Facebook Twitter

საქმე # 330310014680493

საქმე № ბს-399-399 (კ-18) 17 მაისი, 2018წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.08.2014წ. №001-34 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.08.2014წ. №38298 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.10.2014წ. №42382 ბრძანებების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2014წ. №9029/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.08.2014წ. №001-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.08.2014წ. №38298 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.10.2014წ. №42382 ბრძანებები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2014წ. №9029/2/14 გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2018წ. განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, ვინაიდან დაცული არ იყო სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს „...“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გაიგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. #12 და ჩაბარდა ადრესატს 04.05.2018წ.. მითითებული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება დგინდება გზავნილზე მიმღების ხელმოწერით და შპს „...“ ბეჭდით. შესაბამისად, კასატორისათვის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება სსსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2018 წლის 05 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2018 წლის 11 მაისს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი და არ ემთხვეოდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს (მე-20 მუხ.). ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება შპს „...“ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 14 მაისს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. განცხადებას ერთვის ფოსტისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ გზავნილი შპს „...“ ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 14 მაისს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსსკ-ის 396.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ დროულად არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „...“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული ბაჟის გადახდის ქვითრის თანახმად სახელმწიფო ბაჟის განჩინებით დადგენილ ვადაში (11.05.2018წ.) გადახდა არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან კასატორს დავალებული ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის არა მხოლოდ გადახდა, არამედ ქვითრის დედანის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. ამასთანავე, კასატორს შპს „...“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.05.2018წ. N48391 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს „...“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე;

2. შპს „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 11.05.2018წ. N48391 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი