Facebook Twitter

საქმე¹ბს-395-392(კ-17) 17 მაისი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტი გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. კ-მა 08.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.03.2015წ. N2015/1 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.06.2015წ. N04/43592 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ვ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს, 2002 წლის 18 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 403 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებდა 2013 წლის 01 ნოემბრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 09.09.2011წ. N500 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 03.12.2013წ. N937 ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის 12.2 მუხლის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 01 ნოემბრიდან შეუწყდა კომპენსაციის მიღება, რის გამოც არაერთხელ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრის 23.03.2015წ. N2015/1 გადაწყვეტილებით ვ. კ-ს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.2 მუხლის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 16.06.2015წ. N04/43592 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებებით უკანონოდ იზღუდება მისი უფლებები და იურიდიული ინტერესი, რის გამოც ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 23.12.2005წ. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნა ის ნორმები, რომლებიც მისთვის საპენსიო პაკეტის დანიშვნის საფუძვლებს განსაზღვრავენ, მიღებულ იქნა ახალი კანონი „სახელმწიფო კომოენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, რომლის თანახმად 36.2 მუხლში მითითებული საკანონმდებლო აქტით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდათ კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად, პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დაცვა ვრცელდება პენსიაზე, რომელიც ამ მუხლის მნიშვნელობით საკუთრებას წარმოადგენს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების, გაცემისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მაგრამ არა პენსიის წარმოშობის საფუძვლებს, რომელიც „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონით განისაზღვრებოდა. სადავო აქტებს საფუძვლად უდევს 2006 წელს ამოქმედებული კანონი, რომლის გავრცელება იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა მის ამოქმედებამდე, კერძოდ, 2002 წელს, დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ამოქმედდა სამართალურთიერთობის წარმოშობის შემდეგ და ცალსახად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვინაიდან არ ითვალისწინებს იმ თანამდებობის პირისათვის კომპენსაციის გაცემას, რომელიც ეკავა მოსარჩელეს (სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად მოსარჩელე ღებულობს ასაკით პენსიას, რაც კუთვნილ პენსიაზე გაცილებით ნაკლებია), მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი (სასკ-ის 22-ე, 32-ე მუხ.) და სააგენტოს უნდა დაევალოს აქტის გამოცემა მისთვის კომპენსაციის აღდგენის თაობაზე (სასკ-ის 23-ე, 33-ე მუხ.).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2016წ. გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.06.2015წ. N04/43592 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრის 23.03.2015წ. N2015/1 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ს 2002 წლის 18 მარტიდან საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ხაზით დანიშნული ჰქონდა პენსია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 19.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის საფუძველს წარმოედგენს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. ზემოხსენებული წესის 19.3 მუხლის მიხედვით შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი - საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, წარმოიშვა 2011 წელს, ხოლო შეწყვეტის საფუძველი აღმოფხვრილ იქნა 2013 წელს, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი დარჩა იგივე. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, იმავე საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა განხილულ უნდა იქნეს კომპენსაციის აღდგენა/განახლებად, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს უკვე არსებულის გაგრძელებას, მოცემული შემთხვევისთვის - 2002 წელს დანიშნული კომპენსაციის გაცემის გაგრძელებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპენსაციის შეწყვეტა, თავის არსით, კომპენსაციის შეჩერებას გულისხმობს, შესაბამისად, 2002 წელს დანიშნულ კომპენსაციაზე უნდა გავრცელდეს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა და მოსარჩელე იმ უფლებებში უნდა აღდგეს, რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2015წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 36-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-19 მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ, პირს ხელახლა დაენიშნება კომპენსაცია შესაბამისი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი - საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა წარმოიშვა 2011 წელს, იგი აღმოფხვრილ იქნა 2013 წელს მოქალაქეობის მინიჭების გზით, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი იგივე დარჩა. სააპელაციო პალატამ საკასაციო პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის მიზანმიმართულად უნდა განიმარტოს. პალატის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი გულისხმობს უშუალოდ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის ფაქტობრივი საფუძვლების გაქარწყლებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ვ. კ-ს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის შესაბამისად, 2002 წლის 18 მარტიდან საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ხაზით დანიშნული ჰქონდა პენსია. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მაოქმედებამდე ძველი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც აღნიშნული კანონის შესაბამისად გაცემული კომპენსაცია. ამავე კანონის 37.1 მუხლის მიხედვით, კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწიებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომპენსაციის საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ვ. კ-ს სხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის 09.09.2011წ. N500 ბრძანებულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 03.12.2013წ. N937 ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის 12.2 მუხლის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. კასატორმა მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. ამდენად, ზემოხსენებული კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად, 2011 წლის 9 სექტემბრიდან ვ. კ-ისათვის, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და სრულად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიუხედავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 25.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ვ. კ-ს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოსათვის არ უცნობებია.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 19.3 მუხლის თანახმად, შეწყევტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა ხორციელდება კანონითა და წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტები. კომპენსაციის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 2006 წლის 01 იანვრიდან მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გაცემას აღარ ითვალისწინებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის ან/და ხელახალი დანიშვნის საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნეს გასაჩივრებული აქტები, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ვ. კ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნა წარმოადგენდა კომპენსაციის პირველად დანიშვნას, თუ უკვე არსებულის განახლებას, სადავო აქტები არ შეიცავს კანონშესაბამის დასაბუთებას მოცემულ საკითხთან მიმართებაში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე არ არის გამოკვლეული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, როგორიაა: ვ. კ-ისათვის კომპენსაციის თავდაპირველად დანიშვნის საფუძველი, სადავო აქტების გამოცემის დროისთვის ვ. კ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის ძალაში ყოფნა, ვ. კ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის და ხელმეორედ მინიჭების საფუძველი.

გასაჩივრებული განჩინებით ვ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად გააიგივა კომპენსაციის შეჩერებასთან და აღნიშნა, რომ არ შეცვლილა კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი - საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, წარმოიშვა 2011 წელს, და 2013 წელს იქნა აღმოფხვრილი, ხოლო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი დარჩა იგივე, კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, იმავე საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა განხილულ უნდა იქნეს კომპენსაციის აღდგენა/განახლებად, რაც თავის მხრივ მოიაზრებს უკვე არსებულის გაგრძელებას ანუ, მოცემული შემთხვევისთვის - 2002 წელს დანიშნული კომპენსაციის გაცემის გაგრძელებას, შესაბამისად, 2002 წელს დანიშნულ კომპენსაციაზე უნდა გავრცელდეს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა და მოსარჩელე იმ უფლებებში უნდა აღდგეს, რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოების ხსენებული მოსაზრებები დაუსაბუთებელია და არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა განასხვავებს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტისა და შეჩერების შემთხვევებს, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების და განახლების საფუძვლებს, ხოლო კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს შეწყვეტის საფუძვლებს. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის და არა შეჩერების საფუძველს („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31-ე მუხ. „ზ“ ქვპ., „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 19.1. მუხ. „ზ“ ქვპ.). კომპენსაციის განახლება დასაშვებია კომპენსაციის შეჩერების შემთხვევაში (კანონის 30-ე მუხ., წესის 18.2 მუხ., 20.1 მუხ.), შეჩერებული კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო კომპენაციის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა, კომპენსაციის დანიშვნა ხდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად (წესის 19.3 მუხ.).

კომპენსაციის აღდგენას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეული იქნეს კომპენსაციის შეჩერებად (სუს 02.07.2015წ. ბს-77-75 (კ-15)). რაც შეეხება განსახილველ დავას, კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა, არ დადგენილა მისი უკანონობა, საქართველოს მოქალაქოებიდან გასვლა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის საფუძველს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კომპენსაციის შეწყვეტა მოხდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო. ამდენად, არ დგინდება ვ. კ-ისათვის კომპენსაციის შეწყვეტის უკანონობა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებელი. ვინაიდან კომპენსაციის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა კომპენსაციის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-19 მუხ.). ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონმდებლობით დადგენილი პირობების არსებობის დადგენას.

საქართველოს პრეზიდენტის 10.06.2014წ. №237 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების სახეები: დაბადება და ნატურალიზაცია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ნატურალიზაციის სახეები (მოქალაქეობის აღდგენა, მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო წესით მინიჭება), საქმის მასალებში არ მოიპოვება მოქალაქეობის შეწყვეტისა და მინიჭების აქტები. მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში, რომელიც სხვა სახეობებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, დადგენას საჭიროებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მომენტი, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესაძლებლობას (საქართველოს პრეზიდენტის 10.06.2014წ. #237 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 34.5 მუხ.), ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობის დაკარგვასა და მინიჭებას შორის წყვეტის არარსებობის, ერთდროულობის გამო, შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეობის შეწყვეტამდე არსებული სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის გაგრძელება, თუმცა ასეთი მოცემულობა საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება. საქმეში არ მოიპოვება მოქალაქეობის შეწყვეტის და მინიჭების აქტები, თუმცა სასარჩელო განცხადებასა და სადავო აქტების შინაარსის მიხედვით იკვეთება, რომ მოსარჩელეს მოქალაქეობა შეუწყდა 09.09.2011წ. #500 ბრძანებულებით, ხოლო 03.12.13წ. #937 ბრძანებულებით მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. თავდაპირველი კომპენსაციის აღდგენის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ ვ. კ-ი აგრძელებდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 25.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვ. კ-ს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ არ უცნობებია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და განაგრძობდა კომპენსაციის მიღებას, სააგენტოსთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის ოქტომბერში სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რის შემდეგაც ძველი თბილისის ცენტრის 01.11.13წ. გადაწყვეტილებით კომპენსაცია შეწყდა 1 ნოემბრიდან, ამასთანავე კანონის 381 მუხლის თანახმად, ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია დაექვემდებარა ლეგალიზაციას.

საქმის მასალებში არ მოიპოვება ვ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის და შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად არ ირკვევა მათი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა აღნიშნული საკითხების შესახებ შესატყვისი მტკიცებულებების გამოთხოვის და გაცნობის გარეშე. სასკ-ის 102.2 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არა დაშვებებსა და ვარაუდებს, არამედ სამართალწარმოების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, საქმეში დაცული აქტებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებში მითითებული გარემოება ვ. კ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნისა და შეწყვეტის, მოქალაქეობის დაკარგვისა თუ მინიჭების შესახებ დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა გამოთხოვით და მითითებული აქტების გამოცემის საფუძვლების გაცნობით შესაძლებელია სწორი სამართლებრივი დასკვნის გაკეთება. აღნიშნული ვალდებულებისაგან სასამართლოს არ ათავისუფლებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, თავდაპირველი მოთხოვნა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის დავალების შესახებ (სასკ-ის 23-ე, 33-ე მუხ.) შეცვალა და მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა და საკითხის ხელახალი განხილვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლვისა და შეფასების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს და არ გამოიკვლია, სასამართლო შემოიფარგლა ნორმის განმარტების საჭიროებაზე მითითებით, თუმცა აღნიშნული ქმნის არა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების, არამედ სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველს, რომელსაც თავისთავად მოიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენას (სსკ-ის 248-ე მუხ.).

ვ. კ-ისათვის თავდაპირველად დანიშნული სახელმწიფოს გასაცემელის საფუძვლის დაუდგენლობის მიუხედავად სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი იგივე დარჩა. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასარჩელო განცხადებაში ვ. კ-ი აღნიშნავს, რომ მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, კერძოდ, ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. გასაჩივრებულ აქტებში, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.2015წ. #2015/1 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვ. კ-ს 2001 წლის 18 მარტიდან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების გამო დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია (უწყება შსს, სამსახური - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი) (ს.ფ.18). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 16.07.2015წ. #04/43592 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვ. კ-ს, როგორც საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის საბაჟოს სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 1999 წლის 28 სექტემბრიდან დათხოვნილ პირს, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით, შსს-ს ხაზით 2002 წლის 18 მარტიდან დაენიშნა კომპენსაცია (ს.ფ. 27). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვა ქმნის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დამატებით საშეღავათო პირობებს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-3, მე-17 მუხლები ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას სამხედრო მოსამსახურეებისათვის, სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელისათვის, რომელიც იყო საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკი, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები. დაუსაბუთებელია კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტთა წრისადმი მოსარჩელის კუთვნილება. საქმის მასალების მიხედვით ვ. კ-ს ეკავა აფხაზეთის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, რომელიც სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შედიოდა, შესაბამისად მოპასუხის მითითება ვ. კ-ისათვის თავდაპირველად სახელმწიფო კომპენსაციის შსს სამინისტროს ხაზით დანიშვნის სამართლებრივი საფუძველზე გაურკვეველია.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებივი თვალსაზრისით (სსკ-ის 377.1 მუხ.), განსხვავებით საკასაციო სასამართლოსგან, რომელიც არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი ინსტანცია, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. პირველი ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა ვ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვით. საქმეში არ მოიპოვება საპენსიო საქმის წარმოდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიებულება, პირიქით, საკასაციო საჩივარში კასატორი თავის მოსაზრებებს აყალიბებს საპენსიო საქმის მასალებზე დაყრდნობით. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას საპენსიო საქმის გამოთხოვისა და მასში არსებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სადავო აქტების კანონიერების გარკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ვ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტი, საიდანაც მხარეთა მითითებით 2002 წელს განთავისუფლდა ვ. კ-ი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 25.08.2000წ. №199 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ თანახმად სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო (1.1. მუხ.). აღნიშნული უწყებიდან დათხოვნილი პირების სოციალური უზრუნველყოფა პენსიის მიღების გზით გარანტირებული იყო საქართველოს საბაჟო კოდექსით (მიღებულია 14.11.1997წ., ძალა დაკარგა 01.01.2007წ.), რომელიც ადგენდა, რომ საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით (168.3 მუხ.). „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ძველი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც აღნიშნული კანონის შესაბამისად გაცემული კომპენსაცია. 2006 წლიდან ამოქმედებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირების და მათი ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გაცემას. სწორედ აღნიშნულის გამო სადავო აქტებით ეთქვა უარი ვ. კ-ს კომპენსაციის დანიშვნაზე. ვ. კ-ი გათავისუფლებულია საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის საბაჟო სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან, შესაბამისად არ დასტურდება, რომ მოსარჩელე განეკუთვნებოდა იმ სუბიექტთა წრეს, რომლებისთვისაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება. სადავო აქტის თანახმად ამჟამად ვ. კ-ი სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად იღებს ასაკის საფუძვლით პენსიას. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი დარჩა იგივე, რაც არსებობდა 2002 წელს პენსიის დანიშვნის დროს არ არის დასაბუთებული.

საფუძველს მოკლებულია აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი, ამ კანონის მიერ მისი მდგომარეობის გაუარესების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის გამოყენებას არ გამორიცხავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 47.1 მუხლი, რომლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ხსენებული ნორმა გულისხმობს კანონისთვის ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭებას, წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კანონი ეხება სოციალური უზრუნველყოფის ურთიერთობებს არა სოციალური გასაცემლის თავდაპირველი დანიშვნიდან („ex tunc), არამედ კანონის ძალაში შესვლიდან (ე.წ. არანამდვილი უკუძალა), ახალი კანონი ზემოქმედებს დენადი სოცუზრუნველყოფის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან („ex nunc“), რასაც არ გამორიცხავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 47-ე მუხლი. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს მის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის დღიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.06.2012წ. გადაწყვეტილება „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ“).

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას, რაც შეეხება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონს, მოსარჩელე ზოგადად აღნიშნავს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მისი მდგომარეობის გაუარესებაზე, მოსარჩელე არ უთითებს კონკრეტულ საკანონმდებლო აქტით შეტანილ ცვლილებას, რომლის მოქმედების გამორიცხვასაც მის მიმართ მოითხოვს მოსარჩელე, არ იკვეთება ხსენებული კანონის ძველი რედაქციის ულტრააქტიურობა, გაურკვეველია აგრეთვე მოსარჩელის მიმართ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის გამოყენების არგუმენტაცია.

მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.4 მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. კ-ის სასარჩელო განცხადება ისე დაკმაყოფილდა, რომ სასამართლოს არ გაურკვევია მითითებული დანაწესის შესაბამისად ზემოაღნიშნული შინაარსის ცნობის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი