საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1013აპ-10 ქ. თბილისი
7 თებერვალი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
1. ბ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. ა. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ჯ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 დეკემბრიდან, ა. გ-ეს _ 2009 წლის 29 ივნისიდან, ხოლო ა. ბ-ს _ 2009 წლის 16 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. გ-ეს შორის: ამ უკანასკნელს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 35 000 ლარი. ა. გ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის 14 მაისამდე.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. ბ-ს შორის: ამ უკანასკნელს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 100 000 ლარი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. ჯ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.