Facebook Twitter

# ბს-965-961 (კ-17) 12 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

07.09.2016წ. ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ზ.მ-ის ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2016წ. №04/55619 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და ზ. მ-ის ოჯახისთვის, 1560 ლარის ოდენობით, 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2016წ. №04/55619 წერილობითი მიმართვა და დაევალა სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს ზ. მ-ის ოჯახისთვის, 1560 ლარის ოდენობით, 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. #126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2006წ. N 225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“, „მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. N145 დადგენილების ნორმებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური სააგენტოს დირექტორის 27.08.2015წ. აქტით ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ-ის ოჯახის მიმართ შედგენილი დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ზ.მ-ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა და იღებდა საარსებო შემწეობას. მითითებული ბრძანების საფუძველზე ზ. მ-ის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის გაცემა და დადგინდა ოჯახის სოციალური მდგომარეობის ხელახალი შემოწმება. ხელახალი შემოწმების შედეგად 07.09.2015წ. შედგა ახალი დეკლარაცია, ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა და დადგინდა ზ. მ-ის ოჯახისთვის შემწეობის გაცემა 2015 წლის დეკემბრიდან. ზ. მ-ს სადავოდ არ გაუხდია შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემწეობის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ზიანის ანაზღაურების საფუძვლები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სკ-ის 992-ე მუხლით დადგენილი ყველა პირობა კუმულატიურად, რომელთა არსებობა ამ შემთხვევაში არ დასტურდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავას არ იწვევს ზ. მ-ის ოჯახისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა 2015წლის 27 აგვისტოდან დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძვლით. ზ. მ-ის ოჯახის შემოწმება და ახალი დეკლარაციის შედგენა განხორციელდა 07.09.2015წ., თუმცა საარსებო შემწეობის აღდგენა დადგინდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2006წ. N 225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის 4.4. მუხლზე, რომლის თანახმად თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-ის ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის (2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვის) ანაზღაურებისა და გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი