Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-26-26(კ-18) 18 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.12.2016წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

საკასაციო სასამართლოს 22.01.2018წ. განჩინებით შპს „…“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის შესახებ განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ შპს-ს მისამართზე და 22.02.2018წ. ჩაბარდა წარმომადგენელ თ. ა-ს, რომლის მინდობილობას გზავნილის ჩაბარების მომენტისათვის ვადა ჰქონდა გასული (მოქმედებდა 2018 წლის 18 იანვრამდე).

12.03.2018წ. საკასაციო პალატაში ხარვეზის შევსების მიზნით წრამოდგენილ იქნა შპს „…“ განცხადება, რომელსაც შპს-ს სახელით ხელს აწერდა თ. ა-ი. მისი უფლებამოსილების დამდგენი რაიმე დოკუმენტი განცხადებას არ ერთვოდა. განცხადებაზე თანდართული იყო მხოლოდ 28.02.2018წ. N0015 საგადახდო დავალების ასლი, რომლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად მითითებული იყო არა კასატორი, არამედ სხვა მეწარმე სუბიექტი - შპს „პ...“.

საკასაციო პალატის 22.03.2018წ. განჩინებით შპს „…“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. კასატორს განემარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა განცხადებაზე შპს-ს სახელით ხელმომწერი პირის - თ. ა-ის შპს „…“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვა. ამასთანავე, განცხადებაზე თანდართული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ასლი და არა დედანი, გარდა ამისა ქვითარში ბაჟის გადამხდელ სუბიეტად ფიქსირდებოდა კასატორისგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მეწარმე სუბიექტი - შპს „პ...“. აღნიშნული განჩინება შპს „…“ გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მის ძირითად მისამართზე. განჩინება 25.04.2018წ. ჩაიბარა თ. ა-მა.

14.05.2018წ. საკასაციო პალატაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა შპს „…“ განცხადება, რომელსაც შპს-ს სახელით ხელს აწერდა თ. ა-ი. განცხადებაზე თანდართული იყო შპს „…“ დირექტორის მიერ თ. ა-ის სახელზე გაცემული 01.05.2018წ. N18/05-01 რწმუნებულება, რომლითაც თ. ა-ს მინიჭებული ჰქონდა შპს-ს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება. განცხადებაზე ასევე თანდართული იყო 01.05.2018წ. N1 საგადახდო დავალების დედანი, რომლითაც დასტურდება ი. ჩ-ის მიერ შპს „…“ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 22.03.2018წ. განჩინება შპს „…“ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და თ. ა-ს 25.04.2018წ. ჩაბარდა. ამასთანავე, მართალია გზავნილის ჩაბარების მომენტში თ.ა-ი არ იყო შპს-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მასზე მინდობილობა გაიცა 01.05.2018წ., ამდენად, ამ მომენტიდან თ. ა-ი, რომელსაც პირადად ჩაბარდა ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები, აღჭურვილი იყო კასატორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. აღნიშნულის მიუხედავად, ხარვეზის შევსების მიზნით კასატორის უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენი განცხადება (ხელმომწერი თ. ა-ი) ფოსტას ჩაბარდა მხოლოდ 11.05.2018წ. - ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან მე-16 და მინდობილობის გაცემიდან - მე-10 დღეს. ამდენად, ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია სახელწიფო ბაჟი გადახდილია თ. ა-ის მიერ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან მე-6 დღეს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ხარვეზის შევსებას, რადგან ხარვეზის შესახებ 22.01.2018წ. განჩინებით კასატორს დაევალა არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებაზე შპს „…“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. ი. ჩ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი