Facebook Twitter

საქმე #330310016001210678

საქმე №ბ-350-2(გან-18) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. წ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-მა 2016 წლის 8 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მ. წ-ის 2015 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2018 წლის 20 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. წ-მა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დააკმაყოფილა წ-ის სარჩელი, თუმცა რა ნაწილში დატოვა უცვლელად გაურკვეველია, ვინაიდან მ. წ-ს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 221-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი ჰქონდა ყოველთვიური 1000 - ლარიანი კომპენსაციის მიღება. განმცხადებლის მოსაზრებით ზემოაღნიშნულ ნორმათა ერთობლიობა საფუძველს იძლევა 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა მიიღონ ყოველთვიური 1000 - ლარიანი კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი ითვალისწინებს ერთჯერად ფულად კომპენსაციას, თუმცა აღნიშნულის გაცემა არ ხდება 1991 წლის შემდეგ გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახის წევრებზე. ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება პირის გარდაცვალებისას დაუყოვნებლივ. შესაბამისად, მ. წ-ის მოთხოვნა იყო ყოველთვიური კომპენსაციის მიღება, რადგან კანონში შეტანილმა ცვლილებამ მას მისცა ყოველთვიური კომპენსაციის მიღების უფლება.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ მისი სარჩელით მოთხოვნილი იყო ყოველთვიური კომპენსაცია და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განმცხადებელი ითხოვს იმის განმარტებას - არის თუ არა მ. წ-ი უფლებამოსილი პირი, მიიღოს რაიმე სახის ყოველთვიური კომპენსაცია მისი მეუღლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მ. წ-ის 2015 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. წ-ის მიერ სარჩელი აღძრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ზ. ს. ძე წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოცემულ დავაში სარჩელი არ იყო აღძრული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების - ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, შესაბამისად, მ. წ-ის მიერ გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხი საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ ყოფილა, რამდენადაც განმცხადებლის მიერ მითითებული უფლება - ყოველთვიური კომპენსაციის მიღების შესახებ გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან და იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ნორმის მოთხოვნებს (არის მარჩენალ დაკარგული ოჯახის წევრი), შეუძლია აღნიშნული კანონით დადგენილი წესით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, მოცემულ დავაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის საკითხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. წ-ს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხი - უფლებამოსილია თუ არა მ. წ-ი მიიღოს რაიმე სახის ყოველთვიური კომპენასია მისი მეუღლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების გამო, არ წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილული დავის საგანს და საკასაციო პალატის აზრით, სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განმცხადებლის - მ. წ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე