330310116001273946
საქმე №ბს-75-75(კს-18) 17 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ი-ი
მოსარჩელეები - ი. ბ-ე, ე. ბ-ე, ი. ს-ი, მ. მ-ი, თ. ე-ი, ჭ. ც-ა, ვ. კ-ე, ზ. ბ-ა.
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - ვ. ც-ა, ს. ხ-ა, ე. ქ-ა, შპს „...“, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ემ, ე. ბ-ემ, ი. ს-მა, მ. მ-მა, თ. ე-მ, ჭ. ც-ამ, ვ. კ-ემ და ზ. ბ-ამ 09.03.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მერის 08.07.2014წ. №1730 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული განკარგულებით ქ. თბილისში, ... ქ. №139-ში არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=3.2-ით, რაც მოსარჩელეთა მოსაზრებით წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი პარამეტრების დაუსაბუთებელ, არსებით გადამატებას, გაზრდილი კოეფიციენტების გათვალისწინებით დაგეგმილი მშენებლობა სრულ შეუსაბამობაშია ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში და არღვევს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს. მოსარჩელეებმა ამავე სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს აგრეთვე გასაჩივრებული განკარგულების მოქმედების შეჩერება სასკ-ის 29.3 მუხლის შესაბამისად, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა, შეჩერდა „ქ. თბილისში, ... ქ. N139-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის 08.07.2014წ. N1730 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე წარმოების დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ვ. ც-ა, ს. ხ-ა და ე. ქ-ა. სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ საქალაქო სასამართლოს 10.03.2016წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ვ. ც-ას და ე. ქ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 12.08.2016წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა აგრეთვე ვ. ც-ას და ე. ქ-ას კერძო საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია, ხოლო - 10.02.2017წ. განჩინებით - შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 08.07.2014 წ. №1730 განკარგულება და მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ... ქ. №139-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...“ მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.12.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ი-ის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ, ნ. ი-ი მესამე პირად საქმეში ჩაბმულ იქნა სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ი-ის განცხადებით არ დასტურდება ქ. თბილისში, ... ქ. №139-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდით ნ. ი-ის კანონიერ ინტერესზე ზემოქმედება, ნ. ი-ი ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის უშუალო მომიჯნავეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქმეში ნ. ი-ის სასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმის საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.12.2017წ. განჩინება ნ. ი-ის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ უშუალო მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებზე, არამედ მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებაის მფლობელებზეც, რადგან დაგეგმილი მშენებლობით იცვლება უბნის სიმჭიდროვე, საინჟინრო კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო ქსელზე დატვირთვა, შენობა-ნაგებობათა სიმაღლეები, მიმდებარე ობიექტების ბუნებრივი განათება, ხედის არეალი და ა. შ.. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე ნ. ი-ი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას ეზღუდება იმ გადაწყვეტილებების/განჩინებების გასაჩივრების უფლება, რომლებმაც შესაძლოა მის უფლებებსა და ინტერესებზე უშუალო ზეგავლენა იქონიოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლება-მოვალეობით (სასკ-ის 16.5 მუხ.). სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირი, სავალდებულო მოწვევის მესამე პირისგან განსხვავებით არ სარგებლობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებით. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად (სასკ-ის მე-16 მუხ.), არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არამხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. ამდენად, ვინაიდან სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს განსხვავებული საპროცესო უფლებები გააჩნიათ, მნიშნელოვანია მესამე პირად საქმეში ჩაბმული პირის სამართლებრივი სტატუსის სწორად განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის სასკ-ის 16.2 მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირად მიჩნევისთვის, ის განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ. ასეთად კი მიიჩნევა არა აბსტრაქტული, არამედ რეალური და კანონით დაცული ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ი-ის კანონიერი ინტერესისთვის სადავო აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დასადგენად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მისი და მოსარჩელეების ურთიერთმიმართება. საქმის მასალების (მათ შორის ორთოფოტოს) მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთი, რამდენიმე მოსარჩელის, კერძოდ: თ. ე-ის, ჭ. ც-ასა და ზ. ბ-ას საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებიდან უფრო მოშორებით მდებარეობს, ვიდრე კერძო საჩივრის ავტორის - ნ. ი-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლისგან. ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოს 10.03.2016წ. განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სარჩელი აღნიშნული სამი პირის ნაწილში, იმაზე მეტყველებს, რომ საქალაქო სასამართლოს შეფასებით სახეზე იყო მათი რეალური, კანონიერი ინტერესი. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად ნ. ი-თან მიმართებით იკვეთება, მოსარჩელის მსგავსი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ.
საკასაციო სასამრთლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3), რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 15.5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონას, მისი განაშენიანების კ-2 კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელია - 1.5 (16.1 მუხ. „ლ“ ქვ.პ.), ხოლო ყველაზე მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი ქვეზონის - სზ-6-ის განაშენიანების კ-2 კოეფიციენტის მაქსიმალურ ნიშნულს წარმოადგენს - 2.5 (16.1 მუხ. „ო“ ქვ.პ.), ამდენად, საცხოვრებელ ზონა 3-ში კ-2 კოეფიციენტის 3.2-მდე გაზრდა შესაძლოა იწვევდეს ცვლილებებს უბნის სიმჭიდროვის, მიმდებარე ობიექტთა ბუნებრივი განათების, ხედის არეალისა და ნაგებობების საბაზრო ღირებულების თვალსაზრისით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული სადავო აქტით დაგეგმილი მშენებლობის პარამეტრებით მიმდებარე, და არა მხოლოდ უშუალოდ მომიჯნავე, ნაგებობების მესაკუთრეების ინტერესებზე ზემოქმედება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონიერი ინტერესის არსებობის დასადგენად უშუალოდ სადავო ნაკვეთთან მომიჯნავეობის ფაქტი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი გარემოება, ცვლილების შინაარსის გათვალისწინებით შესაძლოა უფრო ფართო დიამეტრში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებიც იყვნენ კანონიერი ინტერესის მატარებელ სუბიექტებად აღქმულნი და შესაბამისად, არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა კერძო საჩივრის ავტორის - ნ. ი-ის სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის სამართლებრივი წინაპირობები, რაც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, სსსკ-ის 412-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017 წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე ნ. ი-ის შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი