Facebook Twitter

330310016001300659

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-83-83(კ-კს-18) 5 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №1469/0202-23/03-01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. კ-ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №1469/0202-23/03-01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. კ-ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ასევე, დაევალა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის მოსარჩელისათვის - გ. კ-ისათვის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ. კ-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც გადაწყდა წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა კი 2017 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყო და 2018 წლის 22 იანვარს ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2018 წლის 23 იანვარს ანუ ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე