საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-561-561 (ს-18) 16 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. თ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2018წ. ბრძანებაზე.
11.05.2017წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ფ/პ „თ. თ-ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მოპოვების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის 24.07.2017წ. ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია. აღნიშნული განჩინება გასაჩვირდა თ. თ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2018წ. ბრძანებით თ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2017წ. ბრძანება, მხარეებს განემარტათ, რომ ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნულ ბრძანებაზე საკასაციო პალატაში საჩივარი წარადგინა თ. თ-იმ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე (სასკ-ის 2121 მუხ.). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება საჩივრდება სააპელაციო პალატაში (სასკ-ის 2123.7 მუხ.), რომლის ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (სასკ-ის 2123.9 მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული სასამართლო წარმოება ორინსტანციურია, ნორმატიულად არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ საქმეებზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული ბრანების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასკ-ის 2123.9 მუხლის თანახმად, თ. თ-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2018წ. ბრძანებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი