936აპ-10 25 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მოცემულ სასჯელს დაემატა შუახევის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დანიშნული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (შუახევის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს განაჩენით რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2008 წლის 3 მარტის 15:35 საათიდან 2008 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი), რომლის მოხდის რეჟიმი – პირობითი მსჯავრი 5 წლის გამოსაცდელი ვადით დარჩა უცვლელად.
დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რ. მ-ს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 ლარის ანაზღაურება.
რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 თებერვლიდან.
განაჩენის მიხედვით, რ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ. ხ-სთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, რ. მ-მ მოსავლელად ჩაიბარა ხ-ის კუთვნილი შვიდი ძროხა, სამი დეკეული, ხუთი ღორი, ერთი ხარი და ერთი მოზვერი. შეთანხმების მიხედვით, მხარეებს თანაბრად უნდა გაეყოთ საქონლის ნამატი და რძის რეალიზაციით მიღებული მოგება.
2007 წლის მარტში რ. მ-მ მიითვისა გ. ხ-ის შვიდი ძროხა, სამი დეკეული, ხუთი ღორი, ერთი ხარი და ერთი მოზვერი, ასევე საქონლის ნამატის ნახევარი, რაც დაზარალებულს ეკუთვნოდა – სამი ხბო, თხუთმეტი გოჭი და 3200 ლარის ღირებულების რძე, რითაც ხ-ს 12 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლას, ან განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია მსჯავრდებულ რ. მ-ის მიერ მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი, რაც გარდა, თვით რ. მ-ის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით - დაზარალებულ გ. ხ-ის, მოწმეების: მ. ე-ის, გ. ს-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. მ-ის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია დანაშაულის საგნის ღირებულების საკითხი, არ დაადგინა მიყენებული მატერიალური ზიანის რეალური ოდენობა, რაც ძირითადი ფაქტობრივი გარემოებაა როგორც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის, ისე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენი რ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენით, რა დროსაც შესაბამისი საპროცესო მოქმედებების მეშვეობით უნდა გაირკვეს დანაშაულის საგნის რეალური ღირებულება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროისათვის და ამ ღირებულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია. შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სარჩელის ბედიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენი რ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.