საქმე #330310016001578047
#ბს-66-66(კ-18) 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 31 ოქტომბერს პ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „პ. წ-ის დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 ოქტომბრის #2516264 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პ. წ-ის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პ. წ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2016 წლის 6 ოქტომბრიდან მის აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით პ. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „პ. წ-ის დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 ოქტომბრის #2516264 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59.3 მუხლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.5 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 30.1 და 42.9 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სუბიექტი, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი და მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, თუმცა ის არგუმენტი, რომ პირი პოლიციელია თავისთავად არ გულისხმობს სამსახურიდან მის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი დაეკარგება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას. კასატორი არ უარყოფს იმას, რომ მან მართლაც დაარღვია წესები და მოიქცა არასწორად, თუმცა მისი განმარტებით, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ იგი ყოველთვის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რაზეც მეტყველებს წარსული პერიოდიც. კასატორის განმარტებით, იგი ნამდვილად არასწორად მოიქცა, როდესაც სამსახურში იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ეს მოხდა პირველად და პირდაპირ მისი სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს. კასატორმა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2015წ. #ბს-525-512(კ-14) გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. წ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ პ. წ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცებული (MIA 3 16 02500798) დასკვნის თანახმად, 2016 წლის 2 ოქტომბერს პ. წ-ი ხელმძღვანელის მითითებით იმყოფებოდა ქ. თბილისში, ... გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. სამსახურში დაბრუნებამდე პ. წ-მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რაც დადასტურდა სამსახურში მისვლის შემდგომ ალკოტესტზე შემოწმებით და მას დაუდგინდა სიმთვრალის ფაქტი (1,171 პრომილე). ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის მაიორმა - პ. წ-მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ასევე დაარღვია შრომის დისციპლინის პირველი მუხლის პირველი (სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება) და მე-8 (ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება) პუნქტების მოთხოვნები, რაც მისი მხრიდან გამოიხატა სამსახურის თვითნებურად მიტოვებასა და ალკოჰოლური სასმელის მიღებაში, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პ. წ-ის სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2017წ. #ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). აღნიშნული პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ზემოაღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურის სტატუსიდან გამომდინარე, იგი თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, მართებულად იმსჯელა, რომ თავად ის ფაქტი - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმლის მიღება იმ პოლიციელის მიერ, რომელიც (საქმის მასალების მიხედვით) წოდებრივად არის პოლიციის მაიორი და რომელსაც უფრო მეტად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობის გრძნობა, თავისთავად, სხვა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე უკვე წარმოადგენს ისეთი უხეში ხასიათის დისციპლინურ გადაცდომას, რის გამოც მინისტრს უფლება ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოეცა ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია „სამსახურის გავლის ნუსხა“, რომლის მიხედვითაც, პ. წ-ი შსს-ში მუშაობის განმავლობაში არაერთხელ იყო დასჯილი დისციპლინური წესით სხვადასხვა სახის დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, მას 2015 წლის 1 აპრილს გამოეცხადა საყვედური ანალოგიური სახის დარღვევისათვის, კერძოდ, იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია პ. წ-ს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი