საქმე Nბს-862-858(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. ბათუმის საკრებულო, ქ. ბათუმის მუნიციალიტეტის მერია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 2016 წლის 12 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ქ. ბათუმის საკრებულოსა და, ქ. ბათუმის მუნიციალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის N19 დადგენილების 5-1 დანართის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის; ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N3 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 10 თებერვლის N25/1688 მიმართვისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 10 მარტის N25/3575 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად სადავო მოსაკრებლის გადამხდელია ნარჩენების წარმომქმნელი პირი, ხოლო გადასახადის ამოღებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამდენად, შპს „…“ მიერ მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მას არ გააჩნია მის მიერ გადახდილი თანხის ნარჩენების წარმომქმნელებისაგან რეგრესის წესით მოთხოვნის შესაძლებლობა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა გასაჩუვრებული აქტების გამოცემის უფლებამოსილებას, არამედ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე ნორმებთან სადავო აქტების შინაარსის შეუსაბამობის გამო, რამდენადაც იგი წარმოადგენს ბაზრობის ორგანიზატორს და არ არის აღნიშნულ ბაზრობაზე ნარჩენის წარმომქმნელი სუბიექტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შებამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის N19 დადგენილება და ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N3 დადგენილება გამოცემულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და მათ შესასრულებლად, რაც შესაბამისობაშია მითითებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, სადავო ნორმატიული აქტები არ ეწინააღმდეგება „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნებს, რამდენადაც სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, ... ქ. N3-ში, უძრავი ქონება არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 4667.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...), სადაც მოწყობილია ორგანიზებული ბაზრობები. კერძოდ, უძრავი ქონება დაყოფილია ცალკეულ კომერციულ ფართებად, სექტორებად და უჯრედებად, რომლებიც სათანადო ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მისი საკუთრების განკარგვის შედეგად წარმოშობილ ნარჩენზე შპს „...“ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება სრულ შესაბამისობაშია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონით და „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნებთან. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება;
3. კასატორს - შპს „…“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს 20.07.2017წ. №69 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე