Facebook Twitter

საქმე #330310116001470227

#ბს-73-73(კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 აგვისტოს დ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ ქ.თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიმართ.

მოსარჩელემ „სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის - დ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის #01/204 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის დ. კ-ის სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრისთვის დ. კ-ის გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან, მის სამსახურში აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ჯერ მოხდა მისი გათავისუფლება და შემდგომში საკითხის შესწავლა. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 და 96-ე მუხლების საფუძველზე უნდა ემსჯელა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებდნენ აუდიტის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. ასევე, არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ ათობით ადამიანთან კანონის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა შრომითი ურთიერთობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.12 მუხლი. ამასთან, მას არ უმსჯელია თუ რა იგულისხმება აღნიშნული მუხლის ა.ბ. ქვეპუნქტში მითითებულ დასაბუთებულობაში და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის #01/204 ბრძანება, რომლითაც დ. კ-ი განთავისუფლდა სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის #05/33 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ან თეატრის დასის ან/და სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.12 მუხლის თანახმად, პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა.ბ. თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, მე-13 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.

დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა დასმა და წარუდგინა ამავე წლის 16 ივლისს გამართულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უნდობლობას უცხადებდა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს და მოითხოვდა მის გადადგომას. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამხატვრო ხელმძღვანელის არაკომპეტენტურობისა და არასწორი მართვის გამო მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დასაბუთებული მოთხოვნით კვლავ მიმართეს შემოქმედებითი დასის წევრებმა, მათ შორის, სამხატვროს საბჭოს წევრებმა (163 ხელმოწერით), რომელთა უნდობლობა განპირობებული იყო ათეულობით თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების კანონდარღვევით შეწყვეტით, შინაგანაწესის ახალი რედაქციით, სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შემოქმედებით და სარეპერტუარო საკითხებზე მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მიკერძოებული საკადრო და სახელფასო პოლიტიკით, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახებოდა თეატრის ნორმალურ საქმიანობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შემოქმედებითი დასი ხელმძღვანელის გასათავისუფლებლად მიუთითებდა, ასევე დადასტურდა საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, რომელიც შეეხებოდა თეატრში 2014-2016 წლებში არსებულ ვითარებას. ხსენებული დასკვნის მიხედვით, თეატრის საქმიანობაში შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსების მართვის კუთხით.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტში იგულისხმება არა მთლიანი დასი მისი აბსოლუტურად ყველა წევრის ჩათვლით, არამედ დასის წევრთა გონივრული რაოდენობა; თავის მხრივ კი, ამგვარი გონივრულობა უნდა დადგინდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, აშკარად სახეზეა - მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა დასის 163-მა წევრმა, რომლებიც დამაჯერებლად, არგუმენტირებულად და ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვდნენ ხელმძღვანელის გათავისუფლებას თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ. კ-ის მიმართ, თეატრის დასის წევრთა დიდი ნაწილისა და სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული პრეტენზიების არსებობამ, საფრთხის წინაშე დააყენა ოპერის კანონით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, თეატრის დასის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, შესაბამისად, თეატრის ეფექტური ფუნქციონირების შესაძლებლობა, რაც უდავოდ საჯარო ინტერესს წარმოადგენს.

ამრიგად, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალება იყო. ასევე, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციული იყო. შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რის შემდგომაც მათ მიერ მიღებულ იქნა მართებული გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი