საქმე #010310115001184181
#ბს-48-48(კ-18) 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 11 დეკემბერს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შ. ხ-ის მიმართ.
მოსარჩელემ შ. ხ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. #9-ში მდებარე ბინა #17-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის #841 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული #807 საკუთრების უფლების მოწმობის (გაცემული 27.10.2015წ.) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „შ. ხ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქუჩა #9, ბინა #17-ში მდებარე 59,49 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის #841 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული #807 საკუთრების უფლების მოწმობა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შ. ხ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #9-ში მდებარე, 59.49 კვ.მ ფართის ბინა #17-ის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ მე. მ-ემ 2009 წლის იანვრიდან შეწყვიტა ფართით სარგებლობა საკუთარი ნებით და ისე გარდაიცვალა, რომ ფლობა და სარგებლობა შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 2015 წელს, მე. მ-ის მიერ ბინით სარგებლობისა და ფლობის ფაქტის შეწყვეტიდან 6 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვერც მ. მ-ე ვერ იქნება მიჩნეული კანონიერ მოსარგებლედ. კასატორის განმარტებით, მსგავსი რეგულაციაა გათვალისწინებული საქართველოს Mმთავრობის დადგენილებით, რომელიც დღესაც მოქმედებს და სადავო აქტის გამოცემის დროისათვისაც მოქმედებდა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მთავრობის დადგენილება და არ გაითვალისწინა მის მირ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის #841 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული #807 საკუთრების უფლების მოწმობა (გაცემული 27.10.2015წ.), რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. #9-ში მდებარე #17 საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. ხ-ის სახელზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. მ-ის მამა - მე. მ-ე და შ. ხ-ე 1988 წლის 24 თებერვლიდან იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს #19 ოქმის საფუძველზე, 1993 წლის 22 იანვარს გამოწერილ იქნა საცხოვრებელი ბინის ორდერი #06846, რომლითაც ქ. ბათუმში, ... (ყოფილი ...) ქ. #9-ში არსებული 59,49 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინა #17, სარგებლობის უფლებით გადაეცათ შ. ხ-ესა და მე. მ-ეს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მე. მ-ე და შ. ხ-ე ქ. ბათუმში, ... ქ. #9-ში მდებარე #17 საცხოვრებელი ბინაზე თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. შესაბამისად, მ. მ-ე მისი მამის, მე. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #9-ში მდებარე #17 საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ ითვლება, შ. ხ-ესთან ერთად.
დასახელებული „წესის“ 5.4 მუხლის თანახმად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და უდავოა, რომ შ. ხ-ეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 7 ოქტომბრის განცხადებაზე ბინის პრივატიზების თაობაზე, არ ჰქონდა დართული აღნიშნული ბინის სხვა კანონიერი მოსარგებლის თანხმობა, რომელსაც მე. მ-ის გარდაცვალების შემდეგ წარმოადგენდა მისი მემკვიდრე, მ. მ-ე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე. მ-ეს სადავო ბინაზე უფლება არ დაუკარგავს და მან 2011 წლიდან წამოიწყო დავა საკუთრების უფლების მოპოვებაზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ დავა განაგრძო მისმა მემკვიდრემ - მ. მ-ემ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი