცხულ იქნა მას შემდეგაც, რაც შპს „...“ მოთხოვნა გახდა ხანდაზმული.
დადგენილია, რომ 2010 წლის 1 აპრილს შპს „...“ და სს „...“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს შპს „...“ ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 10000 ლარი. სს „...“ 2010 წლის 2 დეკემბრის #560/014 წერილით დგინდება, რომ სს „...“ დავალიანება შპს „...“ მიმართ შეადგენდა 639400.06 ლარს. აღსანიშნავია, რომ სს „...“ შპს „...“ მიმართ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება უკანასკნელად შეასრულა 2011 წლის 27 დეკემბერს. ვინაიდან ეს იყო ყოველთვიური ვალდებულება, რომელიც აღარ შესრულებულა 2012 წლის იანვრიდან, ამ დროიდან შპს „...“ გაუჩნდა მოთხოვნის უფლება და დაიწყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დენა. ამასთან, დადგენილია, რომ სს „...“ ნებაყოფლობით არ აპირებდა ხანდაზმული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, 2015 წლის 31 აგვისტოს, სს „...“ წერილით მიმართა შპს „...“ და მიუთითა, რომ 2010 წლის პირველი აპრილის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა მის მიერ განხორციელდა 2011 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ მოთხოვნა სს „...“ მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმული იყო და სს „...“ სარგებლობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით - უარს ამბობდა შპს „...“ მიმართ არსებული მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანო აღარ იყო უფლებამოსილი ესარგებლა შპს „...“ ხანდაზმული მოთხოვნის უფლებით და მოეხდინა სს „...“ ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა, როდესაც მოსარჩელე არ გამოთქვამდა მსგავს ნებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი