Facebook Twitter

საქმე #330310016001311078

#ბს-104-104(კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 8 აპრილს გ. ც-მა, ე. ბ-ემ, ა. ც-მა და ნ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 8 იანვრის #178 ბრძანების, გ. ც-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების (ოქმი #124) ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - გ. ც-ის, ე. ბ-ის, ა. ც-ის, ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 8 იანვრის #178 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის სხდომის #124 ოქმის გადაწყვეტილება - გ. ც-ის, ე. ბ-ის, ა. ც-ის, ნ. ც-ის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32.4 მუხლზე. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არასწორად განმარტეს იგი.

კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების მე-4 მუხლის, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ განაცხადის განხილვის დროს მოსარჩელე ე. ბ-ის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი ფართი ქ. რუსთავში და ამავე დროს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ მითითებულ ობიექტში, მათ იმ ეტაპზე უარი ეთქვათ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც არ გაითვალისწინა არც პირველმა და არც მეორე ინსტანციის სასამართლომ.

კასატორის მითითებით, მოსარჩელისა და მისი ოჯახის სასტუმრო „...“ რეგისტრაციის ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მათი იქ ფაქტობრივად ცხოვრების უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ დევნილთა გარკვეული ნაწილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი მისამართი განსხვავებულია. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული და გაზიარებული მოწმეთა ახსნა-განმარტებებიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის #178 ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში გ. ც-ის ოჯახს (ე. ბ-ე, ა. ც-ი, ნ. ც-ი) საკუთრების გამო, მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.1. პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტიური ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტიური ფლობის მიხედვით; მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელი დევნილებისთვის, სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას: ა)დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელი ფართები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის და ბ)დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ან შენობები ავარიულია, ან სახელმწიფო ინტერესის შემცველი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის.

ამავე სტრატეგიის თანახმად, იმ ობიექტების, რომელთა გამოყენება გრძელვადიანი განსახლების მიზნით შეუძლებელია, დევნილთა განსახლება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინეს, რომ გ. ც-ი, ე. ბ-ე, ა. ც-ი და ნ. ც-ი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - სასტუმრო „...“. სასტუმრო „...“ მათ მართლზომიერ მფლობელობაში აქვთ გადაცემული ფართი. ხოლო თავად აღნიშნული სასტუმრო არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი და საცხოვრებლად უვარგისი ობიექტი.

ამასთან, მოწმეთა ჩვენებების (სასტუმრო „...“ მცხოვრები პირების - ა. ბ-ის, გ. ა-ის ჩვენებები) საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები - გ. ც-ი, ე. ბ-ე, ა. ც-ი და ნ. ც-ი ცხოვრობენ ქ. თბილისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - სასტუმრო „...“ მათთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ფართში.

საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ნაწილის) გამოცემა დაეფუძნა, მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საკუთრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ #..., ზონა რუსთავი 02, სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., კოდი ..., მისამართი: ქალაქი რუსთავი, მიკრორაიონი ..., #7, ბინა #39 მესაკუთრეა მ. ბ-ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 29.09.2015 წელი.

ამდენად, სადავო აქტების მიღების მომენტისათვის, ბინა #39, მდებარე - ქ. რუსთავი, მიკრორაიონი ..., კორპუსი #7, აღარ წარმოადგენდა მოსარჩელე ე. ბ-ის საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული ბინა 29.09.2015წ. გასხვისდა მ. ბ-ეზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი