Facebook Twitter

საქმე #020310015001125977

#ბს-100-100(2კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 2 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სს „...“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე - სს „...“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ 5408.76 ლარის დაკისრების დავალება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - სს „...“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სს „...“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5181.22 ლარი; დანარჩენ ნაწილში (ჯარიმის სახით 227.54 ლარის დაკისრების ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა სს „...“ საკასაციო საჩივარი.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორის განმარტებით, 2012 წლის 7 ოქტომბერს სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკამ არ შეასრულა ვალდებულება, რის შემდგომაც დაიწყო ხანდაზმულობის დენა. სარჩელი შეტანილია 2.10.2015წ, შესაბამისად, დაცულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რაც მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვრცელდება, როგორც ძირითად საჯარიმო სანქციასთან, ასევე ჯარიმასთანაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ასევე სს „...“. თუმცა, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა სს „...“ საკასაციო საჩივარი, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი (ჯარიმის სახით 227.54 ლარის დაკისრება), რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სადავო პერიოდს წარმოადგენს 2008 წლის 01 ივლისიდან - 2011 წლის 01 აპრილამდე პერიოდი, ვინაიდან სწორედ აღნიშნულ პერიოდს შეეხება 2012 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტი, რომლითაც სს „...“ მიერ 2008 წლის 01 ივლისიდან - 2011 წლის 01 აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგების და ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა - 5 408.76 ლარი. 2012 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტით დგინდება, რომ ჩაუტარებელი კვლევების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზედმეტად აქვს მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 5 181.22 ლარი (ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების ღირებულება, რომელიც არ გაწეულა) და 227.54 ლარი სანქცია (ჯარიმა) ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „...“ გამოთხოვილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04/40277 მომართვითა და თანდართული სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2012 წლის რეესტრის ასლით ირკვევა, რომ 08.08.2012წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სს „...“ გაეგზავნა წერილი ნომრით - 04/47348. ხოლო საქართველოს ფოსტის 20.06.2017წ. #POST7 00012478 წერილითა და თანდართული მასალით ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 7 აგვისტოს წერილი სს „...“ (მის: ჩხოროწყუ, ... ქუჩა #...) ჩაბარდა 09.08.2012 წელს, მიმღები - ლ. ჩ-ა.

სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის დასაშვებად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება და მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე გაავრცელა 10-წლიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, იგი იხილავს მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით სს „...“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 181.22 ლარის დაკისრების საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო ამასთან მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავას. ადმინისტრაციული სასამართლო იხილავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთვალდებულება წარმოიშვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ 30.01.2008 წლიდან - 31.12.2010 წლის პერიოდში დადებული ხელშეკრულებებიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნას სს „...“ ჯარიმის სახით 227.54 ლარის დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯარიმა განიხილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან ერთად. თუკი, ძირითად ვალდებულებას ხელშეკრულებიდან გამომდინარე განვიხილავთ ხანდაზმულად, ხანდაზმული ხდება მასთან დაკავშირებული ჯარიმაც. საკასაციო სასამართლო ამასთან მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარისთვის (მოპასუხისთვის) ძირითადი ვალდებულების დაკისრება მოხდა არა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების საფუძველზე, რაც გამორიცხავს სს „...“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის დაკისრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი