Facebook Twitter
330310015799484










საქმე №ბს-1114-1108(კს-17) 10 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი. ა-ი, ბ. ა-ი, მ. ქ-ე, გ. ქ-ე

მესამე პირი - მ. კ-ე, ლ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2017 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა, ბ. ა-მა, მ. ქ-ემ და გ. ქ-ემ 06.05.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ. კ-ისა და ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.07.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სადავო აქტით დაკმაყოფილდა მ. კ-ის განცხადება ქ. თბილისში, ... №35-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში რეგისტრაციის ცვლილების შესახებ და თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების წილადობრიობა გაუქმდა, მოხდა მისი კვადრატულ მეტრებში ასახვა შემდეგი თანაფარდობით - მათ სახელზე დაფიქსირდა 49,65 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი, ხოლო მ. და ლ. კ-ეების სახელზე - 199,95 კვ.მ.. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრირებულ მონაცემთა ცვლილება განახორციელა კანონის დარღვევით, რადგან არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ შეაფასა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელეებმა 19.05.2015 წ. განცხადებით მოპასუხედ დაასახელეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოითხოვეს მ. კ-ის და ლ. კ-ის საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად ჩართვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2015 წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. კ-ე და ლ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2016 წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.07.2014წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მ. კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ 19.10.2017წ. სასამართლო სხდომაზე აპელანტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად სს „...“ და გ. თ-ის ჩაბმის თაობაზე. შუამდგომლობის დასასაბუთებლად წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ მ. კ-ისა და ლ. კ-ის კუთვნილი ბინა №2 (199.92 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მის ნაკვეთთან ერთად დატვირთულია იპოთეკის უფლებით სს „...“ და გ. თ-ის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.10.2017წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დავის ნებისმიერი გადაწყვეტის პირობებში, მ. კ-ისა და ლ. კ-ისთვის მიკუთვნებული საცხოვრებელი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად იპოთეკის უფლებით დატვირთული იქნება სს „...“ და გ. თ-ის სასარგებლოდ. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სუბიექტთა საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩაბმის საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.10.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში იპოთეკის უფლების შესახებ არსებული ჩანაწერის თანახმად, იპოთეკის საგანია დღეის მდგომარეობით სადავო, მ. კ-ის და ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს იპოთეკის საგანზე და შესაბამისად, სს „...“ და გ. თ-ის კანონიერ ინტერესზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.07.2014წ. გადაწყვეტილება, რომლის შედეგად თბილისში, ... ქ. N35-ში მდებარე 199,2 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებად დაფიქსირდნენ მ. კ-ე და ლ. კ-ე, ხოლო 49,65 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და დამხმარე სათავსოების მესაკუთრეებად - მ. ქ-ე, გ. ქ-ე, ბ. ა-ი და ი. ა-ი. იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოცემულ საქმეში სადავო მ. კ-ისა და ლ. კ-ის კუთვნილი 199,92 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედების ხარისხის უშუალოდ იპოთეკარების კანონიერ ინტერესებზე შეფასების საჭიროებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე, რადგან იპოთეკა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზეა ვალდებულებითი უფლება, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ის სანივთო უფლებად, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივ საშუალებად განიხილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე, იპოთეკის უფლების ფარგლები პირის ნივთთან და არა მის მესაკუთრესთან დამოკიდებულებაში ვლინდება, არ არის სავალდებულო იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე წარმოადგენდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს, იპოთეკის უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლებას არ ქმნის დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა, რადგან სანივთო უფლება ნივთის თანამდევი უფლებაა და მესაკუთრის შეცვლის მიუხედავად განაგრძობს ნივთთან ერთად არსებობას. ამდენად, განსახილველი დავის ნებისმიერი შედეგით გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იპოთეკარის კანონიერ ინტერესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან სადავო საცხოვრებელი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად იპოთეკის უფლებით დატვირთული იქნება სს „...“ და გ. თ-ის სასარგებლოდ, განსახილველი დავის შედეგის მიუხედავად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება მოცემული სუბიექტების სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი, რადგან იპოთეკარები - სს „...“ და გ. თ-ი არ წარმოადგენენ სასკ-ის 16.2 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს, განსახილველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს იმ პირების უფლებაზე, რომელთა მესამე პირად ჩაბმასაც მოითხოვს კერძო საჩივრის ავტორი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.10.2017წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, სსკ-ის 394-ე, 401-ე, 412-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2017 წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ.როინიშვილი