ბს-1010-1006(კ-17) 29 მარტი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. გადაწყევტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. პ-მა 23.06.2016წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების თანხის - 8 000 ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის - 1 900 ლარისა და მორალური ზიანის - 100 000 ლარის დაკისრება.
რ. ტ-მა 24.06.2016წ. წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის - 1 900 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.06.2016წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები ს. პ-ის სარჩელის გამო და რ. ტ-ის სარჩელის გამო გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.10.2016წ. გადაწყვეტილებით ს. პ-ისა და რ. ტ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ს. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის - 5 000 ლარის, იურიდიული მომსახურების 8 000 ლარის და სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის 1 000 ლარის გადახდა, მოპასუხეებს რ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის - 5 000 ლარისა და სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის 1 000 ლარის გადახდა, რაც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.10.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის - 5 000 ლარის, იურიდიული მომსახურების თანხის - 8 000 ლარისა და სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა. რ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის - 5 000 ლარისა და სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.10.2016წ. გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ.
კასატორმა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლზე, სზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებზე, სსკ-ის 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირს ზიანი აუნაზღაურდება, როდესაც ზიანი მიადგა განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთანავე, მოხელის უკანონო ქმედება უნდა გამომდინარეობდეს მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა იქნეს გაგებულ, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება. კასატორმა აღნიშნა, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგი. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის ნაწილში ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. სისხლის სამართლის საქმეზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი არ არის, აგრეთვე, ს. პ-ის მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის სახით გადახდილი 8 000 ლარის საშემოსავლო გადასახადის გადახდის დოკუმენტი. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ადვოკატის ყოლა წარმოადგენს ბრალდებული უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სასკ-ის 34.3 მუხლით დადგენილ დასაშვებობის პიროებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 1005.3 მუხლის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის მართებული კასატორის მოსაზრება ბრალის არარსებობის გამო მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე. მორალურ ზიანთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ნდობის ხარისხი მათ მიმართ, რაც ზრდიდა განცდების ინტენსიობას. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ს. პ-ი მონაწილებდა 15.06.2014წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.05.2014წ. გამამტყუნებელი განაჩენი იქონიებდა გავლენას ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე. სისხლის სამართლის საქმეზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეებს 13-ჯერ მოუწიათ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 4-ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება, რაც ადასტურებს მათ მიერ მგზავრობის ხარჯის გაწევას. ამასთანავე, საქმეში დაცული მტკიცებულებებით - ს. პ-სა და ...-ს შორის დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით და სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება ს. პ-ის მიერ 8 000 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართელოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე