საქმე # 080310016001240206
საქმე Nბს-549-546(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - მ. ჩ-ე, ბ. კ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მესამე პირი - ბმა „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-ემ და ბ. კ-მა 2016 წლის 8 თებერვალს სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქუთაისი, ... ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის შენობა - ნაგებობის შემადგენელ ნაწილზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის გამო დამრღვევის დაჯარიმებისა და სადარბაზო შესასვლელის აღდგენის შესახებ; დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ქმედების განხორციელება ... №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის შედეგების აღკვეთის, კერძოდ, მოშლილი ხუთი კიბის და კარის აღდგენის, რკინის კონსტრუქციის დემონტაჟის, კომერციული საქმიანობის აკრძალვის და სადარბაზო შესასვლელის ფუნქციის აღდგენის უზრუნველყოფა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინებით №3/234 ადმინისტრაციულ საქმეში ქ. ქუთაისი, ... ქ. №6-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტიელბა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-ემ და ბ. კ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-ემ და ბ. კ-მა. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართზე განხორციელდა პირველლი კლასის მშენებლობა, რაც ნებართვას არ საჭიროებდა, თუმცა გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა ამ დასკვნამდე. სააპელაციო პალატამ არსებითად კანონდარღვევით უგულებელყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შენობა განეკუთვნება მეორე კლასს და მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას. დასკვნა მკაფიოდ ადასტურებს, რომ სადარბაზო შესასვლელი დაკეტილია, გასვლა შეუძლებელია და მასში განთავსებულია ლომბარდი. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ბინის სადარბაზო გასასვლელია გადაკეტილი რკინის კონსტრუქციით, კარი გაუქმებულია და იმგვარადაა ამოშენებულ, რომ მისი გამოყენება სადარბაზო გასასვლელად შეუძლებელია. ექსპერტიზის დასკვნის უარყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ ექსპერტმა ვერ შეძლო სადავო ფართში შესვლა საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსტერიერის და ძირითადი არქიტექტურული დეტალების არსებითი ცვლილება სადავო ფართში შესვლის გარეშეც ნათლად ჩანს. ამასთანავე, არ ჩატარებულა ალტერნატიული ექსპერტიზა და არ არსებობს მეორე სპეციალისტის მოსაზრება, რომელიც გააბათილებდა კასატორების მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული ქუთაისის მერიის 2014 წლის 14 იანვრის მიმართვა მშენებლობის კანონიერების შესახებ ბათილდება ამავე ქუთაისის მერიის მიერ, 2014 წლის 7 მაისს კასატორებისთვის გაგზავნილი მიმართვით, რომ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის გამო ამხანაგობა „...“ მიეცა გაფრთხილება კანონდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ მტკიცებულებებზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ ქმედების განხორციელებისგან. კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის მერიის მიერ სადავო ფართზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის აღკვეთაზე უარით ირღვევა კასატორების საკუთრების უფლება, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. რამდენადაც, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩა №6/... ქუჩის №7-ში, პირველ სართულზე მდებარე 8,80 კვ. მეტრ ფართთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა 2013-2014 წლებში და მოსარჩელეებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უარი ეთქვათ სადავო ობიექტის მფლობელთა მიმართ საჯარიმო სანქციის გატარებაზე. ამდენად, სადავო ფართში განხორციელებული მშენებლობის კანონიერების საკითხი განხილული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თუმცა ადმინისტრაციულ წარმოებას რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ გასულია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. ა. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 05.06.17წ. საგადასახადო დავალებით მის მიერ მ. ჩ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე