საქმე # 330310016001323091
საქმე N ბს-832-828(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ე
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-ემ 2016 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 მარტის №1577 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ს. მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის 2016 წლის 14 მარტიდან თითოეულ თვეზე 45 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით განსახილველ საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 მარტის №1577 ბრძანება, ს. მ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. მ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ს. მ-ისათვის - დევნილის სტატუსის შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდისათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ს. მ-ე არ წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს 2008 წლების მოვლენების დროისათვის. იგი სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 2010 წლიდან, 2009 წლიდან ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი, ... ქუჩა, შესახვევი N3. ასევე წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში ფლობს N ... კოტეჯს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ქონის კანონიერების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ N434 ბრძანების შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში 2015 წლის 1 ოქტომბერს ს. მ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება, რა დროსაც მოსარჩელემ განმარტა, რომ დაიბადა 19... წელს ახალგორში. 19... წელს დაამთავრა ახალგორის საშუალო სკოლა. 19... წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ქ. თბილისში. 1998 წელს დაოჯახდა ქ. რუსთავში. მის მეუღლეს - ო. მ-ეს და შვილებს ლ. და გ. მ-ეებს არ აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 1986 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა ქ. რუსთავის ... სამსახურში, ეკონომისტად. მისი განცხადებით ახალგორში საცხოვრებლად გადავიდა 2005 წელს, რადგან დედა - თ. გ-ს ესაჭიროებოდა მოვლა და მზრუნველობა შვილებმა საშუალო განათლება მიიღეს ქ. რუსთავში. სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ს. მ-ეს 2009 წლამდე უფიქსირდება მისამართი: ქ. რუსთავი, ... ქუჩა N6, ბინა N21. ასევე აღნიშნა, რომ ახალგორში ცხოვრობდა დედასთან თ. გ-თან ერთად და ახალგორი დატოვა 2008 წელს.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (2015 წლის 9 ივნისი) ს. მ-ის 2008 წლამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. 2015 წლის 8 ივლისის N29891 საპასუხო წერილით დადგინდა, რომ ს. მ-ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში.
კასატორი განმარტავს, რომ მიუხედავად, ახალგორის გამგეობიდან მიღებული წერილის შინაარსისა, სადაც მითითებულია, რომ ს. მ-ე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ახალგორში, სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების მასალებზე დაყრდნობით, მოსარჩელე არ წარმოადგენს 2008 წლამდე დაბა ახალგორში მუდმივად მცხოვრებ პირს, ამასთან ს. მ-ის დედა - თ. გ-ი, რომელის მოსავლელადაც იყო მოსარჩელე ჩასული ახალგორში, გარდაიცვალა 2007 წელს, შესაბამისად,ის გარემოება რა მიზნითაც იყო ჩასული ს. მ-ე ახალგორში დედის გარდაცვალების გამო ფაქტობრივად აღარ არსებობდა.
კასატორის განმარტავს, რომ სტატუსის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მას იძულების წესით ჰქონდა დატოვებული. ს. მ-ეს თავის დროზე დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ცრუ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. საქმეში არსებული ყველა გარემოებითა თუ მტკიცებულებით ნათლად დასტურდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი,სადაც დევნილობამდე და დევნილობის შემდგომაც ცხოვრობა მეუღლესა და შვილებთან ერთად.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის შვილებსა და მეუღლეს არ აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ს. მ-ის საკითხთან მიმართებაში არ დასტურდება მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ახალგორის რაიონში 2008 წლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. მ-ე 2005 წლიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში და ეწეოდა მუდმივ საყოფაცხოვრებო მეურნეობას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ს. მ-ე წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლის დაუდასტურებლობის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1896-1849(კ-10) და №ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებით, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლითაც დადასტურდა ს. მ-ის 2008 წლამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაკეთებული მისივე ახსნა - განმარტება და გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაცია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, ის გარემოება, რომ ს. მ-ემ წარადგინა ყალბი დოკუმენტი ან/და ცრუ ინფორმაცია დევნილის სტატუსის მოპოვებისას, რაც გამორიცხავს სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
რაც შეეხება მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს დევნილის სტატუსი არამართლზომიერად შეუწყდა, ამდენად, უკანონოდ შეუწყდა მას დევნილის შემწეობა, რაც განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს უკანონო აქტების გამოცემით მოსარჩელისათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი, სტატუსის შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად,კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე