#ბს-1111-1105 (კ-კს-17) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. პ-ე
დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. პ-ემ 06.01.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 25.08.2016წ. №0406/13323 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალიზებულად მიღებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ს. პ-ის ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 19.08.2016წ. გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.12.2016წ. №04/90318 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.10.2016წ. №208/ო ბრძანების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 28.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აქტის გამოცემის დავალება ს.პ-ის ოჯახისთვის 2017 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით გასაცემელის 50 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი სოციალური დახმარების დაკისრება 2016 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 01 იანვრამდე ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ს. პ-ის სასარგებლოდ, რაც ჯამში 250 ლარს შეადგენს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.08.2016წ. №04-06/13323 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.08.2016წ. გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.12.2016წ. №04/90318 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. პ-ეს უარი ეთქვა 25.08.2016წ. №04-06/13323 და 19.08.2016წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და განაცდური სოციალური დახმარების ანაზღაურებაზე. არ დაკმაყოფილდა ს. პ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.10.2016წ. №208/ო ბრძანების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 28.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ს. პ-ის ოჯახზე 2017 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით გასაცემელის 50 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ს. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარება 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს (08.09.2017წ.) ს. პ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა ს. პ-ის შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. პ-ის შუამდგომლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017წ. განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ვინაიდან სსკ-ის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განიხილება იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ან განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე არ იქნა განხილული ეს საკითხი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმების საფუძველია აგრეთვე დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საკითხსა და სააპელაციო საჩივრებზე ერთ პროცესუალურ დოკუმენტში მსჯელობა. სასამართლოს ცალკე უნდა ემსჯელა სადავო საკითხზე განჩინების ფორმით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისის სახით აღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესი. გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიექცევა მის კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე მუხლით განსაზღვრული დაუყოვლებლივ აღსასრულებელი საქმეების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, კერძოდ, ვინაიდან საკითხი ეხებოდა სოციალური შემწეობის მიღებას არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს ასევე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული თანხის ოდენობაზე (150 ლ.). ამასთანავე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას (სსკ-ის 270-ე მუხ.).
საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანაზე უფლებამოსილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლო და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მხარის თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა გადაწყვეტილება, ვინაიდან თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილული არ იქნა იმ სხდომაზე, რომელზედაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე (სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 წინადადება). უკეთუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით დაინტერესებული მხარე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, იგი უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საკითხი. საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე აკრძალვას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს დაუყოვნებლივ აღსრულების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოების არსებობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრებსა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე ცალ-ცალკე განჩინებებით უნდა ემსჯელა და მითითებულ საკითხებზე ერთ საპროცესო დოკუმენტში მსჯელობის გამო არსებობს განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა მითითებულ საკითხებზე ერთ საპროცესო დოკუმენტში მსჯელობის გამო. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იმსჯელა დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე ზეპირი მოსმენის გარეშე და ასახა იგი ძირითად გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე განჩინების გასაჩივრების წესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი