საქმე Nბს-856-852(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ხ-მა 2015 წლის 30 ივლისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის“ 2014 წლის 15 ოქტომბრის №17 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ს. ხ-ზე ქირის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2015 წლის 3 ივლისის №01-06 264 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სარჩელით მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება გასცეს ს. ხ-ზე ბინის ქირის საკომპენსაციო თანხა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით დარჩა ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის გადაწვეტილებით ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი); დაუბრუნდა ს. ხ-ს და მის წარმომადგენელს თ. კ-ეს სასამართლო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) სახით ზედმეტად გადახდილი 250 ლარი; ს. ხ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-მა. კასატორმა სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად კ-ს მეურნეობის საერთო ბინა დაზიანდა, საიდანაც გამოსახლებულია 11 ოჯახი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ 2014 წლის 20 აგვისტოს განიხილა მოქალაქეთა განცხადებები და მიიღო №14 საოქმო გადაწყვეტილება. აღნიშნულ სხდომაზე კომისიას ს. ხ-ის მიმართ არ უმსჯელია, რადგან ის დედასთან ერთად იმყოფებოდა სამკურნალოდ თბილისში. ს. ხ-ის განცხადების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის მიერ, 2014 წლის 15 ოქტომბრის კომისიის №17 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ის შეიყვანეს დაზარალებულთა სიაში. 2015 წლის 19 მაისის №01/1285 წერილი ს. ხ-ს ჩაბარდა 2014 წლის 15 ოქტომბრის კომისიის №17 და 2014 წლის 20 აგვისტოს №14 ოქმები. კომისიის სხდომაზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა და არ მიეცა უფლება და საშუალება კომისიისათვის გაეკეთებინა განმარტება და წარმოედგინა მტკიცებულებები.
კასატორი მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან დაზარალებულს არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და გაუგებარია, სხვა მაცხოვრებლებთან განსხვავებით, მას რატომ ეთქვა უარი ქირის თანხის გადახდაზე. ოქმში მითითებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ ის ცხოვრობს ქირის გარეშე ნათესავთან. 300 ლარი თითოეულ ოჯახზე გაიცემა 2013 წლის თებერვლის თვიდან. საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა, რაზეც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 3 ივლისს გამოსცა ბრძანება №01-06 264, რომლითაც უარი ეთქვა ს. ხ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. კასატორის მოსაზრებით სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მისი გამოცემით ს. ხ-ს ზიანი მიადგა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შებამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის №5 დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრულია, დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების გაწევის პირობები, კრიტერიუმები და დახმარების სახეები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაწეული დახმარება განისაზღვრება განხილვის ეტაპისათვის არსებული შესაძლებლობებისა და შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ ითვალისწინებს მანამდე გაწეული დახმარების სტანდარტული ფორმატის დაწესებას. იმავე მუხლის მე-2 პუნაქტის შესაბამისად, დახმარებას ექვემდებარება დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ კატეგორიები, მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხის მიხედვით და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 23 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კ-ეს მეურნეობის №1 საერთო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მდებარეობდა მოსარჩელის დედის, ვ. ხ-ის საცხოვრებელი ბინაც. თავად მოსარჩელე ს. ხ-ი ცხოვრობდა ქ. ბათუმში და საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, მდებარე ... ქუჩა №2-ში, ბინა №6, რაც მან გაასხვისა 2013 წლის 15 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რამდენადაც საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დასტურდება სტიქიური მოვლენის შედეგად ს. ხ-ის თავშესაფრის გარეშე დარჩენის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე