Facebook Twitter

საქმე # 330310016001300659

საქმე Nბს-83-83(კ-კს-18) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)

დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. კ-ემ 2016 წლის 30 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №1469/0202-23/03-01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, გ. კ-ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის ეტაპობრივად გასაწევი ხარჯის სახით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურისათვის ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №1469/0202-23/03-01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. კ-ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის მოსარჩელისათვის - გ. კ-ისათვის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად განესაზღვრა ვადა, სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზე.

სააპელაციო საჩივრის ასლი და 2016 წლის 7 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება გ. კ-ეს ჩაჰბარდა 2017 წლის 17 ოქტომბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დასრულდა საქმის განხილვა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 31 ოქტომბერს.

2017 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა გ. კ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და წარმომადგენლისათვის ეტაპობრივად გასაწევი ხარჯის სახით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 1000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ პირვანდელი და შეგებებული სააპელაციო საჩივრების განხილვა უნდა მოხდეს ერთდროულად და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება. იმ დროისთვის, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დასრულებული იყო საქმის ზეპირი მოსმენა და გადადებული იყო მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეს საქმის განსახილველად მომზადების პერიოდში არ წარმოუდგენია შესაგებელი, სადაც შეეძლო დაეფიქსირებინა მოსაზრება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის თაობაზე. ამასთან, 2017 წლის 24 ოქტომბერს, როცა სასამართლომ განიხილა საქმე ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით და გადაიდო მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, სხდომაზეც არ განუცხადებიათ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ის წარმომადგენელის - რ. პ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ვერ აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრისგან დამოუკიდებლად ვერ განიხილებოდა და 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება;

შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა თავისი უარის საფუძვლად დასახელებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვას დასაშვებად მიიჩნევს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ - ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სარჩელისა და შეგებებული სარჩელისა ერთობლივად განხილვას არ აკისრებს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტები.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მის მიწერ წარდგენილ იქნა საპროცესო ნორმით დადგენილ 10 - დღიან ვადაში, მაშინ როდესაც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვა ისე დაინიშნა, არ დაელოდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ 10 - დღიანი ვადის გასვლას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა ისეთი მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება გ. კ-ეს ჩაჰბარდა 2017 წლის 17 ოქტომბერს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გ. კ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე გაკეთებულ განმარტებას, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა სსკ-ის 379-ე მუხლის საფუძველზე და მხარე სწორედ აღნიშნული მუხლით ითხოვდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. იმის გათვალისწინებით, რომ გ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი ჩაიბარა 2017 წლის 17 ოქტომბერს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს და დასრულდა 2017 წლის 27 ოქტომბერს 24 საათზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, არ დასტურდება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული 10 - დღიანი ვადის დაუცველობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცულობის, შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე და 379-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე. შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უარი სააპელაციო საჩივარზე არ უთქვამს და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ დატოვებულა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა, რომელიც დაყენებულია შეგებებული სააპელაციო საჩივრით, მართალია, ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ აისახა, შესაბამისად სააპელაციო პალატას საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე უნდა ესმჯელა წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე და მხოლოდ მისი არსებითი განხილვისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ მიეღო შეგებებული სააპელაციო საჩივრით დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თავისი შინაარსით წარმოადგენს დამოუკიდებელ შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, შესაბამისად, მისი განხილვის შედეგი დამოკიდებული არ არის ძირითადი სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგზე. ამასთან შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მართალია, წარდგენილია საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, თუმცა კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში და საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა შეგებებული სააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე 189-ე 379-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე