Facebook Twitter

საქმე # 330310015001102624

საქმე Nბს-470-467(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - თ. ზ-ი, მ. ს-ი, ს. ზ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ზ-მა, მ. ს-მა და ს. ს-მა 2015 წლის 24 სექტემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს №1334, №1335, №1336 ბრძანებების ბათილად ცნობა და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში დადასტურებული იქნა მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ... და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მათი ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მოსარჩელეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის. აღნიშნული საფუძვლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. ზ-ის, მ. ს-ის და ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - თ. ზ-ის, მ. ს-ის და ს. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო მხოლოდ ერთი ორგანოს - ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე თ. ზ-ი (დაბ. 19... წლის 8 სექტემბერს პ/ნ ...) 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომამდე ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ..., მისი ოჯახი შედგება ორი წევრისგან. პალატის აზრით, აღნიშნული არ შეიძლება უტყუარი მონაცემების შემცველი იყოს, იმ პირობებში, როდესაც საქმეში დევს საწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებები და მისთვის სასამართლოს შეფასება არ მიუცია, კერძოდ, 2015 წლის 30 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისადა ლტოლვილთა სამინისტროს მიაწოდა ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, თ. ზ-ი ქ. თბილისში,მუხიანის ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა N...-ში ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ასევე, ომის შემდეგ პერიოდში 2013 წლამდე.

პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ისინი იყვნენ სოფელ ... მუდმივი მაცხოვრებლები, რომ მათ უშუალოდ ამ ომის შედეგად დატოვეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ზ-მა, მ. ს-მა და ს. ზ-მა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოების მიერ არ მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასება.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ქურთის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ საქმეზე დაიკითხნენ როგორც სოფელ ... მცხოვრები მათი მეზობლები, ასევე თბილისში, მუხიანის ...მ/რ-ში მცხოვრები მეზობლები, შესაბამისად სრულად იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც თვითონვე დააყენა ეჭვქვეშ და სამინისტროს მიერ გამოცემული აქტები მიიჩნია კანონიერად.

კასატორების განმარტებით, სტატუსის ჩამორთმევის შესახებ აქტის გამოცემისას სამინისტრომ გაიზიარა ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც არასწორი ინფორმაციის საფუძველზე იქნა შედგენილი, კერძოდ დაეყრდნო გლდანი ნაძალადევის სამმართველოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და სამინისტრომ არ გაითვალისწინა ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული არაერთი წერილი 2009 წლიდან 2015 წლის აგვისტომდე, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ...

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით თ. ზ-ის, მ. ს-ისა და ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ზ-ის, მ. ს-ის და ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ თ. ზ-ი და მისი მეუღლე - მ. ს-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ცხოვრობდნენ და დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით დევნილთა წეროვნის დასახლებაში. წერილის მიხედვით, თ. ზ-ისა და მ. ს-ის შვილია 2009 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ს. ს-ი. 2015 წლის 30 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიაწოდა ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, თ. ზ-ი ქ. თბილისში, მუხიანის ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა N...-ში ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ასევე ომის შემდეგ პერიოდში 2013 წლამდე. დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა თ. ზ-ისათვის, მ. ს-ისა და ს. ზ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე შეადგინა დასკვნები, რომელთა თანახმად,

დასახელებულ პირებთან გასაუბრების შედეგების, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზისა და ქურთის მინიციპალიტეტის გამგეობის ცნობის ერთობლივი შეფასების შედეგად არ იქნა დადასტურებული 2008 წლის აგვისტოს ომამდე თ. ზ-ისა და მ. ს-ის სოფელ ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე შედგენილი დასკვნების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს N1334, 1336, და 1335 ბრძანებებით თ. ზ-ს, მ. ს-სა და ს. ზ-ს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, რაც გამორიცხავს სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე - 105-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ დაესაბუთებინათ თავიანთი სარჩელი და წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მათ მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ 2008 წლის მდგომარეობით თ. ზ-ის და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ არ წარმოადგენდა სოფელი ....

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

განსახილველ შემთხვევაში იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გამოცემული აქტი, ემყარება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალქე თ. ზ-ი ქ. თბილისი, მუხიანის ...მ/რ, კორპ. ... ბინა N...-ში ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ასევე ომის შემდეგ პერიოდში 2013 წლამდე. ამჟამად აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს თ. ზ-სა და ს. ზ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ თ. ზ-სა და მის ოჯახთან მიმართებაში ვერ იქნა დადასტურებული ახალგორში, სოფელ ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი და იმ პერიოდში მისი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორია იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ზ-ის, მ. ს-ისა და ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე