Facebook Twitter

საქმე Nბს-567-564(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი (მოპასუხე)

მესამე პირი - ,,…“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...“ 2015 წლის 24 ნოემბერს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოში მოპასუხე - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 8 მაისის №912/03 ბრძანების ბათილად ცნობა; საქპატენტის სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის №87-03/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქპატენტის სააპელაციო პალატის თავჯდომარის 2015 წლის 1 ოქტომბრის №275 ბრძანების ბათილად ცნობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ,,…“ .

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ არ არის მართებული 2017 წლის 31 იანვრის განჩინებაში ასახული სააპელაციო პალატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველი - სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც აღწერლობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისგან, ანდა მიჩნეულია ასეთად. აკრძალულია ასეთი სიმბოლოების რეგისტრაცია, რომლებსაც არ შესწევთ უნარი შეასრულონ სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელუნარიანობის ფუნქცია, რადგან სიმბოლო პირდაპირ აღნიშნავს თავად საქონელს. კასატორი განმარტავს, რომ ვინც არ უნდა გამოიყენოს ასეთი სიმბოლო, ის მხოლოდ საქონლის აღმნიშვნელი იქნება და ვერ მიუთითებს, რომ მისი მწარმოებელი მოცემული ერთი რომელიმე მეწარმეა, ანუ ერთადერთია, როგორც ამ საქონლის წარმოშობის წყარო. კიდევ უფო კონკრეტულად, იგი ვერ ასრულებს სასაქონლო ნიშნის ფუნქციურ დანიშნულებასა და მიზანს.

კასატორი მიუთითებს, რომ რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს სიგარეტის ღერის გამოსახულებას და რეგისტრირებული ნიშნის დასატან საქონლად მითითებულია 34-ე კლასის ჩამონათვალის ერთადერთი საქონელი - სიგარეტი. სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული სიმბოლო პირდაპირ და უშუალოდ აღწერს იმ საქონელს, რაზე გამოსაყენებლადაც ის არის განკუთვნილი. შესაბამისად, ამგვარი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. კასატორი აღნიშნავს, რომ განჩინებით სადავო სასაქონლო ნიშნის საკმარის განმასხვავებელ ელემენტად და რეგისტრაციაუნარიანად, მიჩნეული იქნა გამოსახულებითი ნაწილი, რომელიც სიგარეტის ფილტრიდან დაწყებული გასდევს სიგარეტის სიგრძეს. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემული მსჯელობა არასწორია, რადგან ნახატი სიბრტეა და მოცულობით ელემენტად არ შეიძლება იყოს განხილული. მოცულობითი ნიშანი შეიძლება გამოსახავდეს მხოლოდ სამგანზომილებიან ფიგურას. ფიგურა სხვადასხვა ნახატით ვერ იქნება და არ უნდა იქნეს მიჩნეული ახალ სამგანზომილებიან ფიგურად. მოცულობითი სასაქონლო ნიშნის დანიშნულებაა მომხმარებელმა მოცულობის ტანით გამოარჩიოს მისთვის სასურველი საქონელი. ეს საქონელი შეიძლება იყოს, როგორც უშუალოდ პროდუქტი, რომელიც შეფუთვის გარეშე იყიდება, ისე შეფუთვა, როდესაც საქონელი სხვაგვარად ვერ გაიყიდება. მოცულობითი სასაქონლო ნიშანი თავად უნდა წარმოადგენდეს განმასხვავებელ სიმბოლოს.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, „…“ ჩვეულებრივ, არაგანმასხვავებელ საქონელს წარუდგენს მომხმარებელს, როგორც ნიშანს ბრტყელი ელემენტების დატანით ასეთი სიმბოლოები რეგისტრირდება, როგორც გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნები, დამოუკიდებლად იმ საქონლისგან, რომლზეც არის განკუთვნილი მისი დატანა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, წარმოდგენილი მოცულობითი ნაწილი არის თუ არა სადავო ნიშანი აღწერილობითი საქონლის მიმართ. საქონელია სიგარეტი, ხოლო მოცულობითი გამოსახულება სწორედ ჩვეულებრივ სიგარეტს წარმოადგენს, რასაც არც ერთი ინსტანციის სასამართლო და არც საქპატენტი, მფლობელის ჩათვლით, არ უარყოფს. სადავო არ არის და სასამართლოსაც გაცნობიერებული აქვს, რომ მოცულობა სიგარეტის ღერს აღწერს. ერთადერთ განსხვავებას, რომელიც მიიჩნევა, რომ განმასხვავებლობას სძენს სასაქონლო ნიშანს, ხედავენ ზედაპირზე დატანილ გამოსახულებაში, მაგრამ ეს გამოსახულება არ არის მოცულობითი ელემენტი და ამდენად, სიგარეტის ღერის ჩვეულებრივ მოცულობით სახეს ვერ ცვლის. თავად მოცულობითი სიმბოლო განმასხვავებლობას ვერ იქნეს ამ გზით, თორემ დამოუკიდებლად თავად ამგვარი სიმბოლო შეიძლება იყოს განმასხვავებელი საქონლისათვის.

კასატორი აღნიშნავს, რომ არარელევანტურია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ნიშანი შეიძლება იყოს დატანილი სიგარეტის კოლოფზე და მას მომხმარებელი ადვილად ნახავს სიგარეტის რეკლამებში, სათანადოდ გაფორმებულ ვიტრინებსა და დახლებზე. მოცემული მსჯელობა არის იმის დასტური, რომ არ ხდება მოცულობითი ნიშნის გამიჯვნა სიმბოლოს გამოსახულებითი ელემენტისგან. კასატორი მიუთითებს, რომ პალატის მიერ არ არის განხილული „თამბაქოს კონტროლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ჩანაწერი, რომელთა მიხედვით, აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა ღერებით და შეფუთვის გარეშე და ის მხოლოდ კოლოფებში დაფასოებული შეიძლება იყიდებოდეს დახურულ მდგომარეობაში, გარშემორტყმული პოლიეთილენის აფსკით. სადავო სიმბოლოს გამოსახულება გამოსაყენებელია სიგარეტის ღეროზე დასატანად. მომხმარებელი ასეთ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანს ვერც ხედავს და ვერც აღიქვამს, რადგან სიგარეტის ღერი სავაჭრო ურთიერთობებში არ მონაწილეობს. ასეთ საქონელზე დატანილ სიმბოლოს არ შესწევს უნარი მომხმარებელს აუწყოს, რომ სიგარეტის კოლოფს წარმოშობს მოცემული სასაქონლო ნიშნის მფლობელი მეწარმე, რომელიც მომხმარებელმა უნდა აღიქვას საქონლის წარმოშობის ერთადერთ წყაროდ. სიგარეტის ღერზე გამოყენების შემთხვევაში, სიმბოლო ვერ განასხვავებს ერთ საწარმოს საქონელს მეორისგან.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სათანადო ანალიზის განხორცილების გარეშე იქნა გამოყენებული არარელევანტური მაგალითები ისეთი ნიშნების რეგისტრაციისა, რომელიც არ წარმოადგენს დავის საგნის ანალოგს და სრულად დაუსაბუთებელს ხდის გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „...“ მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისას არ ექმნება შეზღუდვები აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით და მიუთითა, რომ მსგავსი ორნამენტებით გაფორმებული სიგარეტი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2013 წლიდან. მოცემული მსჯელობა არამართებულია, რადგან არამართლზომიერად რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის მფლობელობით „...“ წარმოეშობა უფლება, შეზღუდოს შპს „...“ ძირითადი საქმიანობა, აუკრძალავს ამგავრი მოცულობითი სასაქონლო ნიშნის - სიგარეტის მოცულობითი გამოსახულების გამოყენებას.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცულობითი სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების თავიდან აცილების, მოცემულ სფეროში სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანია განხორციელდეს სიღრმისეული მსჯელობა. სასამართლოს არამართებული მსჯელობით, გამოყენებული ნორმების არასწორი ინტერპრეტაციით, მათი შინაარსისა და მიზნის არასწორი დადგენით, სათანადო ნორმების გამოუყენებლობით არასწორად იქნა დადგენილი სადავო ნიშნის მართლზომიერება და ამდენად, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ, მართლზმოერი გახდა რეგისტრიებულ კლასთან აღწერილობითი ნიშანი, რომელიც ვერ ასრულებს სასაქონლო ნიშნისათვის განსაზღვრულ ფუნქციას. დაუშვებელია ძალაში დარჩეს ამგვარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება სათავე დაუდოს მორიგ უზუსტობას და არის ადგილობრივი წარმოების შემაფერხებელი მექანიზმი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა და სწორად განმარტეს, რომ სიგარეტის ღერი არის საქონელი და ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაცული, რადგან მას აქვს გარეგნული ფორმა ამ ფორმაზე გაფორმებული პარალელური ლურჯი ფერის ხაზებით, სადაც არის ასევე დატანებული ნაცრისფერი ხაზები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს სიმბოლოს მასზე არსებული გამოსახულებებით, რაც თავისთავად გულისხმობს ასეთი სასაქონლო ნიშნის დაცვას მით უფრო მაშინ, როდესაც ჩანაწერი არ არსებობს ასეთი საქონელის დაუცველობისა. აქედან გამოდინარე, მართებულია მსჯელობა, რომ თავად სიგარეტის ღერი, როგორც გამოსახულება კი არ უნდა იქნეს დაცული, არამედ ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მასზე დატანებული გამოსახულება, როგორც სიმბოლო უნად იყოს დაცული.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...“ (ს/ნ…) დაუბრუნდეს 24.05.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით ანა მ-ი - ო-ს (პ/ნ 01024014414) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე