Facebook Twitter

#120310016001407040

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-236-236(კ-18) 30 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ოფისი; მესამე პირი - კ. გ-ე).

2015 წლის 27 თებერვალს ნ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართ ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ახალციხეში, ... ქ. #31-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) კ. გ-ის საკუთრების უფლების - საცხოვრებელი ბინის და არა შენობა/ნაგებობის - 1/2 ნაწილზე, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში სარდაფის ნაწილის - 21 კვ.მ-ზე და მიშენებული აივნის რეგისტრაცია მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება კ. გ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2018 წლის 16 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ნ. ჩ-ის შვილს - ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2018 წლის 5 თებერვალს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2018 წლის 26 თებერვალს იწურებოდა, საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 27 თებერვალს საქართველოს ფოსტის მეშვეობით, თუმცა საკასაციო საჩივარი შედგენილი იყო 2018 წლის 26 თებერვალს. ასევე, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 16 მარტის განჩინებით ნ. ჩ-ეს დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ და შესაბამის ანგარიშზე დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ნ. ჩ-ეს და ნ. ჩ-ის შვილს - ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) 2018 წლის 10 აპრილს ჩაჰბარდა მისთვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 11 აპრილს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10_დღიანი ვადა 2018 წლის 20 აპრილს 24 საათზე იწურებოდა.

2018 წლის 20 აპრილს ნ. ჩ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა 2018 წლის 18 აპრილის შპს ,,..." ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #2363 და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლს სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი ნ. ჩ-ის შვილს - ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) ჩაჰბარდა 2018 წლის 5 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2018 წლის 26 თებერვალს იწურებოდა, საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 27 თებერვალს საქართველოს ფოსტის მეშვეობით, თუმცა საკასაციო საჩივარი შედგენილი იყო 2018 წლის 26 თებერვალს.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ნ. ჩ-ე საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2018 წლის 20 აპრილის განცხადებით, თუმცა ითხოვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საპროცესო ვადის აღდგენას, რის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის 2018 წლის 18 აპრილის შპს ,,..." ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #2363.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნ. ჩ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნა დატოვებული საკასაციო საჩივრის საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი), თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ჩ-ეს საკასაციო საჩივარზე 27.02.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, ხოლო 19.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.02.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი და 19.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;

2. ნ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.02.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი და 19.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი