საქმე #330310014556461
#ბს-85-85(კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 25 ივლისს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 26.06.2014წ. #15/01-13-76 ბრძანების, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 27.06.2014წ. #05/01-168 დადგენილების ბათილად ცნობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ადვოკატისთვის გადასახდელი თანხების რაოდენობის შესახებ და უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტუდენტ დ. დ-ისათვის დაფინანსების თანხების რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრების დავალება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 21.05.2014წ. MES 4 14 00307046 და 11.07.2014წ. MES 7 14 00501485 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, შიდა აუდიტის დეპარტამენტში შესული სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 28.02.2014წ. #15/02-102, 26.03.2014წ. #15/02-155 და 31.03.2014წ. #15/02-163 წერილების ასლების გაცემის დავალება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანი დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 26.06.2014წ. #15/01-13-76 ბრძანებისა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 27.06.2014წ. #05/01-168 დადგენილების ბათილად ცნობის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საჯარო ინფორმაციის (ადვოკატისთვის გადასახდელი თანხების რაოდენობის შესახებ და უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტუდენტ დ. დ-ისათვის დაფინანსების თანხების რაოდენობის შესახებ) გაცემის დავალების თაობაზე, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო მორალური ზიანის - 500 ლარის დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 21 მაისის MES 4 14 00307046 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 11 ივლისის MES 7 14 00501485 წერილი; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა მოსარჩელის 2014 წლის 30 იანვრის განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების გადაცემა პერსონალური მონაცემების დაფარვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორი განმარტება მისცა მას, კერძოდ, სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი იქნა განმარტებული არასწორად. ასევე, სასამართლომ გამოიყენა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ მხარის მოთხოვნას არა საჯარო ინფორმაციის გაცემა, არამედ მისივე მოთხოვნით ჩატარებული წარმოების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების გადაცემა წარმოადგენდა, რაც საჯარო ინფორმაციის დეფინიციისაგან განსხვავდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 5 მაისის MES 1 14 00259687 წერილით ნ. კ-ეს მისი 2014 წლის 30 იანვრის (რეგ. #44069) განცხადებაზე განემარტა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წერილით მის განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. შიდა აუდიტის დეპარტამენტში სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შევიდა წერილები (#15/02-102 28.02.2014წ; #15/02-155 26.03.2014; #15/02-163 31.03.2014წ) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის საქმიანობაში დარღვევების არსებობის შესახებ არ დადასტურდა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 21 მაისის MES 41400307046 და 2014 წლის 11 ივლისის MES 71400501485 წერილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, კერძოდ, ნ. კ-ეს უარი ეთქვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მიმოწერის კორესპონდენციის ასლის გადაცემაზე, კერძოდ, იმ წერილების ასლების გადაცემაზე, რომელიც სამინისტრომ გაუგზავნა სსუ-ს მის განცხადებასთან დაკავშირებით და უნივერსიტეტიდან მოსული საპასუხო წერილების თუ დოკუმენტების ასლების, მათ შორის, შიდა აუდიტის დეპარტამენტში შესული წერილების (#15/02-102 28.02.2014წ; #15/02-155 26.03.2014წ; #15/02-163 31.03.2014წ.).
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დეპარტამენტმა შეისწავლა ნ. კ-ის განცხადების საფუძველზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული დარღვევების საკითხი და საქმის შესწავლის შედეგად, არ დაადასტურა დარღვევების არსებობა. ნ. კ-ემ მოითხოვა სწორედ იმ წერილების ასლები, რომელიც სამინისტრომ გაუგზავნა სსუ-ს მის განცხადებასთან დაკავშირებით და უნივერსიტეტიდან მოსული საპასუხო წერილების თუ დოკუმენტების ასლები, მათ შორის, შიდა აუდიტის დეპარტამენტში შესული წერილები.
საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ნ. კ-ის 2014 წლის 30 იანვრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართებულად დაევალა მოსარჩელის 2014 წლის 30 იანვრის განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების მისთვის გადაცემა პერსონალური მონაცემების დაფარვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი