N330310014531233
საქმე ბს-743-735(კ-16) 24 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი
მესამე პირები - რ. გ-ი, თ. გ-ი, ზ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 24.06.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ (01.12.2014წ. სასამართლო სხდომა, 24.12.2014წ. განცხადება) მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2014წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასა და განხილვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. N... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.07.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის N... სარეგისტრაციო განცხადების შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 03.04.2014წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფელ ..., ... ტერიტორიაზე მდებარე, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. N... გადაწყვეტილებით წარდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი ზედდების გამო, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. მოსარჩელის მითითებით, მისი ნაკვეთის საზღვრები ზუსტად იყო დაფიქსირებული, ამიტომ ხარვეზის გამოსწორება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელს ან თავად საჯარო რეესტრს შეეძლო დაშვებული შეცდომის გამოსწორების გზით. გ. გ-მა შეჩერების შესახებ 10.04.2014წ. გადაწყვეტილება და ზ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. N... გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამავე საჩივრის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა 03.04.2014წ. N... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა 10.04.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 19.07.2012წ. გაყალბებული მონაცემების საფუძველზე იყო დარეგისტრირებული ზ. ბ-ის საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.2015წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი პირს ანიჭებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესაძლებლობას, სადავო 19.07.2012წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სახელზე სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა თბილისში, ..., ... ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. დაზუსტებული ფართი. საქმის მასალებით დგინდება, რომ არ არსებობდა ზ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2012წ. გადაწყვეტილებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სისწორეს, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ მიუთითა განხორციელებული რეგისტრაციის უკანონობაზე, თუმცა ვერ წარადგინა სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - 15.07.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ უთითებს სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოპასუხის მიერ რომელიმე ნორმატიული დანაწესის დარღვევაზე. ამასთანავე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 10.04.2014წ. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ 03.04.2014წ. სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არ შეესაბამებოდა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ რ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება, შესაბამისად, გ. გ-ს სადავო აქტით მართებულად დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია როგორც იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 10.04.2014წ. გადაწყვეტილება, ასევე, იმ ნაწილშიც, რომლითაც გ. გ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში განხილვაზე, რადგან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი ცალსახად ადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების სავალდებულოობას, ამდენად მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეთქვა უარი 19.07.2012წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე .
თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.2015წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასა და განხილვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. №105328 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გ. გ-ის 16.04.2014წ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 15.10.1993წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 06.07.2007წ. ქ. თბილისში, ..., ... მდებარე 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა გ. გ-ის საკუთრების უფლება (სარეგ. N..., შემდგომში - საკადასტრო კოდი: №...). 15.07.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ზ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 13.07.2012წ. ზ. ბ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 15.07.1997წ. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №11173 აქტის საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.07.2012წ. №... გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ზ. ბ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). 01.08.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული აღნიშნული ქონება შეიძინა რ. გ-მა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.08.2012წ. გადაწყვეტილებით თბილისში, ..., ... ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. უძრავ ნივთზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა რ. გ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). 03.04.2014წ. გ. გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. გადაწყვეტილებით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთა საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 16.04.2014წ. გ. გ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. №... გადაწყვეტილების და რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2014წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, გ. გ-ის №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. №... გადაწყვეტილებით გ. გ-ს უარი ეთქვა №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 10.04.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით გ. გ-ს უარი ეთქვა №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.07.2014წ. გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ..., ... ტერიტორიაზე მდებარე 300 კვ.მ. უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა თ. გ-ის თანასაკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, აღნიშნული აქტი სააპელაციო პალატამ შეაფასა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დადასტურებულია 15.10.1993წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 06.07.2007წ. განხორციელებული რეგისტრაციით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უდავოა ის გარემოება, რომ გ. გ-ის საკუთრების უფლება აღირცხული იყო რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აღრიცხული უძრავი ნივთი წარმოადგენდა მის საკუთრებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2014წ. Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ. ბ-ის სახელზე 15.07.1997წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა 19.07.2012წ. მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. გ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარებისა აქტის გამოცემისა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქრონოლოგიურად უსწრებს ზ. ბ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტის გამოცემისა და რეგისტრაციის თარიღს. პალატამ მიუთითა, რომ ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სამართლებრივი მსჯელობა არ უნდა გამორიცხავდეს დროში წინმსწრები და ასევე ანალოგიური უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მსჯელობას, ვინაიდან გ. გ-ის საკუთრების უფლების შესახებ 06.07.2007წ. განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა, იგი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობილი, ამასთანავე, სადავო არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რათა ერთი პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას არ შეელახა სხვისი ასევე კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლება არ არის გაუქმებული, ზედდების არსებობისას საჩივრის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების ცალმხრივად საჩივრის ავტორისათვის დაკისრება, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და დადგენილი ვალდებულებების არსიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული 21.05.2014წ. N... გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც განუხილველად დარჩა გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2012წ. N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ სუს 14.07.2015წ. Nბს-408-403(2კ-14) გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზებული პირების მეშვეობით, საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს საერთო მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ, აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, ვერ გამოირიცხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) გადამოწმების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულებით არ გამოიკვლია ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი გ. გ-ის 16.04.2014 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე დაუსაბუთებელია. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ორგანოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი გადაწყვეტილება და გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ერთობლივად იმსჯელოს საჩივრის ავტორის მიერ დასმულ საკითხებზე.
სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2012წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 10.04.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვინაიდან, სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ზემოაღნიშნულ აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა რიგი ნორმები, სზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასათანავე, სზაკ-ის 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ აქტს იხილავს და ამოწმებს კანონიერებისა და მიზენშეწონილობის თვალსაზრისით. კასატორი მიიჩნევს, რომ ზოგადი და კერძო საკანონმდებლო დანაწესების კონკურენციის დროს გამოიყენება უფრო კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ზოგად წესს, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულია სპეციალური ურთიერთობის, საჯარო რეესტრში მიმდინარე წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი. კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში, კანონით დადგენილი არ არის მისი ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის კანონიერების გადამოწმება ადმინისტრაციული თვითკონტროლის ფარგლებში არის შეუზღუდავი უფლებამოსილება, მაგრამ ეს უფლებამოსილება არ შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს მისი მიზნიდან გამომდინარე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლი ახდენს დიფერენცირებას და ადგენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებები საჩივრდება ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების წესით, ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება საჩივრის შემთხვევაში უნდა შეისწავლოს და შეაფასოს სასამართლომ, რადგან ამგვარი გადაწყვეტილებები თავისი შინაარსით აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და მათი ბათილად ცნობით ხდება დამდგარი შედეგების ანულირება, ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი აწესებს სპეციალურ რეგულაციას, რაც ართმევს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა გასაჩივრებულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებზე, შედეგად, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული აქტების კანონიერად მიჩნევის ნაწილში, ძალაში დატოვა ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. N105328 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა იმ გადაწყვეტილებების მართლზომიერებაზე მსჯელობა, რომლებიც ძალაშია და შესაბამისად, კანონიერად არის მიჩნეული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ზ. ბ-ის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა შეცვალა და დაამატა ახალი გარემოება, მიუთითა, რომ სადავოდ მიიჩნევდა უკვე არა მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბეს, არამედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას, ამდენად, აპელანტმა უბრალოდ კი არ დაამატა ფაქტობრივი გარემოება, არამედ სააპელაციო სასამართლოში შეცვალა სარჩელის საფუძველი, ამასთანავე, აპელანტს არ დაუსახელებია და არ დაუსაბუთებია საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ მიუთითა მან აღნიშნულ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში და რატომ არ დააფუძნა საკუთარი მოთხოვნა ამ საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.06.2016წ. გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.10.1993წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 06.07.2007წ. ქ. თბილისში, ..., ... მდებარე 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრებაში დაირეგისტრირა გ. გ-მა (ს.კ. ...). 15.07.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთზე მარეგისტრირებელი ორგანოს 19.07.2012წ. N... გადაწყვეტილებით აღირიცხა ზ. ბ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ქონება 07.08.2012წ. დარეგისტრირდა რ. გ-ის საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით რ. გ-ისა და თ. გ-ის თანასაკუთრებად. 03.04.2014წ. გ. გ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ანუ რეგისტრაციის დაზუსტება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთა საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო, გ.გ-ს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 16.04.2014წ. გ. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. №... გადაწყვეტილებით გ. გ-ს უარი ეთქვა №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე წარმოების შეჩერების შესახებ 10.04.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამ ნაწილში გ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. სასამართლოში აღძრული სარჩელით გ. გ-მა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 10.04.2014წ. გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასა და განხილვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ სააგენტოს 21.05.2014წ. გადაწყვეტილებისა და ზ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 19.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატის 02.06.2016წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასა და განხილვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. გადაწყვეტილება, სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გ. გ-ის 16.04.2014წ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში. გ. გ-ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სსკ-ის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგან ერთი მხრივ სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, ხოლო მეორე მხრივ ძალაში დარჩა შეჩერებისა და რეგისტრაციის შესახებ აქტები, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა მათი კანონიერება. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააგენტოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან (სსკ-ის 249.1 მუხ.). გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, ხოლო კონკრეტული, სამართლებრივი შედეგი აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები თავის მხრივ გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. სარეზოლუციო ნაწილში აისახება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგი, ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თითოეული პუნქტი უნდა განიმარტოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში მართალია მარეგისტრირებელი ორგანოს 10.04.2014წ. და 19.07.2012წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს არ დაუდგენია მათი კანონიერება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაბუთებული არ ყოფილა სადავო აქტების მართლზომიერების მოსაზრებებით. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ რადგანაც სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასა და საქმის გარემოებათა გამოკვლევას, ამიტომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნულ აქტებთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის საჭიროების გამო, სააპელაციო პალატამ მოცემულ ეტაპზე უარი თქვა დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შეფასებაზე, დავის განხილვის დროისთვის იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სადავო აქტების მართლზომიერებაზე, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონკრეტული მოწესრიგების კანონიერება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ უნდა შეფასდეს, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ არის შესაძლებელი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერებისა თუ უკანონობის დადგენა. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით არ დადგენილა სადავო აქტების კანონიერება, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობა, მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში გასაჩივრებული აქტების მიმართ მოყვანილი მოსაზრებების უკანონობა. სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა არა მოთხოვნის უსაფუძვლობის, არამედ სარეგისტრაციო ორგანოს მიერ საკითხის საჩივრის განხილვის წესით გადაწყვეტის საჭიროების გამო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებას და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მთლიანად, მათ შორის ხსენებულ ნაწილებშიც გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2014წ. N... გადაწყვეტილების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროვებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს 21.05.2014წ. გადაწყვეტილება არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებს, აქტის შინაარსი ავლენს ორგანოს ფორმალურ დამოკიდებულებას სადავო საკითხის მიმართ. სააგენტოს აქტით გ. გ-ს უარი ეთქვა ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ხოლო საჩივარი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ზ. ბ-ის რეგისტრაცია ძალაშია და გ. გ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდება ზედდება. სააგენტომ ფაქტიურად არ იქონია არსებითი მსჯელობა საჩივარში დასმულ არც ერთ საკითხზე. ორგანო სადავო 21.05.2014წ. გადაწყვეტილების მართლზომიერებას ფაქტობრივად ასაბუთებს მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლზე მითითებით და მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რეესტრი არ არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე.
ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სააგენტოს 25.04.2014წ. N... გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელება და ზეპირი მოსმენის დანიშვნა, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნა შემდეგნაირად განისაზღვრა: წარმოების შეჩერების შესახებ 10.04.2014წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაბნის რაიონის სოფ. ..., ... მდებარე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 19). ამდენად, გ. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აქტის ბათილად ცნობა და მისი განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება, საჩივრის ავტორის მიერ დასმული საკითხები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ საკითხთა რიგს განეკუთვნებოდა, რომლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაწყვეტა ევალებოდა სააგენტოს, შესაბამისად 29-ე მუხლზე მითითება არ ადასტურებს საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას. აღნიშნულის მიუხედავად, სააგენტოს 21.05.2014წ. N... სადავო გადაწყვეტილებაში პირველ მოთხოვნად მითითებულია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.06.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. თბილისში, ..., ... ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ზ. ბ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტო ვალდებული იყო გადაეწყვიტა ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხები, ამ ვალდებულებას არ აქარწყლებს ის გარემოება, რომ საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდება ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას, დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591 (კ-15), 02.11.2017წ. Nბს-231-227(კ-15), 20.07.2017წ. Nბს-43-42(კ-17)), რასაც თვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის პრაქტიკაც ადასტურებს. ასე მაგ. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2010წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 28.10.2009წ. N... გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს 25.05.2011წ. გადაწყვეტილებით (საქმე Nბს-1695-1651(კ-10)) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არარად იქნა ცნობილი სააგენტოს აქტი, გაუქმდა, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო ურთიერთობა ეფექტურ კონტროლს საჭიროებს, რაც ერთის მხრივ გამოვლენას უნდა პოულობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში განახორციელოს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე თვითკონტროლი და მეორე მხრივ სრული ციკლის სასამართლოს კონტროლქვეშ მოქცევაში. საკასაციო სასამართლოს 25.02.2016წ. განჩინებით (საქმე Nბს-598-591(კ-15)) დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (14.08.2014წ. N168943 გადაწყვეტილება) რეგისტრაციის შესახებ ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილების კონტროლის, განხორციელებულ რეგისტრაციაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესაძლებლობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მითითება იმაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით, ადასტურებს პირის შესაძლებლობას ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა - განხილვის პროცედურების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში არ იმოქმედებს სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი სარჩელის აღძვრამდე აქტის სავალდებულოდ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შესახებ. ამასთანავე, 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს პირის უფლებას რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლესი ორგანოს, სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმების, სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებას არ აქვს სუსპენსიური ეფექტი, გასაჩივრება არ აჩერებს სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას.
ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და დაზუსტებული რეგისტრაციის საკითხები საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებით განხილვას, საჩივარში დასმული საკითხების მიმართ დასაბუთებული პასუხის გაცემას. ადმინისტრაციული ორგანოს ამ ვალდებულებას არ გამორიცხავს ამ საკითხების კავშირი ზ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებასთან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნაკვეთზე გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის საფუძველი - ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია, მოცემულ შემთხვევაში საკადასტრო კოდების სხვაობის გამო ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავო ნაკვეთზე არ გაუუქმებია გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრირებული მონაცემების და დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შესაძლებლობა არამხოლოდ სასამართლოს აქტის საფუძველზე (26.3 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ადასტურებს სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად რეგისტრაციის კანონიერების გადამოწმების, მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების დაზუსტების, შეცვლის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან ბათილად ცნობის კომპეტენციას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ასეთ პირობებში ზედდების აღმოფხვრის ვალდებულების ცალმხრივად დაკისრება განცხადების ავტორზე არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კანონით დადგენილი ვალდებულებების არსიდან.
სააგენტოს მიერ საჩივრის განხილვის შეუძლებლობას არ ადასტურებს აგრეთვე რეგისტრაციის აქტის აღმჭურველი ხასიათი. სზაკ-ი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის (სზაკ-ის 601.4 მუხ.) შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლი არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას გადაამოწმოს რეგისტრაციის კანონიერება, აღნიშნულ უფლებამოსილებას სააგენტო იყენებს რეგისტრაციის ხარვეზიანობის შემთხვევაში. სააგენტოს მიერ საჩივრის განხილვის შეუძლებლობას არ ადასტურებს აგრეთვე რეგისტრაციის უტყუარობის პრეზუმფცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს მესამე პირების და არა მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ. სათანადო პირობების არსებობისას ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტი. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი სზაკ-ის 601.3 მუხლის თანახმად აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია: უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. კონფლიქტის გადაჭრის ადმინისტრაციული და სასამართლოს საშუალებები ზემოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს, სასამართლო იურისდიქციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების უფლებას, რომელიც პირის არა მხოლოდ უფლებაა, არამედ იმავდროულად მისი უფლებების დაცვის საშუალებაც, თავის მხრივ ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება და საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მოცულია სასამართლო კონტროლით. ის გარემოება, რომ სზაკ-ის 60-62-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება, ადასტურებს აგრეთვე იმასაც, რომ ასეთი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზეც. აღნიშნულს დამატებით ადასტურებს აგრეთვე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სარეგისტრაციო ურთიერთობაში უფლებადამცავი გარანტიები, დაზუსტებული რეგისტრაციის შეცვლის შესაძლებლობა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.07.2016წ. კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტარციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით უგულებელყოფილი ან დარღვეულ იქნა. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის საჩივრით იკვეთება ადმინისტარციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების საჭიროება. მით უფრო, რომ ხსენებული კანონის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლებამოსილება უზრუნველყოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის შესაბამისად, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.2004წ. N835 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-60 მუხ., ამჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხ.). ამდენად, სააგენტო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ქვემდებარე ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში სააგენტომ არსებითად არ იმსჯელა არამხოლოდ საკუთრების რეგისტრაციის საკითხზე, არამედ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნაწილში სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვალდებულებას ორგანო არ უარყოფს. მართალია სადავო 21.05.2014წ. N... გადაწყვეტილებით გ. გ-ის საჩივარი მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში იქნა განუხილველად დატოვებული, ხოლო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, თუმცა ფაქტობრივად საჩივრის ამ ნაწილშიც ადგილი არ ჰქონია არსებით განხილვას, არ გამოკვლეულა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არ შესწავლილა საჩივარში ასახული არგუმენტები.
სზაკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 თავით დადგენილი წესები. სზაკ-ის 95.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულის მიუხედავად ადმინისტრაციული საჩივარი განხილულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის - ზ. ბ-ის ჩაბმის გარეშე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ამასთანავე, ზედდების არსებობა ქმნის წარმოების შეჩერების პირობას მხოლოდ ზედდების ნაწილში. მოცემული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს არ გაურვევია თუ რა ნაწილში აქვს ადგილი გადაფარვას, რა ნაწილშია საკადასტრო მონაცემები იდენტური, იმ შემთხვევაშიც თუ გ. გ-ის განცხადებით მოთხოვნილი ნაკვეთის რეგისტრაცია მთლიანად ფარავდა ზ. ბ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ნაკვეთს, სააგენტოს უნდა ემსჯელა გ. გ-ის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების მთლიანად შეჩერების კანონიერებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2014წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის (15.10.1993წ.) და პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციის (06.07.2007წ.) თანახმად, გ. გ-ის სახელზე რეგისტრაციაში გატარდა 900 კვ.მ. ნაკვეთი, მოგვიანებით ზ. ბ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი (15.07.1997წ.) და მის სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია (19.07.2012წ.) ეხება 600 კვ.მ. ნაკვეთს. საქმეში დაცული „საეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზის“ თანახმად (ტ.1, ს.ფ. 50), ზ. ბ-ის საკუთრებაში აღრიცხული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვა ფიქსირდება 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან, დანარჩენი ფართი (300 კვ.მ.) ცდება ხსენებულ ფართს, შესაბამისად გაურკვეველია მოთხოვნილი ფართის მესამედზე რეგისტრაციის პროცედურის სრულად შეწყვეტის საფუძველი. სააგენტოს მიერ საჩივარი დანარჩენი 300 კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის შეჩერების გაუქმების მიმართ არ იქნა განხილული და დაკმაყოფილებული, სააგენტოს სადავო აქტში არ არის მოყვანილი მოსაზრებები, რომელთა გამოც გ. გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მთლიანად, მათ შორის 300 კვ.მ.-ს ნაწილში. გ. გ-ის განცხადებით დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნა არ აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (15.10.1993წ. მიღება-ჩაბარების აქტში) მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, შესაბამისად არ დასტურდება მთლიანად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძველი („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). სააგენტოს არ შეუფასებია გ. გ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის სისწორე, არ შეუდარებია UTM პროექციაში შესრულებულ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა და გ. გ-ის სახელზე 06.07.2007წ. დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა, არ შეუფასებია გ.გ-ის სახელზე 15.10.1993წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ფიქსირდება გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები და 06.07.2007წ. შესრულებული საკადასტრო რუკა, რომელზეც ასახულია გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი.
სზაკ-ის 193.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნების ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. სზაკ-ის 193-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ სადავო აქტში იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 19.05.14წ. გადაწყვეტილებაზეც და მიიჩნია, რომ შეწყვეტა კანონშესაბამისი იყო. ამასთანავე, სააგენტოს არ დაუსაბუთებია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის კანონიერება ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც აღემატებოდა ზ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთს. სზაკ-ის 193-ე მუხლზე მითითებით სააგენტომ დაადასტურა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის კანონიერება, თუმცა აღნიშნული დანაწესი იძლეოდა არა მხოლოდ წარმოების შეწყვეტის საკითხზე, არამედ აგრეთვე ზ. ბ-ის სახელზე ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხზე, როგორც საჩივარში დასმულ საკითხთან კავშირში მყოფ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას, კანონის 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს სააგენტოს უფლებას გადაამოწმოს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგისტრაციის შესახებ კანონიერების საკითხი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების შეცვლაზე, რადგან ჯერ კიდევ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ საჩივარში და შემდგომში საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში გ. გ-ი აღნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება - ისეთი კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც გამორიცხავდა ზ. ბ-ის უძრავ ნივთთან ზედდებას, რადგან გ. გ-ისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი სწორედ იქ მდებარეობდა, სადაც აზომვითი სამუშაოები ჩატარდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ზ. ბ-ის სახელზე აღირიცხა გ. გ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რაც ნიშნავს, რომ გ. გ-ი დავის დაწყების მომენტიდან ხდიდა სადავოდ ზ. ბ-ის ნაკვეთის ადგილმდებარეობას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი