საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹929აპ-10 30 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განაჩენით ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის V ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 239-ე მუხლის III ნაწილით (1999 წლის რედაქცია) _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ს-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ეს, ადვოკატ ი. ნ-ესა და განსასჯელ ა. შ-ეს შორის.
ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის III ნაწილით (1999 წლის რედაქცია), რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ა. შ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ა. შ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 9 წლით, ხოლო 239-ე მუხლის II ნაწილით (1999 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 239-ე მუხლის III ნაწილით (1999 წლის რედაქცია) _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ს-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 11 წლით, ხოლო 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის V ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 239-ე მუხლის III ნაწილით (1999 წლის რედაქცია) _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ს-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის V ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.