Facebook Twitter

ბს-770-766(კ-17) 07 მარტი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. წ-მა 17.03.2015წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში მოპასუხის 12.02.2015წ. N3 ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხის 16.02.2015წ. ელექტრონული შეტყობინების ბათილად ცნობა, კონკურსის გასაუბრების ეტაპის ბათილად ცნობა იმ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით, რომელზეც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი, მოპასუხისათვის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2015წ. გადაწყვეტილებით, ს. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 12.02.2015წ. N3 საოქმო გადაწყვეტილება ს. წ-ის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაევალა აღნიშნულ თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინებით ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2015წ. გადაწყვეტილება, რაც ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად დააგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა ნორმები, რამაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის 5.4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად. კასატორმა აღნიშნა, რომ ს. წ-ს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ეთქვა უარი. კანდიდატის შეფასებისას კომისიამ იხელმძღვანელა კონკურსის პრინციპებით. კასატორის მოსაზრებით, ს. წ-ის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნა, ბევრად მეტი რისკის შემცველი იყო, ვიდრე მისთვის დანიშვნაზე უარის თქმა. საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებისა და სათანადო უნარ-ჩვევების არმქონე პირის დანიშვნა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობა, კანდიდატებისთვის, მათ შორის ს. წ-ისათვის, დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. ამდენად, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სადავო აქტი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამათანავე, კომისიის მიერ არ ჩატარებულა კენჭისყრა, რაც საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის 14.1 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი