# ბს-1111-1105 (კ-კს-17) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. პ-ემ 06.01.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 25.08.2016წ. №0406/13323 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალიზებულად მიღებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ს. პ-ის ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 19.08.2016წ. გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.12.2016წ. №04/90318 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.10.2016წ. №208/ო ბრძანების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 28.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აქტის გამოცემის დავალება ს.პ-ის ოჯახისთვის 2017 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით გასაცემელის 50 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი სოციალური დახმარების დაკისრება 2016 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 01 იანვრამდე ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ს. პ-ის სასარგებლოდ, რაც ჯამში 250 ლარს შეადგენს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.08.2016წ. №04-06/13323 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.08.2016წ. გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.12.2016წ. №04/90318 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. პ-ეს უარი ეთქვა 25.08.2016წ. №04-06/13323 და 19.08.2016წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და განაცდური სოციალური დახმარების ანაზღაურებაზე. არ დაკმაყოფილდა ს. პ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.10.2016წ. №208/ო ბრძანების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 28.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ს. პ-ის ოჯახზე 2017 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით გასაცემელის 50 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ს. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარება 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს (08.09.2017წ.) ს. პ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა ს. პ-ის შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინება სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი ციტირებს „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის, საქართველოს მთავრობის 31.12.2014წ. №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ ნორმებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის ვალდებულებაა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილების შეტყობინება სააგენტოსთვის, რაც ს. პ-ეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებები კანონშესაბამისია, რის გამოც არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინების გაუქმების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს. პ-ის ოჯახი 2013 წლის 6 ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.08.2016წ. და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.08.2016 წ. №04-06/13323 გადაწყვეტილებებით გაუქმდა ს. პ-ის ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ლეგალური შემოსავლის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შეუტყობინებლობის მოტივით, შესაბამისად ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ს. პ-ე მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნავდა, რომ მან ... უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საათობრივად მიწვეული სპეციალისტის სტატუსით წაიკითხა ლექციები, რის შესაბამისად მიღებული ანაზღაურება აღნიშნა დეკლარაციის იმ გრაფაში, რაც გათვალისწინებული იყო არარეგულარული შემოსავლებისათვის. ს. პ-ე აღნიშნავდა, რომ მას არ დაურღვევია დეკლარაციის შევსების წესი და არ დაუმალავს შემოსავალის მიღების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. აღნიშნულის გამო ს. პ-ე უკანონოდ მიიჩნევდა მისი ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას და საარსებო შემწეობის შეწყვეტას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 27.10.2016წ. №208/ო ბრძანებით ს. პ-ის ოჯახის დეკლარაციაში განხორციელდა კორექტირება, ასევე დადგინდა კორექტირება მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულის შედეგად ს. პ-ის ოჯახს 21.11.2016წ. დაენიშნა საარსებო შემწეობა 30 ლარის ოდენობით, რომლის მიღების მოპოვების უფლება განისაზღვრა 2017 წლის იანვრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ არ არსებობდა ს. პ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რაც მართებულად იქნა შეფასებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. შესაბამისად საფუძვლიანია რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან (19.08.2016წ.-01.01.2017წ.) აღდგენამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალება სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. შესაბამისად დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და უსაფუძვლოა კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი