Facebook Twitter

საქმე #330310015001051448

საქმე Nბს-461-458(2კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-მა“ 2015 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის №114109 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №17128 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსბული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების (№10335/2/15 საჩივარზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის №114109 საგადასახო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №17128 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (№10335/2/15 საჩივარზე). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ოქმიდან და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 მარტს 11:37 სთ-ზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ფორდის მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით ..., რა დროსაც დადგენილი იქნა, რომ გ. ჩ-ი ახორციელებდა შპს „...-ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ - 7 000 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა №114109 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მოთხოვნასთან ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრასპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ პირს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის გადააქვს საქონელი, ვალდებულია ამ საქონლის გადატანა მოახდინოს სასაქონლო ზედნადებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

კასატორები მიუთითებენ, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, კერძოდ პირველი მუხლი, რომლითაც დადგენილია: ეს კანონი წესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლო უსწორო გადაწყვეტილების შემოწმებისას დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს უკანონო განმარტებები, კერძოდ: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება წარმოადგენს სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. პალატა ასევე იზიარებს, საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ შპს „...-ის“ მიერ ადგილი არ ჰქონია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის ტრანსპორტირებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტში მოხმარებისთვის და არა ამ კონკრეტული საქონლის რეალიზაციისთვის“. კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მესამე ნაწილში განმარტებულია თუ რა არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად და აღნიშნულს არ მიეკუთვნება შიდა გადაადგილებანი ანუ კომპანიის ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესს და წარმოადგენს დამხმარე ოპერაციებს. კასატორები მიუთითებენ, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად: საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს. დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქათველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში.

კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად: სამეწარმეო საქმიანობისთვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის საქონლის ტრანსპორტირება და შენახვა. კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებითა და აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საქმეზე ნათლად დგინდება, რომ შპს „...-ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევას, რაც იწვევს პასუხისმგებლობას, კერძოდ საქართველოს საგადახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეეფარდა სანქცია - 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს ქმედება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო, განჩინება არ ეფუძნება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე“ პრიმა ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. შესაბამისად, ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც მართლზომიერი და არაერთჯერადია, ამასთან, ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „...-ის“ მიერ ადგილი არ ჰქონია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის ტრანსპორტირებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტში მოხმარებისთვის და არა ამ კონკრეტული საქონლის რეალიზაციისთვის. ამდენად, შპს „...-ის“ მიერ განხორციელებული ერთჯერადი ქმედება - 1 ცალი სამშენებლო ელექტრო აკვნის ტრანსპორტირება, მის საკუთრებაში არსებული ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობის მქონე ქმედებად, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობის მიზანი უნდა მოიცავდეს მისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე