საქმე # 130310016001656739
საქმე Nბს-994-990(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. შ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. შ-მა 2016 წლის 23 დეკემბერს სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. შ-ს (პირადი ნომერი ...) შორის 2012 წლის 10 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დავალება გ. შ-ის ბინით დაკმაყოფილებულთა სიიდან ამოღების თაობაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. შ-ს (პირადი ნომერი ...) შორის 2012 წლის 10 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გ. შ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების დადებიდან გასულია პრივატიზებისათვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამასთან კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო კონკრეტული უძრავი ქონება, რომელიც გადაეცემოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2012 წლის 10 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ. შ-ს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვით პრივატიზების წესით, 1 ლარად გადაეცა ქარელის მუნიციპალიტეტის ..., ... ქ.N...-ში, მე-4 სართულზე, მდებარე 75.00 კვ.მ. ფართის ბინა, საკადასტრო კოდით ..., ასევე დადგენილია, რომ 2003 წლის 5 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ. შ-მა, ნ. თ-ისაგან იყიდა ქარელის მუნიციპალიტეტის ..., ... ქ.N...-ში, მე-4 სართულზე მდებარე, 72,6 კვ.მ. ფართის ბინა და 2013 წლის 13 სექტემბერს, მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმ ნივთზე, რომელიც იმავე კორპუსში, ასევე მე-4 სართულზე მდებარეობს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვით დადგინდა, რომ სადავო ხელშეკრულებაში აღნიშნული ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ..., ერთი და იგივე ბინაა, ხოლო გ. შ-ს 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებით შეცდომით თავისად მიაჩნდა იმავე კორპუსში, სადაც ცხოვრობდა, ერთადერთი თავისუფალი ბინა, რომელიც სხვა სადარბაზოში, მე-4 სართულზე მდებარეობდა და დაეუფლა მას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავდა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ გ. შ-მა 2014 წელს შეიტყო, როდესაც მესაკუთრე დ. ხ-მა საჯარო რეესტრის ამონაწერი წარუდგინა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, არამედ 2014 წლიდან, როდესაც დარეგისტრირდა დ. ხ-ის საკუთრების უფლება იმ ნივთზე, რომელიც გ. შ-ს სადავო ხელშეკრულებით გადაცემულად მიაჩნდა. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, გ. შ-მა სასამართლოს მიმართა 2016 წელს - ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე