# ბს-1072-1066 (კ-17) 17 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
28.09.2016წ. ს. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 05.09.2016წ. #7188/02-23/03-01 წერილის ბათილად ცნობა და ს. გ-ასთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების დავალება მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ (14.09.2017წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 10:14სთ.) ს. გ-ამ მოპასუხისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების დავალების ნაცვლად მოითხოვა მისი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2017წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება ს. გ-ას დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 05.09.2016წ. #7188/02-23/03-01 წერილი და დაევალა მოპასუხე ს. გ-ას განცხადების განხილვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
კასატორი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სახეზე იყო სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად ს. გ-ას განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. ს. გ-ას მიერ არ წარდგენილა ახალი მტკიცებულება, არ ყოფილა აგრეთვე მითითებული ისეთ ახალ გარემოებებზე, რაც საკითხის ხელახალი განხილვის საფუძველს წარმოშობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 05.09.2016წ. #7188/02-23/03-01 წერილი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ს. გ-ას განცხადების განხილვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. გ-ას განცხადებაში სხვა ახალ გარემოებაზე (მოწმეთა შესახებ) მითითება ქმნიდა განცხადების არსებითად განხილვის და შესაბამისი წარმოების ჩატარების საფუძველს. აღნიშნულის გამო კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული აქტი, რომლითაც განუხილველად დარჩა ს. გ-ას განცხადება. საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო პრეტენზიები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი