Facebook Twitter

# 330310015001050024

საქმე #ბს-466-466(კს-18) 7 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. და ზ. ფ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებაზე.

ზ. ფ-მა და ა. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №157490 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 24 მაისის №422 ბრძანებისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2010 წლის 14 იანვრის №20 მიმართვის არარა აქტებად აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ა. ფ-ისა და ზ. ფ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ზ. ფ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით ა. ფ-ისა და ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ზ. ფ-მა და მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით ა. ფ-ისა და ზ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. და ზ. ფ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. და ზ. ფ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით ა. და ზ. ფ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. და ზ. ფ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო ა. და ზ. ფ-ების კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით განხილულ იქნა ა. და ზ. ფ-ების კერძო საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება, რომლითაც ა. და ზ. ფ-ების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილ განჩინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და ზ. ფ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და ზ. ფ-ების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი