Facebook Twitter

საქმე # 080310014532576

ბს-529-526 (2კს-17) 24 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. კ-ე;

მ. ნ-ი

დავის საგანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. კ-ემ 25.06.2014წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. ქუთაისის მერის 09.06.2014წ. Nკ-3702 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში მდებარე ბინის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.12.2014წ. გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში ქონების გადაცემისათვის არ არის საკმარისი ქონებით სარგებლობა, ფართი გადაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რაც შესაბამისი დოკუმენტით უნდა იქნეს დადასტურებული. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა კანონიერი სარგებლობის დამდასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად მოსარჩელე არ იქნა მიჩნეული ფართის კანონიერ მოსარგებლედ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. კ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.12.2014წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 09.06.2014წ. Nკ-3702 წერილი, ქ, ქუთაისის მერიას დაევალა ქ. ქუთაისში, ... N16-ში მდებარე ბინის ნაწილის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 58.58 კვ.მ. ფართის კ. კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახლი 1938 წლიდან აღრიცხულია მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე, ხოლო 1950 წლიდან საცხოვრებელი სახლის ნაწილის - 58.58 კვ.მ. სარდაფის მოსარგებლედ საბინაო სამმართველო აღირიცხა. საბინაო სამმართველოს სახელზე სარგებლობის უფლებით აღრიცხულ ფართს ფაქტობრივად ფლობდნენ მოსარჩელის წინაპრები, რაც დასტურდება საგადასახადო დოკუმენტებით. პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტები ქმნიდა 58.58 კვ.მ. ფართის პრივატიზაციის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილება.

მ. ნ-მა 11.11.2016წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მ. ნ-მა, აგრეთვე, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.02.1985წ. N4/23-148 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერით მისმა ოჯახმა მიიღო ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში სახლის გამოყოფილი ნაწილი - 30.76 კვ.მ. ფართობი. 02.11.2016წ. განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სახლის გამოყოფილი ნაწილის პრივატიზებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე. 10.11.2016წ. მიიღო მერის წერილი, რომლითაც უარი ეთქვა საკუთრების მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.2015წ. გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო ფურცლით მერიას დაევალა აქტის გამოცემა და 58,58 კვ.მ. ფართის მოქ. კ. კ-ისათის გადაცემა. ამ წერილით განმცხადებლისათის გახდა ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2016წ. განჩინებით მ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულება, ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მ. ნ-ის 11.11.2016წ. განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინებით მ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში ... ქ. N16-ში მდებარე ბინის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 30.76 კვ.მ. ფართის კ. კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2016წ. განჩინება ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში მდებარე ბინის - ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 27.82 კვ.მ. ფართის კ. კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ნ-მა წარმოადგინა 04.04.1987წ. ბინის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ იგი ოჯახის წევრებთან ერთად წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. N16-ში (ყოფილი ... ქ. N80) მდებარე სახლის გამოყოფილი ნაწილის - 30,76 კვ.მ. ფართის კანონიერ მოსარგებლეს, შესაბამისად, მის უფლებებსა და კანონით გათვალისიწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილება. ამდენად, არსებობდა მისი საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძვლები. მიუხედავად ამისა, კ. კ-ის სარჩელზე წარმოებულ ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით მ. ნ-ის ინფორმირების ფაქტი არ დასტურდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება კ. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ხოლო მ. ნ-მა საკასაციო საჩივრით, რომელიც თავისი შინაარსით, აგრეთვე კერძო საჩივარს წარმოადგენს.

კერძო საჩივრის ავტორმა - კ. კ-ემ აღნიშნა, რომ განჩინება დაუსაბუთებელია. მ. ნ-ის მიერ წარდგენილი ორდერით დასტურდება, რომ მის ოჯახს ფართი გადაეცა დროებით სარგებლობაში და შეუნარჩუნდა რიგის ნომერი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საერთო სიებში. ამასთანავე, მ. ნ-ს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელითაც დადასტურდებოდა გასული პერიოდის განმავლობაში მისი ოჯახის მიერ სადავო ფართის უწყვეტად ფლობა და სარგებლობა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ არასაცხოვრებელი ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ორდერის არსებობა და ამავე მისამართზე რეგისტრაცია არ შეიძლება გამხდარიყო სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საქართველოს მთვარობის 20.02.2014წ. N189 დადგენილების მე-2 „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერად სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.

კერძო საჩივრის ავტორმა - მ. ნ-მა აღნიშნა, რომ სადავო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უფლება წაერთვა სადავო გახადოს ქ. ქუთაისში, ... N16-ში მდებარე ბინის - ქ. ქუთაისის მერიის ფონდზე რიცხული 27.82 კვ.მ ფართის კუთვნილება და ქ. ქუთაისის მერიაში განცხადების წარდგენის გზით მოითხოვოს აღნიშნული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება შევა კანონიერ ძალაში, ქ. ქუთაისის მერია ვალდებული იქნება დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით ქ. ქუთაისის მერიის ფონდზე რიცხული 27.82 კვ.მ ფართი, ბინის ორდერის უქონლობის მიუხედავად, უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში კ. კ-ეს. შესაბამისად, მ. ნ-ი ვეღარ იდავებს აღნიშნულ ფართზე, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ბინის ორდერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ. კ-ისა და მ. ნ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. სსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. სსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ან დაკმაყოფილება სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად საჩივრდება კერძო საჩივრით. ამდენად, მ. ნ-ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრები დასაშვებია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მერიას დაევალა ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში მდებარე ბინის ნაწილის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 58.58 კვ.მ. ფართის კ. კ-ეზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მამკვიდრებლები 1938 წლიდან კანონიერად ფლობდნენ და სარგებლობდნენ სადავო ფართს და იხდიდნენ გადასახადებს, მიუხედავად საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით გათავლისწინებული ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობისა, სახეზე იყო სადავო ფართის ა. კ-ის სახელზე პრივატიზაციის განხორციელების საკმარისი საფუძვლები.

საქმეში დაცული მ. ნ-ის 11.11.2016წ. განცხადებით და მის მიერ წარმოდგენილი ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.02.1985წ. გადაწყვეტილებითა და 14.04.1987წ. N012356 ორდერით დასტურდება, რომ სადავო ფართის ნაწილი, კერძოდ 30,76 კვ.მ., საცხოვრებლად გადაეცა მ. ნ-ის მამის - ჯ. ნ-ის ოჯახს, ამასთანავე, მ. ნ-ი დღემდე რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ... ქ.N16-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ნ-ი არის სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილება ზემოქმედებას ახდენს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, მ. ნ-ს თავისი დამოუკიდებელი ინტერესი გააჩნია დავის მიმართ, რამდენადაც იგი ფლობს ბინის ორდერს და რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" 4.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინის ორდერი წარმოადგენს ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს. კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.02.1985წ. გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული 14.04.1987წ. N012356 ორდერით ცალსახად დასტურდება, განმცხადებლის ოჯახისათვის სადავო ფართის საცხოვრებლად გადაცემა, რაც საკმარისი საფუძველია განმცხადებლის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის, შესაბამისად არსებობდა მ. ნ-ის სადავო სამართალურთიერთობაში სავალდებულო ჩართვის სამართლებრივი წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის მითითება განმცხადებლის ოჯახისათვის ფართის დროებით გამოყოფაზე არ ადასტურებს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, წესი ითვალისწინებს დროებით გაცემული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პირობებს, საქმის მასალებით არ დასტურდება საშეღავათო რიგის შენარჩუნების შედეგად სხვა ფართით დაკმაყოფილება. განცხადების განხილვისას სასამართლო იკვლევს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობას, ე.ი. სსკ-ის 422-ე მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას, მოთხოვნის კანონიერების, სადავო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა საქმის არსებითი განხილვის შედეგად ხდება. ამდენად, აღმასკომის გადაწყვეტილება ფართის გამოყოფის შესახებ და მის საფუძველზე გადაცემული ორდერი წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საკმარის საფუძველს, საამისოდ საკმარისია განმცხადებლის იურიდიული ინტერესის დადასტურება დავის საგნის მიმართ, საქმის არსებითად განხილვაში მისი სავალდებულო ჩაბმის დადგენა, რაც სავსებით ცხადია მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის მიმართ განმცხადებლის უფლების არსებობა, კანონიერება წარმოების განახლების შემდეგ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დგინდება. ამდენად, მართებულია გასაჩივრებული განჩინებით ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში მდებარე ბინის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 30,76 კვ.მ. ფართის კ. კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. კ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

დაუსაბუთებელია აგრეთვე მ. ნ-ის კერძო საჩივარი, რადგან მას არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, შექმნიდა ქ. ქუთაისში, ... ქ. N16-ში მდებარე ბინის დანარჩენი ნაწილის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 27.82 კვ.მ. ფართის, მისი ოჯახისათვის მიკუთვნების შესაძლებლობას. საქმეში დაცული საბინაო ორდერი შეეხება მხოლოდ 30,76 კვ.მ. ფართს. შესაბამისად, ბინის დანარჩენი ნაწილის მიმართ მ. ნ-ის კანონიერი ინტერესი არ იკვეთება და აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი" არ ითვალისწინებს უკანონო მოსარგებლისათის ფართის საკუთრებაში გადაცემას, წესი არეგულირებს მხოლოდ კანონიერი მოსარგებლისათის უსასყიდლოდ ფართის საკუთრებაში გადაცემას, წესის 4.3 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის სახით წარმოდგენილი ორდერი ეხება 30,76 კვ.მ. ფართს. ხსენებული წესის 5.3 მუხლი ითვალისწინებს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოირებულ) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუ კი მომიჯნავე ფართის გარეშე საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება, განმცხადებელს რაიმე მტკიცებულება ამ მიმართებით არ წარუდგენია, შესაბამისად არ დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში მყოფ 04.06.2015წ. გადაწყვეტილებას შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა განმცხადებლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებზე განცხადების ავტორის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ცდება ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 30,76 კვ.მ. ფართის ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ-ისა და მ. ნ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. კ-ისა და მ. ნ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.17წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი