საქმე # 820310015001168129
საქმე Nბს-422-419(2კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - მ. დ-ე, ზ. დ-ე, თ. მ-ე (მოსარჩელეები)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. დ-ე, ზ. დ-ე, თ. მ-ე (მოსარჩელეები) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ემ, ზ. დ-ემ და თ. მ-ემ 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე -შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა ცნობილი სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომის ოქმი N1 მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და მათი საცხოვრებელი სახლების საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოებისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვეს, რომლითაც მ. დ-ეს აუნაზღაურდება 6829 ლარი, ზ. დ-ეს - 7301 ლარი და თ. მ-ეს - 5135 ლარი.
მოსარჩელეთა განმარტებით, სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომის N1 ოქმით, სრულიად უკანონოდ არ იქნენ მათი ოჯახები ჩართული დახმარების სიაში იმ მოტივით, რომ თითქოს მათი ოჯახები არიან სეზონური მაცხოვრებლები და გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები მაშინ, როცა სოფლის ყველა ოჯახმა, რომელთა უმრავლესობასაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, მიიღო კომპენსაცია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში დადასტურებული იქნა სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ამავე სოფლის სხვა მაცხოვრებლებს, რომლებსაც გასაჩივრებული აქტის საფუძველზე განესაზღვრათ კომპენსაცია, აქვთ იდენტური მდგომარეობა, ბევრ მათგანს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, არიან ზუსტად ისეთივე პირობებში, მაგრამ მათ მიმართ კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული საფუძვლით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის 25 ივნისის სხდომის ოქმი N1 მოსარჩელეების - მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის ნაწილში. მოპასუხეს - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელეების მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის საცხოვრებელი სახლების საძირკველის გამაგრებითი სამუშაოებისათვის ხარჯთაღიცხვით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. დ-ის, ზ. დ-ის და თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომის ოქმი N1 მოსარჩელეების: მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის ნაწილში და დაევალა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების - მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის საცხოვრებელი სახლების საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოებისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა დადგენილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ პირები, რომლებიც არ იქნენ ჩართული სოფელ .... სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიაში, რატომ არ ითვლებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მუდმივ მაცხოვრებლებად და მათ საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა რატომ გამორიცხავდა მათ მოცემულ სიაში შეყვანას. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზე იყო აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. დ-ემ, ზ. დ-ემ და თ. მ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასება.
კასატორების განმარტებით, 2015 წლის 09 ნოემბერს მოსარჩელეებმა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღეს წერილობითი დოკუმენტაცია: ხარჯთაღრიცხვა სოფ. ..., მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის საცხოვრებელი სახლების (სარდაფში) საძირკველის გამაგრებით სამუშაოებზე და სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმი N1. მ. დ-ის საცხოვრებელი სახლის, (სარდაფში) საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის თანახმად, რომელიც შეადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსმა - ჯ. ზ-ემ, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 6829 ლარი, ზ. დ-ის საცხოვრებელი სახლის (სარდაფში) საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 7301 ლარი და თ. მ-ის საცხოვრებელი სახლის (სარდაფში) საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 5135 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები და მათი ოჯახის წევრები არიან შუახევის რაიონის სოფ. ... მაცხვორებლები და კანონით როგორც სოფლის სხვა მაცხოვრებლებს, ისევე მათაც უნდა მიეღოთ ფინასური დახმარება, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომის N1 ოქმით ირკვევა, სრულიად უკანონოდ არ იქნენ მათი ოჯახები ჩართული დახმარების სიაში იმ მოტივით, რომ თითქოს მათი ოჯახები არიან სეზონური მაცხოვრებლები და გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები მაშინ, როცა სოფლის თითქმის ყველა ოჯახმა, რომელთა უმრავლესობასაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები მიიღო კომპენსაცია. ვინაიდან ზუსტად ისეთივე პირობები აქვთ იმ ოჯახებსაც, როგორც მოსარჩელეთა ოჯახებს, კასატორები მიიჩნევენ, რომ მათი და მათი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას და ირღვევა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები. ამასთან კომისიის მიერ 2015 წლის 25 ივნისს სხდომის მოწვევა და ჩატარება მოხდა სრულიად უკანონოდ ადმინისტარციული კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, მოსარჩელეებისათვის არ უცნობებიათ სხდომის დანიშვნისა და ჩატარების თარიღი, ამასთან საკითხის განხილვა მოხდა სრულიად მოუმზადებლად ისე, რომ არ შეუსწავლიათ და სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეგებებულ საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რომ მოსარჩელეები არ არიან სოფელ ... მუდმივი მაცხოვრებლები, რითაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის #35 განკარგულებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული, სოფელ ... მოსახლეობის დახმარების მიზნობრივი პროგრამის მოთხოვნებს, რომლის დამატებითი ინფორმაციის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ სოფელ ... და გააჩნიათ გეოლოგიური პროცესების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი. სასამართლოს წარედგინა უტყუარი მტკიცებულება - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 თებერვლის N4-15-04/11 წერილი, რითაც დასტურდება, რომ მ. დ-ე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია ქობულეთის რაიონული განყოფილებიდან, ხოლო ზ. დ-ე ქალაქ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მოსარჩელეები არ არიან სოფელ ... მუდმივი მაცხოვრებლები, რის გამოც არ კმაყოფილდება პროგრამის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა, შესაბამისად, კომისია და გამგეობა არ იყო უფლებამოსილი მიეღო მოსარჩელეების სასარგებლო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის, მ. დ-ის, თ. მ-ის საკასაციო საჩივარი და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მ. დ-ის, ზ. დ-ისა და თ. მ-ის სადავო საკითხზე, კომპენსაციის თანხების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიური მოვლენების გამო სოფელ ... წარმოშობილი პრობლემების შემსწავლელ კომისიას არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ პირები, რომლებიც არ იქნენ ჩართული სოფელ ... სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიაში, რატომ არ ითვლებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მუდმივ მაცხოვრებლებად და მათ საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა რატომ გამორიცხავდა მათ მოცემულ სიაში შეყვანას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის ,,შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული, სოფელ ... მოსახლეობის დახმარების მიზნობრივი პროგრამის" დამტკიცების შესახებ N35 განკარგულება არ შეიცავს მითითებას, რომ პირს არ უნდა გააჩნდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული განკარგულების დამატებითი ინფორმაციის მე-2 მუხლის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ის ფიზიკური პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., გააჩნია გეოლოგიური პროცესების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი. ამავე განკარგულების დამატებითი ინფორმაციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტებს, მათ შორის საყურადღებოა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად განკარგულებაში საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერის წარდგენაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის საქმეზე დართული. საქმეში წარმოდგენილი ცნობებით ირკვევა, რომ თ. მ-ის შვილი გ. მ-ე ოჯახით ცხოვრობს სოფ. ..., სოციალური მომსახურების სააგენტოდან იღებს სოციალურ პაკეტს, მისი შვილები - მ. მ-ე და ი. მ-ე სწავლობენ ... სკოლის მესამე და მეექვსე კლასებში, წარმოდგენილია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვები, სადაც ზ. დ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სოფ. .... ასევე ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ზ. დ-ისა და თ. მ-ის მისამართად მითითებულია შუახევის სოფელი .... ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ თ. მ-ეს საკუთრებაში გააჩნია 2341 კვ.მ. მიწის ფართობი და 86.02 კვ.მ. შენობა- ნაგებობა, მდებარე სარეგისტრაციო ზონა: ხელვაჩაური (22), სექტორი ... (...), კვარტალი №05, ნაკვეთი №019, მისამართი: ...; ხოლო ზ. დ-ეს საკუთრებაში გააჩნია ქ.ბათუმში, ... ქ. №29-ში მდებარე 1501 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, არ იქნა გამოკვლეული სრულყოფილად მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებლის დადგენის მიზნით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს და შეგებებულ საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-ის, ზ. დ-ის, თ. მ-ის საკასაციო საჩივარი და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე