საქმეNბს-485-482(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ხ-მა 2016 წლის 24 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 31 მაისის №04/41654 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სამსახურის სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელე რ. ხ-ის მოთხოვნა - სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 31 მაისის №04/41654 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე რ. ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდება სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. კასატორი აღნიშნავს, რომ ,,სახელწმიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ ან სამსახურიდან გადამდგარ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების საკითხებს, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციით მოსარგებლე პირთა წრეს, მათ კალენდარულ და საერთო წელთა ნამსახურების გაანგარიშების პირობებს განსაზღვრავს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურების 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისთვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურების 10 წელი; ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
კასატორი მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს 10 და 10-ზე მეტი და 20 და 20-ზე მეტ წლიანი კალენდარული ნამსახურების არსებობა, ხოლო განსხვავებულად არის მოწესრიგებული ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებულ პირთა კომპენსაციაზე უფლების განმსაზღვრელი საკითხი, სადაც ამავე ქვეპუნქტში მითითებული კატეგორიისათვის სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს სამხედრო ძალებში - 10 წლიანი კალენდარული ნამსახურების არსებობა. აღნიშნულ ნორმაში, განსხვავებით მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, საუბარია წელთა ნამსახურების 10 წელზე და არა 10 - წლიან კალენდარულ ნამსახურებაზე. ამ შემთხვევაში, კანონმა შეღავათიანი პირობა დააწესა იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და კანონის ზოგ ნორმაში კალენდარულ წლებზე და ზოგიერთში, მხოლოდ წელთა ნამსახურებაზე მითითება არ არის შემთხვევითი ან აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო ხარვეზად.
კასატორის განმარტებით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის სათაურშიც და ყველა ნორმის ტექსტში აქცენტი კეთდება ზოგადად წელთა ნამსახურებაზე და არა კალენდარულ წლებზე. შესაბამისად, ამ ნორმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი პერიოდი ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურებაში, მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშებისათვის და არა კომპენსაციაზე უფლებრივი საკითხის გადაწყვეტისთვის. შესაბამისად თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული წელთა ნამსახურების 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი ან იგი ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სხვა პირობებს, მოსარჩელისათვის, ნამსახურების ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ხ-ის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან მის დათხოვნამდე ნამსახურობის კალენდარული პერიოდი შეადგენს 16 წელს 2 თვესა და 10 დღეს, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გათვალისწინებით მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენს 20 წელს 6 თვესა და 23 დღეს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და სისტემური მეთოდით შეფასების შედეგად, განსაკუთრებულ პირობებში, სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მითითებული ნორმით რაიმე სპეციალური დათქმა გათვალისწინებული არ არის და სამსახურის განსაკუთრებული პირობები სწორედ პირის ნამსახურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს, რაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა სწორედ ასე შეფასდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2014 წლის 18 დეკემბრის (საქმის ნომერი 3ბ/1415-14) გადაწყვეტილებით, იმავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტისას, იმავე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით კანონიერ ძალაში იქნა შესული, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში ჩართულ უნდა იქნეს წელთა ნამსახურობის საერთო ჯამის გამოთვლაში არა კალენდარული წლების, თვეები და დღეების მიხედვით, არამედ შეღავათიანი გაანგარიშებით სწორედ, რომ კომპენსაციის მიღებაზე უფლების მოპოვების მიზნით, კანონის მე-16 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე დაუშვებელია ამ ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულია შესაბამისი განმარტება, ასეთ პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა რ. ხ-ის განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურის შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის პერიოდის კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 31 მაისის №04/41654 ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, რომლითაც რ. ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდება სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე