979აპ-10 19 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. ყ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა _ ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მას გაუნახევრდა და გ. ყ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გ. ყ-ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულ გ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 16 ივლსიდან.
განაჩენით გ. ყ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბერის განაჩენით გ. ყ-ი დაუსწრებლად გასამართლდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2006 წლის 15 ივნისიდან 2009 წლის 2 აპრილამდე გ. ყ-ი მუშაობდა შპს “---- “ ცენტრალური საწყობის უფროსის თანამდებობაზე. თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ მან განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ქ. თბილისში, ლილოს დასახლება, --ქ. ¹12-ში მდებარე შპს “----- “ საწყობიდან დაუფლებოდა დიდი ოდენობის ღირებულების სხვადასხვა ზომის მილებს. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2009 წლის 4 აპრილს გ. ყ-მა სატვირთო ავტომანქანა დაიქირავა, რის შემდეგაც შპს “- “ საწყობში მივიდა, დარაჯს ნ. დ-ს თავი საწყობის მოქმედ უფროსად წარუდგინა და გაიტანა -- ლარად ღირებული 63 მმ დიამეტრიანი, პოლიეთილენის 46 მილი. გ. ყ-მა, მოქმედებდა რა ერთიანი განზრახვით, 2009 წლის 10 აპრილს სატვირთო ავტომანქანა დაიქირავა, შპს “----- “ საწყობში მივიდა, დარაჯი ნ. ღ-ე თავის უფლებამოსილებაში კვლავ დაარწმუნა და გაიტანა 42 სხვადასხვა სახეობის მილი, სულ ღირებული -- ლარად. 2009 წლის 9 მაისს გ. ყ-მა დაიქირავა სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით “-- “ და ამწე სახელმწიფო ნომრით “-- “. შპს “-- “ საწყობში დღის განმავლობაში ორჯერ მივიდა, დარაჯს გ. ა-ს განუმარტა, რომ საწყობის უფროსი იყო და გაიტანა 114 მმ დიამეტრიანი, 30 ერთეული მეტალის იზოლირებული მილი, და 168 მმ დიამეტრიანი, 30 ერთეული მეტალის მილი, სულ ღირებული -- ლარად. 2009 წლის 5 ივნისს გ. ყ-მა 200 ლარის საფასურად კვლავ დაიქირავა დ. ჯ-ს კუთვნილი “- “ მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით “- “, ასევე ა. ხ-ს ამწე, სახელმწიფო ნომრით “- “ და დაახლოებით 13.45 საათზე შპს “- “ საწობში მივიდა. საწყობის დარაჯს ზ. ხ-ს თავი საწყობის მოქმედ უფროსად წარუდგინა და აჩვენა სასაქონლო ზედნადები, სადაც აღნიშნული იყო, რომ მილები რუსთავის წყალსადენმა შეიძინა, რის შემდეგაც საწყობიდან ამწის დახმარებით “- “ მოდელის ავტომანქანაზე დააწყო 9 (ცხრა) ცალი 720 მმ-ნი, 11,40 მეტრი ლითონის მილი, სულ ღირებული -- ლარად, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დ. ჯ-ს უთხრა, რომ რუსთავის მიმართულებით წასულიყო, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც შპს “----- “ მიაყენა --- ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ყ-მა. აპელანტი თავისი საჩივრით ითხოვდა გამართლებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს. ამასთან, აპელანტი გ. ყ-ი ითხოვდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მან უკვე მოიხადა წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ყ-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ყ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა მითითება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად გარკვეული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჯამდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით დანიშნული სასჯელები. იმავე განაჩენით გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და 2008 წლის 21 ნოემბრის და 2009 წლის 20 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონებით განახევრებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) თვის ვადით და გ. ყ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, ასევე ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული განაჩენით გ. ყ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის ¹266-ე განკარგულების შესაბამისად. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ყ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმავე მოტივებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, კასატორის განამარტებით, საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 131-ე, 132-ე, 537-ე მუხლებისა და 539-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ყ-ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით, მოწმეების _ გ. ა-ს, ზ. ხ-ს, თ. ს-ს, ნ. დ-ს, ვ. ხ-სა და დ. ჯ-ის ჩვენებებით, აგრეთვე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გ. ყ-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული გ. ყ-ის პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები და განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცლილება შემდეგი მიმართებით: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გ. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და არა _ პირობითი მსჯავრი, როგორც ეს აღნიშნულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, არასწორია მითითება ამ განაჩენთა სარეზოლუციო ნაწილებში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლზე.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დაზუსტდეს გ. ყ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ნაწილში, კერძოდ: გ. ყ-ს შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას დარჩენილი ჰქონდა მისი შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის ¹266-ე განკარგულების გამოცემის დღისათვის, უნდა გაუნახევრდეს აღნიშნული განკარგულების საფუძველზე და მას სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 5 თვისა და 13 დღის ვადით, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს 2010 წლის 3 აპრილიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლზე.
ამასთან გ. ყ-ს შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას დარჩენილი ჰქონდა მისი შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის ¹266-ე განკარგულების გამოცემის დღისათვის, გაუნახევრდეს აღნიშნული განკარგულების საფუძველზე და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 13 (ცამეტი) დღის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2010 წლის 3 აპრილიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.